ქალი და მამაკაცი ოჯახური ტრაგედიები - განშორების ფენომენი საქართველოში 2014, 8 ოქტომბერი, 2:08 ორი მარტოობა ერთჭერქვეშ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მრავალი განქორწინებული წყვილისათვის საბინაო საკითხი ყველაზე მწვავე და აქილევსის ქუსლივით ძნელად დასათმობი თემაა. ბინის ხელში ჩაგდების გამო მრავალი ადამიანი მზაკვრობაზე, შანტაჟზე და ათასგვარ სულმდაბლობაზე მიდის... ამბავი პირველი - სამზარეულო განრიგით – დაიმახსოვრე, შენი აქ არაფერია! უკვე მერამდენედ, ესმოდა ქმრისგან ეს წამოძახილი იას, მაგრამ ამჯერად არ ჰქონდა ტიპიური რეაქცია: ადრე იგი საცოდავად იბუზებოდა და ცდილობდა ბინის შორეულ კუთხეში გადამალულიყო, ახლა კი მშვიდი ტონით განუცხადა: – რას ნიშნავს, ჩემი არაფერია? ჰო, ადრე აქ ერთი ჩემოდნით შემოვედი, მაგრამ მე ის სოფლელი-გოგო აღარ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი! ყოველ შემთხვევაში, ქონების ნახევარი მე მეკუთვნის! ვალერი იმდენად განაცვიფრა ცოლის უჩვეულო ქცევამ, რომ არაფერი აღარ უთქვამს, ჩუმად გაიძურწა თავის ოთახში. ამ საუბრის შემდეგ გაყრილ ცოლ-ქმარს შორის გარდამტეხი მომენტი დადგა. ქორწილიდან თორმეტი და გაყრიდან ერთი წლის შემდეგ ია უკვე აღარ გრძნობდა თავს უმზითვო ქალად, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მასზე დაქორწინებული ბინიანი თბილისელის მადლობელი უნდა ყოფილიყო. ია საბოლოოდ მიხვდა, რომ წლები რომელთა განმავლობაში იგი რეცხავდა, აუთოვებდა, საჭმელს ამზადებდა, შვილებს ზრდიდა, ამ კვადრატულ მეტრებში მასაც სრულ უფლებებს აძლევდა. ცხადია, უცნაური იყო მეტრაჟით იმის აზომვა, რაც ერთ დროს სიყვარულით კეთდებოდა, მაგრამ რა ექნა, ასე უხდებოდა. გადაცვლა არც იფიქრო! უბრალოდ მეუღლეები რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებად იქცნენ. როგორც ეს ხშირად ხდება, გაყრის ინიციატორი ია იყო. ვალერი თავიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მერე დათანხმდა: „გამეყარე! მაინც ვერსად წამიხვალ. ბინა შენ არ გაქვს და ფული, რომ უახლოეს მომავალში მაინც იყიდო”. იას გულისმოსაკლავად ამ საკითხში ვალერი მართალი იყო. ახალ ბინას ია ვერ „იშოვიდა”. საცხოვრებლისთვის ფულის შეგროვება არარეალურად ეჩვენებოდა. მაშასადამე, უკვე არსებულის დახურდავებაზე უნდა ეფიქრა. მაგრამ ბოლო სიტყვა აქაც ვალერის ეკუთვნოდა. – არც იოცნებო გადაცვლაზე! – განუცხადა მან. მხოლოდ მოლოდინი ქმარყოფილის სიტყვებში ია ლოგიკას ვერ ხედავდა და ვალერის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი ბინა მაინც ორად იყო გაყოფილი. მამაკაცს ხელშეკრულებით ერთი ოთახი და სამზარეულო ერგო. იამ წინდახედულება გამოიჩინა, როცა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იყო თავიდანვე მოლაპარაკებულიყვნენ, ვიდრე სკანდალები გაემართათ. ქმრის უფლებამოსილების გაფართოების ზრახვებს მან თავის სიმართლეში მშვიდი თავდაჯერებულობა დაუპირისპირა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაც შეიძლება იშვიათად გადაეკვეთა გადაეკვეთა ქმრის ინტერესები და მასთან ერთად საერთო საცხოვრებელი ფართი. თავიდან ია და ბავშვები დგებოდნენ, სწრაფად გარბოდნენ სკოლაში და სამსახურში. მერე ვალერი დგებოდა, საუზმობდა და მიდიოდა. როცა დედა და ბავშვები შინ ბრუნდებოდნენ, მამა ჯერ არ იყო ხოლმე მოსული. დასვენების დღეებში კი ვალერი ცდილობდა საერთოდ არ გამოსულიყო. სამზარეულოში იგი საჭმელში არ იყო პრეტენზიული და კვირას „სადილებს” თავის ოთახში იმზადებდა. ერთობლივად დაყოფილი ცხოვრება როგორღაც მოწესრიგდა, მაგრამ ბინის „დახურდავება”. ცხადია, საჭირო იყო. ია იმედს არ ჰკარგავდა, სწამდა, რომ ადრე თუ გვიან ვალერის მობეზრდებოდა უფლებების დემონსტრირება და ფაქტიურ კომუნალურ ბინაში ცხოვრებას ცალკე გადასვლას არჩევდა. ამბავი მეორე - არც ერთი დღე სკანდალის გარეშე გაყრის შემდეგ თამრიკო ჭურჭლის მტვრევის რეკორდსმენი გახდა. „რატომ არ მოვკვდი იმ დღეს, როცა ჩვენს ბინებს ვაერთიანებდი!” – გაჰკიოდა იგი და მორიგი თეფში იატაკზე ნამსხვრევებად იყრებოდა. რვა წლის წინ აღტკინებული ახალშეუღლებულებისთვის რომ ეთქვათ, რით დამთავრდებოდა მათი ქორწინება, ისინი არ დაუჯერებდნენ და დასცინებდნენ კიდეც. თავის დროზე მათ ყოყმანის გარეშე შეაერთეს თავიანთი ბინები. თამრიკოს და მალხაზის ახლა ეს საქციელი ყველაზე უგუნურ მომენტად ახსენდებოდათ. ბინა საერთო გახდა, ოჯახი კი, სამწუხაროდ, დაინგრა. ან მხოლოდ თანაარსებობის რაღაც ფორმა უნდა გამოენახათ ან კვლავ გაეყოთ საცხოვრებელი. ეს უკანასკნელი ცხადია სჯობდა, მაგრამ უფრო რთულიც იყო თამრიკო და მალხაზი ნებისმიერ საკითხზე ჩხუბობდნენ, მუდმივი უთანხმოება ჰქონდათ. დრო და დრო მაკლერებს კი მიმართავდნენ, მაგრამ რეალური ძვრა არ ჩანდა. თითოეული მეუღლის გაცხოველებული მადა ბინის გაყოფას შეუძლებელს ხდიდა. მათ ტიპიურ ოროთახიან ბინაში დღენიადაგ ვნებათა ღელვა და შეხლა-შემოხლა სუფევდა. ვნებათაღელვის მოყვარულნი კიდევ კარგი, რომ ექვსი წლის ბიჭი ნიკა დედ-მამის საომარი მოქმედებების დროს ბებიასთან იმყოფებოდა. თამრიკოც ამით სარგებლობდა და თავის სუვერენულ უფლებებს ამტკიცებდა. ერთხელ ის ხმაურიან თანამშრომლებთან ერთად ამობრძანდა რაღაც საქმის წარმატებულად დასრულების აღსანიშნავად. ჩვეულებრივად სამზარეულოში დასხდნენ. ღვინო დაილია და სტუმრებმაც „წინწყარო” შემოსძახეს. თამრიკო უფრო აქეზებდა ხმაურიან ლხინს, გულს „ფხანდა”, რომ გვერდით ოთახში მყოფი ქმარი ნერვებზე იშლებოდა. ბოლოს მალხაზმაც ვერ მოითმინა და სამზარეულოში შეიჭრა! – აბა, ახლა ყველანი დაიკარგენით! – განრისხებულმა დაჰყვირა ყველას. – ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი მილიციას დავუძახებ! – ოღონდ სცადე, – მაშინვე პირში მივარდა თამრიკო, – სხვათაშორის, აქ ჩაწერილი ვარ და სტუმრების მოყვანის უფლება მაქვს. თუ ბევრს იყვირებ, მე თვითონ გამოვუძახებ მილიციას და ვიტყვი, რომ მცემე! ვის უფრო დაუჯერებენ?! შეიძლება სკანდალი კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უხერხულობაში ჩავარდნილი სტუმრები დაიშალნენ, მაყურებლების გარეშე ჩხუბი კი უკვე აღარ იყო საინტერესო. ომი გრძელდება ერთი კვირის შემდეგ მალხაზიმ ცოლს „საპასუხო დარტყმა” მიაყენა. იგი ვიღაც ქალთან ერთად მობრძანდა და თავის ოთახში განმარტოვდა. თამრიკოს ეჭვი ჰქონდა, რომ ქმარყოფილმა ეს მხოლოდ მის გასამწარებლად და საეჭვიანოდ გააკეთა. მაგრამ ამ აბუჩად აგდებას აიტანდა მხოლოდშობილი და „ნებიერად” გაზრდილი ასული?! თორმეტის ნახევარზე თამრიკომ ხმამაღლა მიუბრახუნა მალხაზის ოთახის კარებზე და დაუყვირა: – მე როგორც ბინის დამქირავებელი წინააღმდეგი ვარ, რომ სახლში ვიღაც საეჭვო ქალები ატარო! შემოსასვლელში ბეწვის ძვირფასი ქურქი ჰკიდია. რომ დაიკარგოს, მერე რას იზამ? – თავი დამანებე! – ოთახიდან უყვიროდა მალხაზი. მისი სტუმარი კი ტვიანაკრავივით გავარდა ბინიდან. ყოფილმა მეუღლეებმა კიდევ უყვირეს ერთმანეთს, მერე კი თავ-თავიანთ ოთახებში შევიდნენ. საბრალო ბავშვები თამრიკომ გარკვეული დროით შვილი სახლში წამოიყვანა. როგორც კი მშობლები მორიგ სკანდალს იწყებდნენ, შეშინებული ნიკა თავისი დივანის კუთხეში იყუჟებოდა და თავზე ზეწარს იფარებდა. ღამღამობით იგი ბოდავდა და შიშით რაღაცეებს იძახებდა, ალბათ კოშმარები ესიზმრებოდა. ყოფილი ცოლ-ქმარი კარგად ხედავდა ფეთქებადი ატმოსფერო როგორ ტანჯავდა მათ შვილს, მაგრამ საკუთარ ემოციებს ვერ უმკლავდებოდნენ. თამრიკოსა და მალხაზის ერთ-ერთი მორიგი სცენის დროს ატირებული ნიკა ხან დედას მივარდა, ხან – მამას. – დედა, მამა, გეყოფათ! – ევედრებოდა ბიჭუნა. – ნუ ჩხუბობთ! ბებიასთან მინდა! გაოცებული მშობლები გაშეშდნენ... ღამით ბავშვს სიცხემ აუწია. თამრიკო და მალხაზი დილამდე მის ლოგინთან ისხდნენ. – კარგი, მოდი გადავცვალოთ, – თქვა მამაკაცმა, როცა ნიკა ოდნავ გამოკეთდა, – ჩვენი ბიჭი ასეთ გარემოში არ უნდა იზრდებოდეს. ჩვენ მაინც ხომ უნდა გვესმოდეს... მნიშვნელოვანი ინფორმაცია - დაშორება ძალზე ძნელია ერთჭერქვეშ მცხოვრები გაყრილი მეუღლეები ადრე თუ გვიან დაშორიშორების პრობლემას აწყდებიან. კიდევ კარგი, თუ ორივე თანახმაა საცხოვრებელის მშვიდობიანად გაყოფაზე. ხოლო თუ რომელიმე ბინის დაშლის ან გაყოფის წინააღმდეგია, მეორეს მძიმე დღეები ემუქრება. როგორ უნდა ვაიძულოთ ადამიანი გასახლდეს – თუნდაც ყოფილი ოჯახური ბუდიდან? ასეთ სიტუაციაში უკიდურესი შემთხვევაა სასამართლოს გადაწყვეტილებით ბინის იძულებითი დაშლა. სასამართლოს დადგენილებით პირქუშ და შეუვალ მეუღლეს საცხოვრებლის ორ ვარიანტს სთავაზობენ: თუ იგი მათზე უარს ამბობს, მესამე საცხოვრებელში მას უკვე იძულებით ასახელებენ. მაგრამ როგორც იძულებითი დაშლის პროცესთან პრაქტიკულად გადაწყდომილი ხალხი ირწმუნება, თუ ადამიანს არ სურს გადასვლა, მისი საკუთარი ბინიდან გამოსახლება, ორი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად შეუძლებელია. პირველი – თუ ყოფილი მეუღლე დაავადებულია ისეთი სენით, რომ მისი სხვებთან ერთად ერთ ბინაში ყოფნა ირგვლივ მყოფებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ ავადმყოფობის ფაქტი შესაბამისი სამედიცინო საბუთებით უნდა იყოს დამტკიცებული. და მეორე შემთხვევა თუ რამდენიმე მეზობელი შესაბამის ორგანოებში შესატან განცხადებას ხელს მოაწერს, რომ მეუღლეს, რომელსაც არ სურს