ზღვისპირა კურორტის საოჯახო სასტუმრო, პატარა ეზოთი. შუაში დგას ბამბუკის ფაცხა, მაგიდითა და ორი მოგრძო სკამით. ფაცხის ირგვლივ ოთახებია ეზოში გამავალი კარებებით. ეზოს შუაში შედარებით დიდი ოთახია წარწერით - სამზარეულო. სცენის მარცხენა კულისიდან ისმის დევიკოს ხმა:
დევიკო - თავისუფალი ხარ.
შემოდიან ნინო და დევიკო, რომელიც დიდ ჩემოდანს მოაგორებს.
დევიკო - (ნინოს) დაურეკე ჩვენ დიასახლისს მოგვხედოს
ნინო - (რეკავს) ალო, დონარა ბრძანდებით? ჩამოვედით, (პატარა პაუზა)
კარგით გელოდებით... მეორე ეზოშია, მოვალ ეხლავეო. (მალევე იღება სამზარეულოს კარი. გამოდის 35 წლამდე ახალგაზრდა ქალი, ენერგიული სიარულით)
დონარა - (მხიარული, სასიამოვნოდ სასმენი კუთხური კილოთი) გამარჯობათ!
დონარა, სასტუმროს დიასახლისი. თქვენ დაჯავშნული გქონდათ, ხომ?
ნინო - 10 დღით ორადგილიანი
დონარა - (უფრო გამხიარულდა) დილიდან გელოდებოდით. (გაიხედება კულისებისკენ, სადაც პირობითად ქუჩაა) მანქანით არ ხართ?
ნინო - არა, მიკროავტობუსით ჩამოვედით.
დონარა - ნონამ ვინც გამაცნო, ყველანი მანქანით იყვნენ, მეგონა თქვენც
გეყოლებოდათ. (გულდაწყვეტილი ტონით) სადგურამდე აქ ჩაიარეთ
სახლის წინ. ცოტა ადრე რომ დაგერეკათ, დაგხვდებოდით გზაზე და
აღარ იწვალებდით. (თან მიდის კუთხის ოთახთან. სცენაზე მარჯვნივ)
ნინო - ეგ არაფერი, პირიქით გვესიამოვნა ზღვისპირას მანქანით გასეირნება
დონარა - არაფერი შეცვლილა, ორადგილიანი როგორც გინდოდათ, ორჯერადი
კვება, ორ დღეში ერთხელ თეთრეული. წელს ბევრი ხალხია და ცივი
საზამთრო დავამატეთ შუადღით. (შეხედავს ნინოს) პასპორტები თუ
შეიძლება და...
ნინო - ინებეთ (აძლევს პასპორტებს და ფულს)
დონარა - (დგას ღია კარებში) ოთახში ყველაფერი ახალია, საპირფარეშოშიც.
პასპორტებს ახლავე დაგიბრუნდებით (შედის სამზარეულოში, დევიკო და ნინო კი თავიანთ ოთახში)
დევიკო - (ჩამოჯდება საწოლზე, შეეცდება გააქანაოს) საკმაოდ რბილია თან
რაც ძალიან სასიამოვნოა არ ხმაურობს.
ნინო - (ირონიით) გაგიმართლა, ვერავაინ ვერ გაიგებს რა შეგიძლია (იცინის)
დევიკო - (აყვება ირონიაში) აი, მე თუ შენ ეს დამცირება გაპატიო.
ეხლა მიყურე (იწყებს გახდას)
ნინო - რამ გადაგრია ბიჭო, ვიხუმრე. (დევიკო აგრძელებს გახდას) გაგიჟდი
ქალია მოსასვლელი.
დევიკო - არ გაუღოთ, ვითომ დავიძინეთ
ნინო - (გაბუტული ხმით) გაჩერდი, თორემ ეზოში გავალ და იქ ვიცხოვრებ,
საერთოდ არ შემოვალ.
დევიკო - რაო, გეშინია ხომ გრიგალის?! (ხელის კუნთებს ჭიმავს)
დონარა - (შედის ოთახში, მაგიდაზე დებს ხაჭაპურს და წვენს. უბრუნებს
პასპორტებს) ზღვის ჰაერმა მოშიება იცის, მიირთვით. თუ რამე
დაგჭირდებათ სამზარეულოში ან, ასეთივე ეზო გვაქვს უკან, იქ
ვიქნები.
