საბუნებისმეტყველო ათი გასაოცარი მტაცებელი მცენარე 2014, 27 ნოემბერი, 17:19 მტაცებელი ცხოველების შესახებ ალბათ ყველა თქვენგანმა ყველაფერი იცის, ხოლო რაც შეეხება მტაცებელ მცენარეებს, ბევრისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი არსებობენ და ბუნებაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებულნი არიან. ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ დედამიწაზე გავრცელებული ყველაზე ცნობილი მწერიჭამია მტაცებელი მცენარეების ათეული. 1. სარაცენია (Sarracenia) სარაცენია ანუ ჩრდილოამერიკული მწერიჭამია მცენარე მიეკუთვნება შხამიანი მცენარეების ჯგუფს, რომელიც გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ რაიონებში, ტეხასის შტატში, დიდი ტბების რაიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადაში. ეს მცენარე თავის ფოთლებს იყენებს მწერების დასაჭერად. მცენარის ფოთლები ჰგავს ძაბრს, რომელსაც თითქოს კაპიუშონი აქვს წამოცმული იმისათვის, რომ ხვრელში არ მოხვდეს წვიმის წვეთები. მწერებს იზიდავს ყვავილის ფერი, სუნი და გამოყოფილი ნექტარი. ყვავილის სრიალა ზედაპირი და ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ნექტარი შეიცავს, მწერებს აბრუებს და ისინი ვარდებიან ყვავილის შუაგულში არსებულ ხვრელში, სადაც გადამუშავდებიან ფერმენტების ზემოქმედებით. 2. ნეპენტესი (Nepenthes) ნეპენტესი ტროპიკული შხამიანი მცენარეა, რომელსაც მწერების დასაჭერად დოქისმაგვარი ყვავილები აქვს. ეს მცენარე ფართოდაა გავრცელებული ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, მაგადასკარზე. მას მეორენაირად "მაიმუნის ფიალასაც" უწოდებენ, რადგან ხშირად უნახავთ, თუ როგორ სვამენ მაიმუნები ამ "დოქიდან" წყალს. მწერების სატყუარა ყვავილი შეიცავს სითხეს, რომელსაც აქვს წებოვანი სტრუქტურა. სწორედ მასში იხრჩობიან მწერები. ნეპენტესის ზოგიერთი ჯიშის ყვავილი იმხელა იზრდება, რომ შეუძლია თაგვის ან ვირთხის დაჭერაც კი. 3. მტაცებელი მცენარე გენლისეა (Genlisea) გენლისეას 21-მდე სახეობა არსებობს და ის იზრდება აფრიკის, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკის წყლიან და ჭაობიან ადგილებში. გენლისეა ბალახოვანი მცენარეა ყვითელი ყვავილებით, რომლებსაც აქვს კიბორჩხალისმაგვარი მარწუხები მწერების დასაჭერად. ამ ხაფანგში მოხვედრა იოლია, მისგან თავის დაღწევა კი შეძლებელია იქ არსებული მრავალრიცხოვანი ძაფებისა და აბლაბუდის არსებობის გამო. 4. კალიფორნიული დარგლინგტონია (Darlingtonia Californica) კალიფორნიული დაგლინგტონია-დალინგტონიების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ორეგონას შტატში და კალიფორნიაში იზრდება. ის ძირითადად ჭაობებში და წყლიან ადგილებში ხარობს და საკმაოდ იშვიათ მცენარეს წარმოადგენს. დარლინგტონიას ფოთლებს აქვს დაგრეხილი ფორმა და ისინი წარმოქმნიან ხვრელს, რომელიც დროდადრო ბუშტივით იბერება ხოლმე. მასში მწერის მოხვედრისთანავე ყვავილი იხურება და მწერი უკვე ვეღარ ახერხებს გარეთ გამოსვლას. ფოთლები მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა მწერი ბოლომდე გადამუშავდება. 