ნამცხვრები "ბაუნტი" - ტორტი, რომელმაც ბოლო დროს ინტერნეტი დაიპყრო 2014, 21 ნოემბერი, 0:38 ამ სახელწოდებით ბევრნაირი ტორტი არსებობს, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ რეცეპტს, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი ინტერესით სარგებლობს ინტერნეტმომხმარებლებს შორის. მაშ ასე, ტორტ "ბაუნტის" მოსამზადებლად დაგვჭირდება: ცომისთვის: 150 გ. დარბილებული კარაქი 1 კვერცხის გული 100 გ. შაქარი 5 გრამი გამაფხვიერებელი 30 გ. კაკაო 200 გ. ფქვილი შიგთავსისთვის: 6 კვერცხის ცილა 200 გ. შაქარი 200 გ. ქოქოსის ფანტელი კრემისთვის: 5 კვერცხის გული 250 გ. შაქარი 1 ლ. რძე 200 გ. კარაქი 100 გ. ფქვილი 30 გ. კონიაკი ვანილი შოკოლადის ჭიქურისთვის: 100 გ. შავი შოკოლადი 25გ. კარაქი ღრმა ჭურჭელში აურიეთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. გამოსაცხობ ყალიბში ჩააფინეთ პერგამენტი და გაშალეთ მასზე ცომის 2/3. დარჩენილი ცომი შედეთ საყინულეში. შიგთავსის მოსამზადებლად ცილებისა და შაქრისგან გააკეთეთ ბეზე. დაამატეთ ქოქოსის ფანტელი და ფრთხილად აურიეთ ხის კოვზით. შიგთავსი გადაიტანეთ ყალიბში ჩაფენილ ცომზე საყინულიდან გამოიღეთ ცომი და დაახეხეთ შიგთავსს ზემოდან. შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათით. როცა ფენები გამოცხვება, გამოიღეთ და გააგრილეთ. კრემის მოსამზადებლად აურიეთ კვერცხის გულები, შაქარი და ვანილი, დაამატეთ მეოთხედი ჭიქა რძე და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და ისევ კარგად აურიეთ. მიღებულ მასაში ჩაასხით კიდევ 50 მლ ცივი რძე. დარჩენილი რძე მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაასხით წვრილ ნაკადად კვერცხიან მასაში. მიღებული მასა ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, ხშირად ამოურიეთ. მოხარშული კრემი გადმოდგით, შეურიეთ 30 გ. კარაქი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. გაგრილების პროცესში რამდენჯერმე ამოურიეთ, რათა კრემმა აპკი არ გაიკეთოს. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით გათეთრებამდე, თანდათან შეათქვიფეთ მოხარშული კრემი, ბოლოს კი - კონიაკი. კრემი წაუსვით მთელ ტორტს. შოკოლადის ჭიქურის მოსამზადებლად გაალღვეთ შავი შოკოლადი ორთქლზე, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. მიღებული ჭიქური გადაასხით ტორტს. ტორტი ერთი ღამით გააჩერეთ მაცივარში, მეორე დღეს კი გემრიელად მიირთვით! 16384 6-ს მოსწონს
|