ბინიდან გამოსვლა, მუდმივ დებოშებს აწყობს და აბუჩად იგდებს თავის ოჯახს. აქ კიდვ ერთი გასათვალისწინებელი მომენტია. პრივატიზებული ბინის იძულებით „დახურდავება” საერთოდ შეუძლებელია. ასეთი რთული კანონები გვაქვს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იმის გაკეთება მაინც შეიძლება, რომ საერთო ბინის შეფასების შემდეგ შეგიძლიათ ანგარიში მოსთხოვოთ. თუ არ დაგაკმაყოფილათ, მაშინ სასამართლოს ვეღარ გაექცევით. საერთო ბინის ვიწრო სამყარო რატომ არის, რომ ზრდასრული, განათლებული და ერთ ბინაში გარემოებებისდა გამო მცხოვრები ადამიანები, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად იქცევიან? რისი ბრალია ეს გაუთავებელი სკანდალები, ყვირილი, ჭურჭლისა და ავეჯის მტვრევა? თუმცა, ავეჯს და ჭურჭელს ვინ ჩივის. ცნობილია, რომ მკვლელობებისა და სხეულის მძიმე დაზიანების დანაშაულთა უმრავლესობა ყოფით ნიადაგზე ხდება. ფსიქოლოგთა აზრით, საბინაო მჭიდრო გარემოში ყოველ ჩვენგანს რეგრესია, ე.ი. ემოციურ-ინტელექტუალური უკუსვლა ემართება, როცა ქვეცნობიერებიდან გადმოსროლილი იმპულსები უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა ადამიანებს აღარც უნდათ ერთად ცხოვრება, მაგრამ გარემოებების გამო იძულებულნი არიან ერთჭერქვეშ იყვნენ. როგორ მოვიქცეთ? ყველაზე უბრალო რეცეპტი, რომელიც კონფლიქტის გაღვივების მომენტში დაუყოვნებლივ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბინიდან წასვლა, დახურული სივრციდან გარღვევაა. ჯერ ერთი, თვითონაც შენელდებით და ცხელ გულზე არ იმოქმედებთ. მეორე თქვენი პარტნიორიც დაკარგავს ზეგავლენის არედან საკუთარი უარყოფითი ემოციების დანთხევის „ობიექტს”, თუ კონფლიქტს უფრო ღრმა მიზეზი აქვს, ცხადია, მის ამგვარად მოწესრიგებას ვერ მოახერხებთ. მაგრამ შეძლებთ მასზე მშვიდად მსჯელობის ატმოსფერო შექმნათ. მხოლოდ მოლაპარაკებები უცილობლად ძნელია იმ ადამიანთან ერთ ტერიტორიაზე აღმოჩენა, რომელიც ოდესღაც ყველაზე ახლობელი იყო, მაგრამ ახლა აბსოლუტურად უცხოა. ასეთ სიტუაციაში ძალზე იოლი ხდება ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად გადაქცევა, მაგრამ ჭკუა და საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარი იმიტომ ეძლევა სრულწლოვან ადამიანს, რომ ურთულეს მომენტებში თავი გააკონტროლოს. ყოველთვის შეთანხმება სჯობს, ვიდრე დაუსრულებლად ებრძოლოთ ერთმანეთს, საიდანაც როგორც წესი, გამარჯვებული არავინ არ გამოდის. ორმაგად დასანანია, როცა მშობელთა კონფლიქტების გამო ბავშვები ზარალდებიან. შვილების გულისთვის მაინც უნდა ისწავლონ ადამიანებმა მშვიდობიანი თანაარსებობა და ტერიტორიის განაწილება მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობა კი ყოველთვის არის, მაშინაც კი, როცა თითქოს ყველა ხიდი ჩანგრეულია. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ურთიერთწყენები მიივიწყოთ და ყურადღება საერთო პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართოთ: სად და როგორ იცხოვროთ შემდგომ? შეეცადეთ ყოფილი მეუღლე კონსტრუქციულ დიალოგზე გამოიწვიოთ. 295 1-ს მოსწონს
|