x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510065
ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა
ავტორები: მაიკო რატიანი, სალომე გიუნაშვილი


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება



თანამედროვე მსოფლიოში არაერთ სეცესიის/სეპარატიზმის მაგალითებს ვხვდებით. როგორც წესი გამოყოფილ ტერიტორიასა და შესაბამის ქვეყანას შორის ყველანაირი ურთიერთობა წყდება, რაც სიტუაციის დარეგულირების შანსს მთლიანად აქრობს. სეცესიის ნათელი მაგალითია ჩინეთისა და ტაივანის საკითხი, რომელიც დღესაც აქტუალურია და ყურადღებას იპყრობს საერთაშორისო ასპარეზზე. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აღსანისნავია ჩინეთის მშვიდი პოლიტიკა, რომლის გატარებაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში დაიწყო ტაივანის მიმართ. დაახლოების პროცესი დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებული ინტენსივობით ვითარდება. გადავხედოთ მათი ურთიერთობის ისტორიას, ცვლილებებს და გავაანალიზოთ
ჩინეთის ახლანდელი მიზნები და სტრატეგიები.

ტერმინი "ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა" 1980-იან წლებში შემოიტანეს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: მსოფლიოში არსებობს ერთი ჩინეთი, ხოლო ტაივანი, მაკაუ და ჰონ კონგი მისი განუყოფელი ნაწილებია, მიუხედავად მათი კაპიტალისტური ეკონომიკური
და პოლიტიკური სისტემისა. აგრეთვე. ჩინეთი არ ეწინააღმდეგება ტაივანთან უცხო ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

ტაივანი - (ჩინეთის რესპუბლიკა) - დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანაა, კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც 150 კილომეტრითაა დაშორებული მატერიკული ჩინეთისგან. 1949 წელს აქ დასახლდა ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობა ჩან კაი შის ხელმძღვანელობით, რომელიც სამოქალაქო ომში დამარცხდა კომუნისტ მაო ძე-დუნთან. ოფიციალური პეკინი ტაივანს ცალსახად განიხილავს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად. მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობაც ტაივანს ჩინეთის ტერიტორიად მიიჩნევს.

დღემდე ამ კუნძულზე არ ვრცელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იურისდიქცია. სოციალისტური ჩინეთი და კაპიტალისტური ტაივანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდნენ. სამოცი წლის განმავლობაში ჩინეთი და ტაივანი აძლიერებდნენ თავიანთ სამხედრო პოტენციალს. გასული საუკუნის მეორე ნახევარში იყო შემთხვევები, როცა ჩინეთსა და ტაივანს შორის სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მორიგ სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. ეს დამოკიდებული იყო არა მარტო პეკინისა და ტაიპეის პოლიტიკურ ნაბიჯებზე, არამედ ამ პროცესებში ვაშინგტონიც აქტიურად იყო ჩართული. ტაივანის პოლიტიკური სტატუსი დღესდღეობით საკამათო საკითხია მსოფლიოს წამყვან პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შორის. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობს ტაივანს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ამ კუნძულს მხოლოდ ჩინეთის შემადგენლობაში განიხილავს, მაგრამ ამავე დროს ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების აქვს დამყარებული 23 ქვეყანას (მათ შორისაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნები ნიკარაგუა და ნაურუ).

ტაივანი „4 აზიური ვეფხვის” სახელწოდებით ცნობილი სახელმწიფოებიდან, ერთ-ერთია. მისი ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე, გასაოცარი სისწრაფითა და დინამიურობით
ხასიათდება. ამჟამად ტაივანის ექსპორტი იმპორტზე მეტია. ამ
ინდიკატორით იგი ჩინეთის, იაპონიის და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხეა. ჩინეთი იაპონიის შემდეგ მეორე წყაროა ტაივანური პროდუქციის იმპორტისათვის და პირველი,
უცხოური ინვესტიციების სფეროში. თავის მხრივ, ტაიბეიც პეკინთან ურთიერთობების დათბობით და მის ეკონომიკაში ინტეგრაციითაა დაინტერესებული. 2008 წელს ჩინეთმა და ტაივანმა პირდაპიური ჩარტერული ფრენების შემოღების შესაძლებლობა განიხილეს. პეკინს ტაივანის მმართველი პარტიის ლიდერი ეწვია უპრეცენდენტო ვიზიტით. 1949 წელს დასრულებული სამოქალაქო ომის შემდეგ ეს პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა იყო მხარეებს შორის. ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის ჩენ შუ ბიანის მმართველობის რვა წლის განმავლობაში ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. პრეზიდენტი შუ ბიანი ტაივანის დამოუკიდებლობის მძაფრი დამცველი იყო.

2010 წლის იანვარში ტაივანსა და ჩინეთს შორის რამდენიმე სახის ხელშეკრულება დაიდო, რომლებიც საბანკო სისტემების
დაცვას, უსაფრთხოებასა და დაზღვევას შეეხებოდა. ყველა ეს ხელშეკრულება ტაივანისათვის ახალი შესაძლებლობების წარმოშობას და მისი კომპანიების ჩინეთში თავისუფლად მუშაობის რეალიზებას ემსახურებოდა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულებები ჩინეთსაც აძლევს სარგებელს: მათი წყალობით მას ბევრად უფრო
თავისუფლად შეუძლია ტაივანის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელება და ყველაზე მნიშვნელოვანი – ტაივანის ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება.

