სხვა ჟურნალისტების შვილები ომის წინააღმდეგ 2014, 15 სექტემბერი, 1:07 14 სექტემბერს "თბილისი მოლში" ორიგინალური აქცია გაიმართა, სადაც მოქმედი, პოპულარული ჟურნალისტების შვილები მხატვრებად მოგვევლინენ და თავიანთი დამოკიდებულება ომის თემის მიმართ - სპეციალურად მოწყობილ თეთრ კედელზე დატანებული ნახატებით გამოხატეს.
"არა ომს" - ასე ერქვა ამ ერთგვარ პერფომანს, რომლის მონაწილენიც 3-14 წლამდე ასაკის პატარები იყვნენ და თავისებურად ცდილობდნენ ჟიურისთვისაც თავი მოეწონებინათ, ჟურნალისტი მშობლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც რომლებიც "თბილისი მოლში" იყვნენ შეკრებილნი. ჟიურის თავმჯდომარეობა ზალიკო სულაკაურს ჰქონდა ჩაბარებული, წევრები კი - ტ/კ "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და ჟურნალისტი ლელა ნინუა, ტ/კ stars.ge-ს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, ტ/კ "იმედის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და მომღერალი ანრი ჯოხაძე იყვნენ.... არჩევანის გაკეთებაზე ბევრი არცერთს არ უფიქრია :) - მთავარ გამარჯვებულად ფოტო-რეპორტიორ ნათია გედენიძის ულამაზესი გოგონა გამოცხადდა, რომელმაც მისთვის გამოყოფილ 20 წუთში საინტერესოდ მოხატა გამოყოფილი კედლის ნაწილი. საინტერესო მხატვრული ხედვა გამოავლინეს ნინო ჯანგირაშვილის და ლელა ნინუას შვილებმა, რომლებიც ერთობლივი ძალებით ებრძოდნენ კედელზე მათ მიერ მოხატულ ანტისაომარ ნამუშევარს, რომელშიც იყო - მუსიკაც, შიშიც, ჟინიც, რწმენაც და რაც მთავარია - იმედი... უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზატორებს არცერთი მონაწილე უსაჩუქროდ არ დაუტოვებიათ და "თბილისი მოლში" განთავსებულმა საოჯახო-გასართობმა ცენტრმა "ბუმ-ბუმი" - შესანიშნავი მასპინძლობაც გაუწია პატარებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლალი მოროშკინა იყო, რომელიც ისეთი ენთუზიაზმით დიასახლისობდა ადგილზე, რომ სავარაუდოდ მსგავსი სახის პროექტებს პერიოდულ სახეს მისცემს. თავად იდეა იმისა, რომ სწორედ ჟურნალისტების შვილები არიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში პირველად სტრესის ქვეშ, როცა მათი მშობლები ომს აშუქებენ, ალბათ ყველაზე აქტუალურია, რადგან ეს პატარები, ჯარისკაცის შვილების შემდეგ, ალბათ ყველაზე მეტად გრძნობენ ომში წასული მშობლის მონატრებას და ომის სისასტიკეს. 64 1-ს მოსწონს
|