საბუნებისმეტყველო კაზუარი - ყველაზე საშიში ფრინველი დედამიწაზე 2014, 4 ნოემბერი, 14:08 კაზუარი-ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა ჯგუფის ფრინველებიდან, რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ. ეს ფრინველები ბინადრობენ ახალი გვინეის და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში. ფრინველის დასახელება წარმოდგება ინდონეზიური ენიდან, აქვს პაპუასური ფესვები და სიტყვასიტყვით ნიშნავს "რქებიან თავს".
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრინველი ძალიან ჰგავს ინდაურს და გარეგნული შეახედაობით სულაც არაა შიშისმომგვრელი, ფაქტია, რომ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრინველი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე საშიში ფრინველი მთელ დედამიწაზე. ფრინველებს შორის კაზუარებს სიდიდის მიხედვით მეორე ადგილი უჭირავთ მსოფლიოში სირაქლემების შემდეგ. მას ძალიან ბასრი ბრჭყალები და ნისკარტი აქვს, რაც ზოგადად იშვიათი არაა ფრინველებში, მაგრამ მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ძლიერი გაღიზიანებადობა და აგრესიულობა. კაზუარი ფაქტიურად გაუწონასწორებელი ფრინველია და მისი რეაქცია მოულოდნელია, რადგან ის სრულიად უმიზეზოდ ესხმის ხოლმე თავს ადამიანს, ხოლო ორი მეტრი სიმაღლის და 80-85 კილოგრამი წონის ბასრი ბრჭყალებით შეიარაღებული მრისხანე ფრინველის თავდასხმა ხშირად ადამიანისათვის სავალალოდ მთავრდება. კაზუარის სამთითა ფეხის შუა თითზე ბრჭყალის სიგრძე 120 მილიმეტრს აღწევს, რაც თავისთავად ამაზრზენი და შიშისმომგვრელია. ფრინველს შეუძლია განავითაროს 50 კმ/სთ სიჩქარე და ახტეს ერთნახევარ მეტრ სიმაღლეზე, ამასთანავე კაზუარი წყალშიც შესანიშნავად ცურავს, ასე რომ ადამიანზე თავდასხმის შემთხვევაში ამ უკანასკნელის გადარჩენის შანსები ძალიან მცირეა. ასეთი აგრესიული ხასიათის გამო ამ ფრინველის შენახვა ზოოპარკებში ძალიან რთულია. ამბობენ, რომ კაზუარის დასაჭერად მას ჯერ უნდა ესროლონ ტრანკვილიზატორიანი ნემსი, შემდეგ კი გაბრუებული ფრინველის ხელში ჩასაგდებად სამი ჯანღონით სავსე მამაკაცია საჭირო. ავსტრალიაში ჩასულ ტურისტებს გიდები ურჩევენ თავი შორს დაიჭირონ იმ ადგილებიდან, სადაც ეს მრისხანე და საშიში ფრინველები ბინადრობენ. 1328 12-ს მოსწონს
|