საინტერესოა, თუ როგორ ახერხებს ორი განსხვავებული ეკონომიკური სისტემა (სოციალისტური ჩინეთი და კაპიტალისტური ტაივანი) თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ, ოფიციალური პეკინი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური რეფორმებისათვის ემზადება. მთავრობის მიზანია ჩინური ბაზარი უფრო ლიბერალური და მეტად თავისუფალ ბაზარზე დამოკიდებული გახადოს. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო უცხოელი ინვესტორების მიერ ჩადებულ კაპიტალდაბანდებებზე ზედა ზღვარს გააუქმებს და საოპერაციო ვალუტაზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის.

აღსანიშნავია მიმდინარე წლის იანვარში ტაივანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ დროა დასრულდეს ჩინეთთან პოლიტიკური შუღლი, რათა მათი ეკონომიკა შემდეგ ეტაპზე
გადავიდეს. "პოლიტიკური კონფლიქტი დაახლოებით ექვსი ათწლეულია გრძელდება, არ იქნება სწორი თუ დაპირისპირებას თაობიდან თაობას გადავცემთ." - განაცხადა მან. თებერვალში ნანკინში შედგა შეხვედრა მატერიკული ჩინეთის და ტაივანის
ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რის შემდეგაც დაიწყო ურთიერთობების ახალი ეტაპი.

ჩინეთი და ტაივანი ტურიზმის კუთხითაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. თავისუფალი მგზავრობის პროგრამა 2011 წლის ივნისში დაიწყო შანჰაიში, ბეიჯინგსა და სიამინში მცხოვრებთათვის. 2013 წელს სამთავრობო სტატისტიკის მიხედვით ტაივანს 2, 8 მილიონი
ჩინელი ვიზიტორი ჰყავდა და აქედან 522 ათასმა იმგზავრა ტურისტული ჯგუფისგან დამოუკიდებლად. აგვისტოში ტაივანმა კარი უფრო ფართოდ გაუღო დამოუკიდებელ ვიზიტორებს და პროგრამაში შემავალი ჩინეთის ქალაქების რიცხვი 36-მდე გაზარდა.

ამრიგად, წარსულს ბარდება ის დრო, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ხდებოდა პრობლემების გადაჭრა. დღეს უმთავრესი იარაღი არის ეკონომიკური მდგრადობა და სტაბილურობა. სწორედ ამ იარაღის გამოყენებას ცდილობს ჩინეთი ტაივანთან მიმართებაში ქვეყნის გაერთიანების მიზნით. დღეისათვის ჩინეთის კონტინენტურ ნაწილსა და ტაივანს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები გააჩნიათ. პეკინი ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული ბიზნეს გარემო შეუქმნას და წაახალისოს ტაივანური ინვესტიციები. თავად ჩინეთიც დიდ ინვესტიციებს დებს ტაივანის ეკონომიკაში. ასე, რომ მატერიკული ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერის ფონზე ტაივანელებისთვის მიმზიდველი გახდა წარმატებით აპრობირებული ჰონგ-კონგისა და მაკაოს პოლიტიკა - „ერთი სახელმწიფო ორი სისტემა“, რომლის მიხედვით ტაივანს მიეცა დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროების გარდა. ერთი შეხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი გზებით და ეკონომიკური ბერკეტებით ქვეყნის საბოლოო გაერთიანებისკენ სამაგალითო უნდა იყოს იმ სახელმწიფოებისათვის, ვისაც სეპარატიზმის პრობლემა აქვთ, თუმცა მომავალი მეტად ბუნდოვანია - სანამ პეკინი დიპლომატიური გზებით ტაივანის შემოერთებას გეგმავს, ტაივანი შესაძლოა იმედოვნებს,
რომ ჩინეთთან აღდგენილი პოლიტიკური ურთიერთობები კუნძულს გზას გაუხსნის ოფიციალურად დამოუკიდებლობის გამოცხადებისაკენ.




ბიბლიოგრაფია:


1. Pizzi, Michael. 2014. What's next for China-Taiwan relations?. America.aljazeera. ინტერნეტი. http://america.aljazeera.com/articles/2014/2/15/what-s-next-for-chinataiwanrelations.html


2. კალანდია, არჩილი. 2011. ტაივანის საკითხი. ინტელექტუალი №15. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.ამერიკის ხმა. 2008. ჩინეთი და ტაივანი პირდაპირი ჩარტერული ფრენების
შემოღების შესაძლებლობას განიხილავენ. amerikiskhma.
ინტერნეტი. http://www.amerikiskhma.com/content/a-54-2008-05-29-voa5-93112964/523982.html

3. ტაბულა. 2010. ახალი გამოწვევების წინაშე. ინტერნეტი. http://www.tabula.ge/ge/story/53445-axali-gamotsvevebis-tsinashe

4. Wang, Cindy. 2014. Taiwan President Seeks End to China Political Standoff. Bloomberg. ინტერნეტი. http://www.bloomberg.com/news/2014-01-01/taiwan-president-says-ending-china-standoff-will-spur-growth.html

5. CAN. 2014. Individual travelers from more Chinese cities OK'd. chinapost. ინტერნეტი.
http://www.chinapost.com.tw/taiwan/china-taiwan-relations/2014/08/19/415254/Individual-travelers.htm

6. ტაბულა. 2014. ჩინეთი ბაზრის ლიბერალიზაციისთვის მასშტაბურ რეფორმებს გაატარებს. ინტერნეტი. http://www.tabula.ge/ge/story/85027-chineti-bazris-liberalizaciistvis-masshtabur-reformebs-gaatarebs

7. ამერიკის ხმა. 2008. ჩინეთი და ტაივანი პირდაპირი ჩარტერული ფრენების შემოღების შესაძლებლობას განიხილავენ. amerikiskhma.
ინტერნეტი. http://www.amerikiskhma.com/content/a-54-2008-05-29-voa5-93112964/523982.html




0
639
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაიკო რატიანი
მაიკო რატიანი
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0