ნინო - (დახედავს ხაჭაპურს) ბევრი - ბევრი მადლობები, ყველაფერი რიგზეა
დონარა გადის
დევიკო -კარგი დიასახლის ბევრს ნიშნავს.
ნინო - მეც კარგ ხასიათზე დამაყენა.
დონარა არმისული სამზარეულომდე ტრიალდება და ბრუნდება უკან.
დონარა - (შედის) სულ დამავიწყდა, ჩვენ ახალი წესი გვაქვს. პირველ ღამეს, ასე ვთქვათ გპატიჟებთ. სასტუმრო დღეების ათვლას დილიდან
დავიწყებთ (გადის)
დევიკო - რომ წამოვწვეთ ადგომა დაგვეზარება.
ნინო - ზღვაზე გინდა? ფეხზე გამოვიცვალოთ და წავიდეთ. (იწყებს ჩემოდნის
ამოლაგებას. ამოიღებს ცელოფნის პარკს გახსნის, ერთ წყვილს
დევიკოს აწვდის, ერთს თავისთან დააწყობს)
დონარა - (აღებს კარებს და შედის შინაურულად) აი, საზამთროც მიირთვით,
ყველას მოგვეწონა. თეფშები, თაროა კარებთან, იქ დააწყვეთ.
(გადის ენერგიული ნაბიჯებით სამზარეულოს მიმართულებით)
დევიკო - ან მაგარი დარხეული გვაქვს ან ამ ქალსა აქვს ხარვეზები ქცევაში.
ნინო - (ჩემოდნის ამოლაგებით გართული) რას ამბობ?
დევიკო - დავიჯერო, ისეთ ბებრუხანებს ვგავართ, დაკაკუნებას არ თვლის საჭიროდ?
ნინო - ზრდილობა ბებრუხანებთან უფრო გმართებს.გახარებულია ბიზნესი, რომ აეწყო. ბევრი ხალხიაო. შეხედე დაფრინავს, როგორც ხდება ფრენის დროს, ვეღარ ფიქრობს წვრილმანებზე. კიდევ კარგი საკეტი აქვს შიგნიდან, უცაბედად თავზე ვეღარ წამოგვადგება (დევიკოს გაეპრანჭება და ორაზროვნად ეუბნება) როცა გვეძინება.
დევიკო - (გააგრძელებს ნინოს ორაზროვან საუბარს მხატვრულად და გამო -
თქმით) დაიძინებდა კაცი! (ხელს მიიდებს პირზე, ვითომ ამთქნარებს)
ნინო - ჯერ ზღვაზე ჩავიდეთ, არსად გაგექცევი
დევიკო - ზღვა გაიქცევა?
ნინო - გეხვეწები გავისეირნოთ, მომთენთა მგზავრობამ. (დევიკო უხმოდ გამოდის ეზოში, ნინო მიდის სამზარეულოსთან) ქალბატონო დონარა?!
დონარა - (მაშინათვე გამოდის) არავითარი ქალბატონო, შინაურულად
დო - ნა - რა, ეს ხომ ოჯახური სასტუმროა.
ნინო - კაი გენაცვალე. რომელ მხარესაა უკეთესი პლაჟები, რას გვირჩევთ?
დონარა - მეგონა მოისვენებდით ნამგზავრები.
დევიკო - (ხმამაღლა, დონარას გასაგონად) ვინ გაცალა?
დონარა - (მობოდიშების ტონით) მე შეგაწუხეთ, ხო?
ნინო - (ღიმილით) არა გენაცვალე, ხუმრობს.
დონარა - (გახალისდება) ხუმრობა ძალიან მიყვარს. პლაჟები ყველგან
ერთნაირად კარგია. Gგარეთ გახვალთ ქუჩის მეორე მხარეს,
ორღობეა, 2 ნაბიჯს გაივლით და ზღვაა. (შედის სამზარეულოში)
დევიკო - ამ ქალს მგონი გაორება ჭირს.
