საზოგადოება სიკვდილი ევერესტზე, ანუ სამუდამო განსასვენებელი ყინულების სამეფოში 2014, 18 სექტემბერი, 23:00 ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მწვერვალების დაპყრობა - საკმაოდ სახიფათო და სიცოცხლისათვის საშიში ექსტრემალური სპორტია. მთა მკაცრია და დაუნდობელი - იქ ხშირად იღუპებიან არამარტო ახალბედები, არამედ საკმაოდ გამოცდილი ალპინისტები. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მწვერვალებისაკენ მიმავალ რთულ გზაზე დაღუპული ალპინისტები უმეტეს შემთხევაში იქ სამუდამოდ რჩებიან. ჩვენთვის, კომპიუტერთან მიჯაჭვული, კომფორტს შეჩვეული ადამიანებისათვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ალპინისტისათვის საოცნებო მწვერვალი ევერესტი დიდი ხანია გადაქცეულია მკაცრ, ულმობელ, ცივ სასაფლაოდ. იქ ძალიან ბევრი ალპინისტის გვამია დარჩენილი, ხოლო სიმაღლისა და რთული გეოგრაფიული პირობების გამო გვამების ჩამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია.
დღეს მინდა გავიხსენო ერთი ტრაგედიის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა 1998 წელს. მაშინ ევერესტზე დაიღუპა ცოლ-ქმარი: სერგეი არსენიევი და ფრენსის დი სტეფანო.
1998 წლის 22 მაისს მეუღლეები, გაატარეს რა 8200 მეტრ სიმაღლეზე სამი ცივი ღამე, წარმატებით ავიდნენ მწვერვალზე, ამასთან ასვლა განახორციელეს ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ამგვარად, ფრენსისი გახდა პირველი ალპინისტი ქალი, რომელიც ჟანგბადის გამოუყენებლად ავიდა ევერესტზე. დაშვების დროს ქარბუქი ამოვარდა და მეუღლეებმა ერთმანეთი დაკარგეს. კაცი მშვიდობიანად დაბრუნდა ბანაკში, ქალი კი - არა. მეორე დღეს ნახევრად გაყინული ფრენსისი ხუთმა უზბეკმა მთამსვლელმა ნახა. ისინი მწვერვალზე ასვლას ახორციელებდნენ. ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უზბეკებს შეეძლოთ დახმარებოდნენ მას, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ და მწვერვალზე ასვლაზე უარი ეთქვათ. უზბეკმა მთამსვლელებმა გააგრძელეს გზა და სასოწარკვეთილი ქალი ყინულების გარემოცვაში დატოვეს. როცა უზბეკები ბანაკში დაბრუნდნენ, სერგეის, რომელიც ცოლის დაკარგვამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, უთხრეს, თუ სად ნახეს ფრენსისი. მამაკაცმა აიღო ჟანგბადის ბალონი და ცოლის მოსაძებნად წავიდა...სერგეი უკან აღარ დაბრუნებულა. ძლიერმა ქარბუქმა ის ორი კილომეტრი სიღრმის უფსკრულში გადაისროლა. მესამე დღეს მთამსვლელების ახალმა ჯგუფმა კვლავ ნახა ფრენსისი -ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საოცარი იყო ამ კაფანდარა ქალის სიცოცხლის წყურვილი - მან ორი ღამე გაატარა ყინვაში, თოვლში და ქარბუქში, 8500 მეტრ სიმაღლეზე, ჟანგბადისა და თავშესაფრის გარეშე და მასში ჯერ კიდევ ფეთქავდა მამაცი ალპინისტის გული. ბრიტანელი ალპინისტი იენ ვუდჰოლი, რომელიც მეუღლესთან -კეიტთან ერთად მიიკვლევდა რთულ გზას მწვერვალისაკენ, შემდეგში ასე იგონებდა ამ შეხვედრას: "მე ლამის გული გამიჩერდა, როცა დავინახე, რომ ეს ადამიანი, რომელმაც 8500 მეტრ სიმაღლეზე, მწვერვალიდან სულ 350 მეტრის დაშორებით, მარტოდმარტო გაატარა ორი ცივი ღამე, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მე და კეიტი დაუყონებლივ მოვბრუნდით უკან, რათა გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ მომაკვდავი ქალი გადაგვერჩინა. ასე დასრულდა ჩვენი ექსპედიცია, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ვემზადებოდით და ვაგროვებდით ფულს, მაგრამ ჩვენ წამითაც კი არ გვიყოყმანია. ჩვენ ორი საათი მოვუნდით ქალამდე მისვლას, რადგან მთაში ყინულზე სიარული იგივეა, რაც სირბილი წყალქვეშ. მე და კეიტი ვეცადეთ წამოგვეყენებინა ფრენსისი და მისთვის ჩაგვეცმია რამე, რომ გაგვეთბო, მაგრამ ეს წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა: მისი კუნთები ატროფირებული იყო ყინვისაგან და ვერაფრით მოვახერხეთ ხელის მოხრა. საბრალო ქალი ცარცივით იყო გათეთრებული, სახე მარმარილოს ქანდაკებას მიუგავდა, განუწყვეტლივ კანკალებდა და ჩურჩულით იმეორებდა:" მე ამერიკელი ვარ, გთხოვთ, არ დამტოვოთ მარტო". მთელი საათი მოვუნდი, სანამ დაბამბულ სათბურას ჩავაცმევდი. ჩემი ყურადღება მთლიანად გაყინულ ქალზე იყო კონცენტრირებული და უცებ ამ სამარისებრ სიჩუმეში ჟრუანტელისმომგვრელი ხმა მომესმა: მოვიხედე და მივხვდი, რომ სულ მალე კეიტი ფრენსისის დღეში აღმოჩნდებოდა: ის სიცივისაგან გაფითრებულიყო და კბილს კბილზე აცემინებდა - სწორედ ამ ხმამ გამომაფხიზლა. სხვა გზა არ იყო-სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით ბანაკში. ვეცადე ფრენსისი ხელში ამეყვანა და წამომეყვანა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ეს რომ გამეკეთებინა, მაშინ მე საფრთხეში ჩავაგდებდი კეიტის სიცოცხლეს, რომელსაც დაშვებისას აუცილებლად დასჭირდებოდა ჩემი დახმარება. გამოსავალს ვერ ვხედავდი: ძალიან მიმძიმდა ამის გაკეთება, მაგრამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ფრენსისი კვლავ ყინულების სამეფოში დავტოვეთ. მე და კეიტმა დიდი გაჭირვებით მოვახერხეთ ბანაკში დაბრუნება. იმ წუთიდან, როცა მომაკვდავი ფრენსისი მარტო დავტოვე ყინულების სამეფოში, ერთი დღეც კი არ ყოფილა, რომ მასზე არ მეფიქრა. ერთი წლის შემდეგ, 1999 წელს, მე და კეიტმა ისევ დავგეგმეთ ევერესტზე ასვლა. ასვლა წარმატებული გამოდგა, მაგრამ უკან დაბრუნების დროს საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როცა ჩვენგან 200 - იოდე მეტრის მანძილზე მოწითალო ფერის კოსტიუმიანი ალპინისტის სხეული შევნიშნეთ - ეს იყო ფრენსისი: დაბალ ტემპერატურას მშვენივრად შეენახა მისი სხეული. მაშინ მე და კეიტმა პირობა დავდეთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით უკან, რათა დაგვემარხა ფრენსისი: ასეთ დასასრულს არავინ არ იმსახურებს. სამწუხაროდ, შემდეგი ექსპედიციისათვის მზადებას რვა წელი დასჭირდა, მაგრამ ჩვენ შევძელით და შევასრულეთ დანაპირები: ფრენსისის სხეული ამერიკის დროშაში გავახვიეთ და თან ჩავაყოლეთ მისი შვილის მიერ დაწერილი წერილი, რომელიც მან მწვერვალზე ასვლის წინ გადმოგვცა. ჩვენ ის ღრმა ხევში ჩავაცურეთ და ყინულით და თოვლით დავფარეთ მისი სხეული, რათა მწვერვალისაკენ მიმავალ ალპინისტებს არ მოხვედროდათ თვალში ეს სამწუხარო სურათი. ახლა ის მშვიდად განისვენებს. ჩემი სულიც აღარაა შეშფოთებული: ბოლოს და ბოლოს, მაინც შევძელი მისთვის რაღაც მაინც გამეკეთებინა." დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ იპოვეს სერგეი არსენიევის სხეულიც. "მე ის ვიცანი იისფერი ბეწვიანი კოსტიუმით. ის ისეთ პოზაში იჯდა, თითქოს ლოცულობსო, "-იხსენებს ჯეიკ ნორტონი, 1999 წლის ექსპედიციის მონაწილე. ევერესტი ხშირად უმტკიცებს ადამიანებს, რომ ისინი უკვდავები არ არიან. ყოველ შემთხვევაში, ეს ეხება მათ, ვინც ამ მწვერვალზე ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი. სტატისტიკის მიხედვით, ევერესტზე 1500 ალპინისტი ავიდა...სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მათგან 180-200 უკან აღარ დაბრუნებულა. 376 7-ს მოსწონს
|