როდესაც რამდენიმე კვირის (თვის, წლის და თუნდაც ოქროს ქორწილის) შემდეგ, ადამიანი, რომელსაც ამდენი რამ მიეცით, მოულოდნელად მიდის და გულდაკოდილს გტოვებთ აუხდენელ იმედებთან ერთად. ძნელია იყო ძლიერი. ძნელდება არ სთხოვო დაბრუნება, არ ეხვეწო ყველაფრის ახლიდან დაწყების ცდა. ასეთ მომენტებში ჯანსაღი აზრი საბოლოოდ გშორდებათ. იმისათვის, რომ ასეთ ნაკლებსახარბიელო მდგომარეობაში არ გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება, უნდა ამჯობინოთ საკუთარ თავში გარკვევა (კერძოდ: გაიხსენოთ, რამდენი ჭკუა, ნიჭი და სილამაზეა მიმალული ამ საბრალო და თვალებდასიებული სახის მიღმა) და მასთან მიმართებაში ადგილის პოვნა. როგორ ჯობია ამის გაკეთება (ციხეში ან კიდევ უარესი, ყოფილ სიყვარულთან ერთ ლოგინში რომ არ აღმოჩნდეთ), ქვემოთ წაიკითხეთ:
1. თვითიზოლირება
ცხადია, უკეთესი ვარიანტია ზღვაზე დასასვენებლად წასვლა ან მთვარესთან შუქზე სეირნობა, მაგრამ მეგობრებთან აგარაკზე ან მშობლებთან ერთი კვირით სტუმრობაც გამოსადეგი მომენტია. მთავარია ოთხ კედელს შორის არ იჯდეთ და მისი ზარის გულუბრყვილო მოლოდინით არ უცქერდეთ ტელეფონს. არც ისეთ ადგილებში წასვლაა სასურველი, სადაც ადრე ერთად იმყოფებოდით. იზოლირება კი მონასტერში განდეგილად წასვლად არ უნდა გავიგოთ, არამედ საქმისათვის სასარგებლოდ განმარტოვდით. საკუთარი დესტრუქციული ენერგია სწორ კალაპოტში უნდა მიმართოთ – დაიწყოთ სადისერტაციო შრომების წერა, ბოსტანში გაკვალოთ ხნულები, შეისწავლოთ ლათინური ენა და ა.შ. მთავარია, თქვენს ჰორიზონტზე საყვარელყოფილის (ან ქმრის) ფიგურა არ მოჩანდეს, რომელიც მხოლოდ მოგაცდენთ დასახული გეგმის განხორციელებაში. როცა დარწმუნდებით, რამდენი სასარგებლო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი მის გარეშე, უფრო მეტად შეიყვარებთ და დააფასებთ თქვენს პიროვნებას, და არა მას!
2. მოიშორეთ სამხილები
უფრო ზუსტად კი ის საგნები და ნივთები, რომლებიც მის არსებობას შეგახსენებთ. დაე ბინაში მხოლოდ დამოუკიდებლად შეძენილი ლეიბი და ჩაიდანი დაგრჩეთ. ყველა დანარჩენი კი რაც ყოველ წუთს გაგახსენებთ წარსულს, ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს (იქნებ სხვა საცოდავი ხალხი მაინც მოიმადლიეროთ). არავითარი საერთო ფოტოსურათები, სხვისი ტრუსები და კბილის ჯაგრისი. იმის შესახებ, თუ რამდენი კარგი გაუკეთებია ამ ადამიანს თქვენთვის, მოგვიანებით დაფიქრდით (როცა გადაგივლით გულის პრანჭვა და ზლუქუნი ამ შესანიშნავი ინდივიდის სახელის გაგონებაზე). მანამდე კი მის გარეშე და უახლოეს გალაქტიკებში მისი არსებობის ნებისმიერი ნიშნის გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლოთ. რომ იტყვიან, თვალიდან მოგწყდეთ და რბილად რომ ვთქვათ, სადმე აახვიოს.
3. მოძებნეთ სოლი
დიახ, დიახ! არ მოგესმათ: მოძებნეთ კარგი და სიმპათიური სოლი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება დღეში 3–ჯერ თავიდან ამოიგდოთ საყვარელყოფილის აშკარა ღირსებები. სოლის სახით გამოგადგებათ რომელიმე ძველი თაყვანისმცემელი, რომლისთვისაც ადრე დასალაპარაკებელი დროც კი არ გრჩებოდათ. უდიდესი მადლიერებისა და აღფრთოვანების ნიშნად თქვენს ცეცხლსაშიშ სხეულთან მოახლოებული ამაალებელი შეეცდება ყველაფერი გააკეთოს, რომ ძველი იმედგაცრუებების გახსენებაზე ძალებიც აღარ გყოფნიდეთ. თუ კარგი პრეტენდენტი არ მოიძებნა, მიჰყევით ლოგიკას: სოლს სოლით აძრობენ! მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანაში მათი დეფიციტი არ შეინიშნება. თუმცა... გახსოვდეთ, მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.