ნინო - არ გრცხვენია (ღადავით) კაცმა რომ გკითხოს ტფილისელი ბიჭი ვარო.
დევიკო - (როგორც ყოველთვის აყვება ღადაობაში) აბა დააკვირდი ექიმო,
უკაცრავად დოქტორო ვატსონ, ორი მხრიდან მზე, ორჯერადი კვება,
ორ დღეში ერთხელ თეთრეული, ორადგილიანი ნომერი, ორღობე და
სასტუმროც ორი ეზოთი.
ნინო - (გაიცინებს) ლოგიკური აზროვნების გენია, ჩემი შერლოკი
(უკეთებს ხელკავს, გადიან სცენიდან, ქრება სინათლე)
ახალი ეპიზოდი. დილაა, ნინო ლოგინს ალაგებს, გარედან შემოდის ბავშვების თამაშის ხმა
დევიკო - (დგას ფანჯარასთან და იყურება) მესამე დღეა ეს მაიმუნები
გვაღვიძებენ (ჩამოჯდება მაგიდასთან) თუ დედაჩემს დავუჯერებთ
პატარა მეც საყარელი ვყოფილვარ.
ნინო - შენ ეხლაც საყვარელი ბავშვი ხარ
დევიკო - (ისევ მივა ფანჯარასთან) მოდი გოგო ნახე რეებს აკეთებენ
ნინო - (სერიოზული აღელვებული ხმით) თუ გინდა ვიშვილოთ ბავშვი, დედ -
მამას რომ დაგვიძახებს აუცილებლად შეგვიყვარდება.
დევიკო - (ნინოს მღელვარება გადააედება და ღრმად ჩაისუნთქავს) ბევრჯერ
მიფიქრია და ყოველთვის ერთი და იგივე დასკვნამდე მივდივარ.
სხვისი ბავშვის გაზრდა დიდი პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც სამწუხაროდ მზად არ ვარ. (პაუზა) ისე, თუ გინდა ვუპატრონოთ რომელიმე ბავშვს ინტერნატში. შაბათ - კვირას ვინახულოთ საჩუქრებით ინტერნატიდან წამოსვლის დრო, რომ მოუწევს, ჩვენთან ახლოს ბინა ვუქირაოთ, ყურადღება არ მოვაკლოთ. ოღონდ ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს - ჩვენ მშობლები არა ვართ და ვერც შევცვლით. მოვუძებნოთ მშობლები. თუ ვიპოვნით დავეხმაროთ შერიგებაში. ჩემი აზრით, როგორი დიდი შეცდომაც არ უნდა ქონდეს ჩადენილი, ყველა შემთხვევაში მშობელი მაინც მშობელია.
ნინო - (ხმადაბლა) მოდი მომეფერე!
დევიკო - (ხუმრობით) ვიცოდი ასეთ მიზეზს ხელიდან არ გაუშვებდი, შემდეგში გაითვალისწინე: მე აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული. (ორივე გაიცინებს)
ნინო - ჩემი მიზეზი ყოველთვის შენ ხარ (ცოტა მოწყენილი) ბავშვზე ნათქვამმა კინაღამ ამატირა.
დევიკო - (ხუმრობს) ეგეთ სიუჟეტზე, ლათინურ ამერიკაში 307 სერიან კინოს
გადაიღებდნენ, თან აღმოჩნდებოდა, ბავშვი რომელსაც უშვილო
ცოლ - ქმარი პატრონობს მათი ღვიძლი შვილია. როგორ? ამაზე კიდევ
დამატებით 402 სერიას გადაიღებდნენ.
ნინო - (გაბუტული ტუჩებით) მაკოცე რა?!
დევიკო - მადა თუ არ გაგეხსნება გაკოცებ!
ნინო - (მხიარული ტონით) შენზე რა მადა უნდა გამეხსნას შე ბებერო, ჩაიხედე სარკეში.
დევიკო - (ვითომ გაბრაზებული) მე ბებერო, რომ არ დაგენახა.
დონარა - (გამოდის სამზარეულოდან და ხმამაღლა იძახის) ძვირფასო
სტუმრებო! საუზმე მზადაა, ვისაც ახლა გინდათ გააღეთ
კარები და მოგართმევთ.