5. უტრიკულარია (Utricularia) უტრიკულარიას 220-მდე სახეობა არსებობს. ის გვხვდება ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ეს მცენარე გამოიყენებს ბუშტისებრ სატყუარას. მცენარეების დიდ ნაწილს აქვს ძალიან პატარა ხაფანგი და შესაბამისად მხოლოდ მცირე ზომის მწერების დაჭერა შეუძლია. ბუშტები იმყოფება უარყოფითი წნევის გავლენის ქვეშ. ის მყისიერად იხსნება, შთანთქავს მწერს და მაშინათვე იხურება და ეს ხდება უსწრაფესად, წამის მეათასედი ნაწილის განმავლობაში. 6. ცხიმოვანა (Pinguicula) ცხიმოვანა მიეკუთვნება იმ მცენარების რიგს, რომლებიც გამოიყენებენ წებოვან, სრიალაზედაპირიან ფოთლები იმისათვის, რათა მიიზიდონ და გადამუშაონ მწერები. ამ მცენარის 40-მდე სახეობაა გავრცელებული და ისინი ხარობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. 7. დროზერა (Drosera) დროზერა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებელი მცენარეა. მისი 200-მდე სხვადასხვა სახეობა არსებობს. ის ყველა კონტინენტზე ხარობს. დროზერა მწერებს იჭერს წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსების საშუალებით. როცა მწერი ერთ რომელიმე ასეთ ნემსს ეხება, მაშინათვე იწყებს მოძრაობას დროზერას სხვა ნემსებიც, რათა მსხვერპლი ხაფანგში მოაქციონ. მწერების გადამუშავების შედეგად მიღებული მასით კი ხდება მცენარის გამოკვება და ზრდა. 8. ბიბლისი (Byblis) ბიბლისი ანუ ცისარტყელასებრი მცენარე ავტრალიაში გავრცელებული მწერიჭამია მცენარეების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება. სახელწოდება მცენარემ მიიღო მისი მიერ გამოყოფილი ლორწოს შეფერილობის გამო, რომელიც მზის სხივებზე ცისარტყელასავით მოჩანს. ფოთლების ბოლოები მუდამ დაფარულია წებოვანი გამონაყოფით, რომლის სუნი თავისკენ იზიდავს მწერებს და ახრჩობს კიდეც. 9. ბუშტისებური ალდროვანდა (Aldrovanda vesiculosa) ბუშტისებური ალდროვანდა-ეს ულამაზესი უფესვო ჭაობის მწერიჭამია მცენარეა. ის როგორც წესი, იკვებება წყლის უმარტივესი ხერხემლიანებით, იჭერს რა მათ სატყუარა ხაფანგით. მცენარეს, როგორც ავღნიშნეთ, არა აქვს ფესვი, ის თავისუფლად ტივტივებს წყალზე, დაეძებს რა თავის მსხვერპლს. სატყუარა შედგება ყვავილის ორი ნახევრისაგან, რომელიც მასში მწერის მოხვედრისთანავე ხაფანგივით იხურება. დახურვის სისწრაფეა ერთი მემილიონედი წამი, რაც ითვლება ყველაზე სწრაფ მოძრაობად ცოცხალ ბუნებაში. 10. ბუზებისჭამია ვენერინა (Dionaea Muscipula) ბუზებისჭამია ვენერინა ყველაზე ცნობილი მწერიჭამია შხამიანი მცენარეა. ის ძირითადად ბუზებითა და ობობებით იკვებება. ეს არის პატარა ზომის მცენარე, რომელსაც სულ 7-8 ფოთოლი გააჩნია. მცენარის ფოთოლი გაყოფილია ორ ნაწილად და ბოლოვდება წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსებით. ფოთლის ეს ნაწილები ახორციელებენ სწრაფ მოძრაობას, როცა მათ მწერი ან ბუზი შეეხება. ისინი იხურებიან 0, 1 წამის განმავლობაში და თავის შიგნით წარმოქმნიან მცენარის ეგრეთწოდებულ "კუჭს", სადაც ხდება მწერის გადამუშავება. გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს, სადაც ასახულია ამ მცენარის მიერ მუხლუხოს დაჭერის მომენტი. 3559 13-ს მოსწონს
|