ნინო - საუზმეც მოსულა. Gგააღე კარები.
დევიკო - (აღებს კარებს) უ, შე კუჭის მონა (ნინო იცინის, რეკავს ტელეფონი)
ნინო - ეკუსი აქამდე როგორ არ დარეკე, არ გრცხვენია (უცებ ტონს იცვლის)
უკაცრავად, მეგობრის ზარს ველოდებოდი. Gგისმენთ (სახეზე უკმაყოფილება შეეტყობა, დევიკოც შეატყობს და ხელით ეკითხება. რა ხდებაო. ნინოც ხელის აწევით უპასუხებს, მაცადეო) ბოლო ანალიზმა რა აჩვენა (პაუზა) თუ გაუარესება დაეწყო, მოგიწევთ ოპერაციის გაკეთება. (პაუზა) დიახ, რა მისამართიც ჩაგაწერინეთ იქ ვართ. (პაუზა) ველოდები (ჩამოჯდება დამნაშავესავით).
დევიკო - (ცდილობს ხასიათი გამოუკეთოს მხიარული ტონით) ბანაობა
მოვასწარით, გარუჯვაც (იწყებს გამოცვლას)
ნინო - რას აკეთებ?
დევიკო - (შეხედავს გაკვირვებული) ვიცვლი
ნინო - (გაუბედავად თხოვნით) უარს ვერ მეტყვი შენ რჩები.
დევიკო - (ცოტა გაბრაზებული ტონით) შენ გკითხავ, დავრჩები თუ წამოვალ.
ნინო - (ცოტაც და ატირდება) გეხვეწები, ძალიან Gგთხოვ.
დევიკო - სულ რომ არაფერი, ესე სად გაგიშვა?
ნინო - ერთი წუთით, შეიძლება მომისმინო?
დევიკო - (ხელის აწევით) მოვრჩით, ჯობია ჩაალაგო!
ნინო - (მიდის ხელებს ადებს ხელებზე, გამოცვლით გართული დევიკო
ჩერდება) კარგად მიცნობ, ეხლა რომ წამოხვიდე, ვერასდროს ვაპატიებ
ჩემ თავს.
დევიკო - აზრზე ხარ რას მეუბნები?
ნინო - (სერიოზული ტონით) ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა
მიზეზით ვერ დარჩები. ვერასდროს შევძლებ ჩემს თავთან გამართლებას, იცი არ ვიტყუები. ეხლა როგორც გინდა! ისე მოიქეცი.
დევიკო - (ჩაფიქრებული ჩამოჯდება. მოწყენილი ტონით) რა გავაკეთო მარტომ?
ნინო - (უცებ გამოცოცხლდება, გახარებული ტონით) ძალიან მალე ჩამოვალ
დევიკო - კაი რა!
ნინო - (აჩვენებს გაშლილი თითებით) 5 დღეში თუ არ ჩამოვედი, წამოდი!
დევიკო - დამცინი (ნინო უარის ნიშნად თავს გააქნევს) 5 დღეში ისედაც
თბილისში უნდა ვყოფილიყავით.
ნინო - (მხიარული ტონით) შვიდ და არა ხუთDდღეში.
დევიკო - (ჩაიქნევს ხელს ხუმრობის ტონით) ძალიან დიდი განსხვავებაა 2 დღე (ეცინება) -ეს ჯადოსნური ორიანი ვერ მოვიცილეთ! (პაუზა) მალე უნდა მოვიდნენ?
ნინო - (ხუმრობით) ამას უყურე რა, შენ ის ბიჭი არა ხარ, წუთის უკან ცხარე
ცრემლით რომ მატირე. ეხლა ჩქარობ, მომიშორო?
დევიკო - თქვი თორემ გავბრაზდი.
ნინო - ქუთაისიდან წამოვიდნენ მანქანით, ავადმყოფის ძმები. რომ ჩამოვლენ
დამირეკავენ.
დევიკო - (თხოვნით) მოდი რა წამოვალ?
ნინო - არავითარი დეჟავუ (რეკავენ. ნინო პასუხობს) დიახ (პაუზა) დიახ
ჭავჭავაძის 47. სასტუმროს წინ გელოდებით ქუჩაზე (შეხედავს დევიკოს,
ცდილობს გაამხიარულოს) კაციც შენა ხარ.
დევიკო - (აწყვეტინებს) არ მოგბეზრდათ ამ ჰემოფროდიტზე ხუმრობა?
ნინო - დონარას მოუბოდიშე ჩემი სახელით. მალე ჩამოვა და აღარ
დაგემშვიდობა - თქო.
დევიკო - დონარას ატყუებ თუ მე? (ნინო პასუხს არ გასცემს. უკეთებს ხელკავს გამოდიან ეზოში, მიდიან კულისებისკენ. სადაც პირობითად გზაა)
ხმა კულისებიდან - ნინო ექიმი ბრძანდებით?
ნინო - არ გადმოხვიდეთ, ჯობია ვიჩქაროთ.
ხმა - წინ დაბრძანდით.
ნინო - მადლობთ, უკან მირჩევნია (შეხედავს დევიკოს) არ მოიწყინო, მეწყინება.
დევიკო - თუ მოვიწყენ, დავთვრები და გამივლის.
ხმა - დალევა გიყვართ? ჩვენებური ყოფილხართ, ერთი წუთით, გამიღე ბიჭო
საბარგული (პაუზა) აი ეს, თქვენ.
დევიკო - არა, ბატონო, მაგას რა დალევს.
ხმა - ჩემი დაწურულია, ნატურია.
დევიკო - (უარობს) გამორიცხულია ჩადეთ უკან, არ დადოთ, არა ვსვავ, ეეე...
ხმა - არ გაწყენს ნატურია, ნატური.
დევიკო - ეს მინდოდა ეხლა (გადის კულისებში, სადაც მდებარეობს პირობითად გზა.შემოდის ღვინის ბოცით, დებს ფაცხის მაგიდაზე. სამზარეულოდან გამოდის დონარა. დანახავს ბოცას, შეხედავს დევიკოს)
ნინოს სასწრაფოდ მოუწია წასვლა, ვერც კი დაგემშვიდობათ.
დონარა - (შეწუხებული) რა მოხდა?
დევიკო - აქ არაფერი. თბილისში დაჭირდათ საავადმყოფოში. ეს (ბოცას ადებს ხელს) რომ არ მოვიწყინო, დამიტოვეს. ვის მირჩევ, ვინ დავპატიჟო. N ნატური ღვინოა ყველას არ დაელევინება.
დონარა - (გასძახებს სამზარეულოსკენ) გიგა ბიძია, დალევ კაი ღვინოს?
გიგა - ღვინო ყველა კარგია, ბიძიკო (გამოდის სამზარეულოდან)
დონარა - ეს ნატურია. (შეხედავს დევიკოს)
დევიკო - ჭეშმარიტად.
დონარა - შემოდით (შედის სამზარეულოში)
დევიკო - ჰაერზე ჯობია.
დონარა - ჩამოცხება.
დევიკო - კაი ღვინო სიცხეშიც ისმევა.
დონარა - (ჯიუტად) ძალიან ჩამოცხება.
დევიკო - (გაუღიმებს) გინდა სამზარეულოში დავლიოთ, აქ არა
დონარა - (მხიარულად თანხმობის ნიშნად თავს უქნევს). მართალი ბრძანდებით.
დევიკო - კაი ბატონო(იღებს ბოცას, მიდის სამზარეულოსკენ) კარგი ღვინო,
სამზარეულოშიც დაილევა. ხომ გიგა ბიძია?
გიგა - ჭეშმარიტად. (დონარა იწყებს სუფრის გაშლას) სადაური კაცი ხარ?
დევიკო – თბილისელი
გიგა - რომელი უბნელი
დონარა - საიდან იცი უბნებით
დევიკო - დიდუბელი
გიგა - (დინჯი ტონით) დიდუბე ვიცი, მეტრო და ავტოსადგურია მანდ.
დევიკო - (ღიმილით) მეტრო დიდუბეს, დიდუბე რატომ დაარქვეს, დღემდე ვერ გაურკვევიათ ქალაქში.
გიგა - აბა რა ადგილას არის
დევიკო - დიდუბის ეკლესია გეცოდინებათ
გიგა - კი, ვაგზალთან ახლოს ხომ?
დევიკო - (თავს დაუქნევს) ეკლესიის ირგვლის არის დიდუბე
დონარა - ვაგზალთან ცხოვრობთ? (არ ელოდება პასუხს) ჩემი დეიდაშვილიც მანდ ცხოვრობს, კონსტიტუციაზე.
დევიკო - ვაგზალთან კია ახლოს, მაგრამ ოქროს უბანს ეკუთვნის.
დონარა - უბანს რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ქალაქია?
დევიკო - არა, არა. ქალაქი ერთია. როგორ გითხრა (ჩაფიქრდება)
გიგა - (დონარას) სადაა ძაბრი ან შლანგი, ღვინო ჩამოვასხა
დონარა - მაცალე ერთი წამი, კაცი მელაპარაკება
გიგა - ვიცი შენი ერთი წამი (აგრძელებს ძებნას)
დევიკო - წარმოიდგინე თბილისი, რამოდენიმე დიდი სახლია. თითო სახლი, რომ თითო უბანი იყოს.
დონარა - მიახლოებით ვხვდები რასაც იძახით.
დევიკო - ყველა სახლი ერთნაირად მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია (პატარა პაუზა) მაგრამ დიდუბეში, ჩემ ეზოში ჩემ სახლში ვარ. (ხელს იდებს მკერდზე)
დონარა - (მხიარულად) მგონი გავიგე
დევიკო - რამდენად სწორად ავხსენი რა ვიცი, კარგ მთქმელზე პრეტენზია არ მაქვს.
გიგა - შენ კარგად იყავი, არც დონარაა კარგი გამგონი.
დონარა - (ოდნავ გაბუტული ტონით) ვითომ რატომ? (დევიკო გაიცინებს)
გიგა - სიცილზე გეტყობა, კარგი კაცი ხარ.
დევიკო - სიცილზე როგორ?
გიგა - ძველებისგან გამიგია, დიდი, პატარასავით რომ გაიცინებს, კარგი ადამიანიაო.
დევიკო - ეგ არ ვიცოდი.
გიგა - სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგია (ამ საუბარში გიგამ ღვინო ჩამოასხა. ჯდებიან დასალევად).
დევიკო - მშვიდობისა იყოს. (მიაჭახუნებენ დალევენ. დევიკო შეავსებს კუჭზე
იდებს ხელს) ბოდიში ეხლავე მოვალ (გამოდის, შედის თავის ნომრის
ტუალეტში. ისმის ხველება ბრუნდება იღებს ჭიქას) ჩვენ სტუმართმო -
ყვარე დიასახლისს, ჩვენ დონარას გაუმარჯოს!
გიგა - გაგიმარჯოს შვილო, ღმერთმა დღეგრძელობა და ბარაქა არ მოგაკლოს!
(დონარა საქმით გართული ტრიალდება, მადლობის ნიშნად თავს უკრავს).
დევიკო - (ისევ კუჭზე მიიდებს ხელს) ბოდიში ერთხელაც (ისევ შედის
ტუალეტში და კვლავ ისმის ხველების და ფურთხების ხმა. ბრუნდება
მაგიდასთან. გიგა არ ზის. ცოტა ხანში სამზარეულოს ტუალეტიდან
გამოდის, შეწუხებული სახით) გაწყინა? (გიგა თავის დაკვრით
ეთანხმება)
გიგა - (მობოდიშებით) მეტს ვერ დავლევ.
დევიკო - ვიცი ვინც დალევს (იღებს დარჩენილ ღვინოს, შედის ტუალეტში
აქცევს. გამოდის, ცარიელ ბოცას დონარას აძლევს) გამოგადგება
მეურნეობაში.
დონარა - (გაკვირვებული) გადააქციე (დანანებით) რატომ?
დევიკო - დასალევად არ ვარგოდა და გადასაქცევად მაინც და მაინც კუჭით უნდა გვეტარებინა.
გიგა - სხვა დროს ვიქეიფებთ.
დევიკო - დამელოდეთ, ეხლავე მოვიყვან სხვა დროს.
გიგა - არაა საჭირო, ნატურიაო, რომ თქვი, იმან მომანდომა.
დევიკო - (გამოდის სამზარეულოდან) ცოტა მოთმინება
(გადის ეზოდან)
გიგა - (ჯიბიდან იღებს ფულს და დონარას აძლევს) კარგი კონიაკი მოიტანე
ქალაქელია ეყვარება (დონარაც გადის ეზოდან. ერთ - ერთი ნომრიდან
გამოდის, ორი ლამაზი გოგო, ჯდებიან ფაცხაში. დევიკო და დონარა
ერთად შემოდიან. დონარას დანახვაზე გოგო წამოდგება).
ქეთა - რაიმე სამაგიდო თამაში ხომ არა გაქვთ?
დონარა - (ცოტა დაბნეული) სამაგიდო რა?
დევიკო - დომინო, შახმატი, ნარდი.
დონარა - (ხალისიანად) სუყველაფერი გვაქვს.
ქეთა - მაშინ ნარდი თუ შეიძლება.
დონარა - ეხლავე მოგართმევთ. (შედის სამზარეულოში).
ქეთა - თვითონ წამოვიღებ (ართმევენ ნარდს შედიან თავიანთ ოთახში).
დონარა - (გიგას უბრუნებს ფულს) არაფრით არ მაყიდინა.
დევიკო - რაც გვჭირდება მოვიტანე.
(შუქი ქრება. ახალი ეპიზოდი)
სამზარეულო ბნელდება, მოქმედება გრძელდება ფაცხაში.
ლიკა - მაგარი ეგოისტი ხარ (თხოვნით) წამოვალ რა მეც?
ქეთა - კაი რა, ბიჭმა მითხრა მოტოციკლით მოგაკითხავო. ორი როგორ
წაგვიყვანოს?
ლიკა - რა, ვერ დავეტევით?
ქეთა - დაგვცინებენ. სამნი მოტოციკლეტზე რა, ომი დაიწყო და
გავრბივართ?
ლიკა - ვინც მოიგებს იმან იკატაოს, მოსულა?(ქეთას ეცინება) რა გაცინებს?
ქეთა - (სიცილით) ბექას რა უთხრა - შენი თავი ნარდში წავაგე და ლიკა
აკატავე - თქო?
ლიკა - კაი ხო, (უყურებს ნარდს) მატყუებ!
ქეთა - ეს ჩარია, ეს დუ. რას გატყუებ?
ლიკა - აააა, სეს კარიდან წაიღე.
ქეთა - (დახედავს ტელეფონს) სააათზე მეტია ვთამაშობთ, ბიჭი იგვიანებს!
ლიკა - როცა აგებ, დრო მალე გადის.
ქეთა - (ნიშნის მოგებით) ბექა მაინც ჩემია.
ლიკა - (აზარტში შესული აგორებს) ბექა მინდა ეხლა მე?
(დევიკო გამოდის სამზარეულოდან, მძიმე სიარულზე შეატყობ, რომ მთვრალია
მიდის ფაცხაში).
დევიკო - რატომ ესე იაგანივით? (გოგოები ახედავენ)
ქეთა - (ნაძალადევი თავაზიანი ტონით) დუ იაქეს ჯობია.
დევიკო - (გაეცინება) ტოლი ნახე კოჭი გააგორეო, ვინმეს ჩემი (სენტიმენტალური ტონით) უსაყვარლესი თამაშის ტერმინით ეთქვას, არ გამიგია. თავს უფლებას მივცემ გაგეცნოთ (გოგოები წამიერად გაჩერდებიან, შეხედავენ) პროფესიონალ მონარდეთა წრეში, ფსევდონიმ მეხის მფლობელი, თქვენთვის უბრალოდ დევიკო (თავს დაუკრავს. წაბორძიკდება).
ლიკა - ბედი არ გინდა, მარტო მე მაქვს შანსი, მზიან ამინდში მეხი დამეცეს.
(სამივენი იცინიან)