ქალი და მამაკაცი ქალური პრობლემები და გულწრფელი კითხვა-პასუხი 2014, 6 აგვისტო, 16:57 პირდაპირ ვკვდები სიყვარულის გამო, მაგრამ აი, ახლოს მისვლა და გაცნობა მერიდება
- ახლახანს გავიცანი ერთი ახალგაზრდა და მეჩვენება, რომ ის ძალიან შემიყვარდა. ჩვენ ხშირად გვიწევს ერთ კომპანიაში ყოფნა, მაგრამ ის ჩემს მხარეს არც კი იყურება. მე კი მრცხვენია, რომ პირველმა გადავდგა ნაბიჯი. როგორ მივიქციო მისი ყურადღება? თმების სხვა ფერად შეღებვაც კი ვცადე, მაგრამ ამით ვერაფერს მივაღწიე. - ანანო ზ. - თუ თქვენ მხოლოდ ჩუმად შეიცვლით ვარცხნილობას და ტანსაცმელს, ამით ვერაფერს მიაღწევთ. არსებობს უბრალო მეთოდი, როგორ მიიპყროთ მოწონებული ახალგაზრდის ყურადღება: უფრო მეტად და ხშირად იურთიერთეთ მასთან და არაა აუცილებელი მაშინვე გრძნობებზე ელაპარაკოთ, ასე მას უფრო დააფრთხობთ. თავდაპირველად უბრალოდ შეეცადეთ ახალი ნაცნობის უკეთ გაცნობა: რითი არის დაკავებული, რა უყვარს, რა აინტერესებს – ყველაზე უბრალო რამ. არა მხოლოდ ქალებს უყვართ ყურადღება, მამაკაცებსაც სიამოვნებთ საწინააღმდეგო სქესის გულწრფელი ინტერესი. მოკლედ, არ ღირს სულ მასზე ლაპარაკი, ასე დიდხანს ვერ დააკავებთ მამაკაცს და გაამპარტავნდება. თქვენს შესახებაც რაღაც უნდა მოუთხროთ. იყავით გულწრფელი, გონებამახვილი და ბევრი არ ილაპარაკოთ. და არ შეშინდეთ, თუ ის შეამჩნევს თქვენს უხერხულობას და თავში დაუჯერებლობას. ეს უფრო მეტად მოეწონება მას, ვიდრე ვითომ, ერთი შეხედვით მიუკარებელი გოგონას ჰონორი. სიმართლე სხვის ცოდვაზე ძალიან მამძიმებს - მე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. საქმე იმაშია, რომ ჩემი მეგობარი უკვე დიდი ხანია, რაც ქმარს ღალატობს, მე კი მისი მესაიდუმლე გავხდი. ასე მაგალითად, ჩემთვის ცნობილია, რომ უმცროსი ქალიშვილი მას საყვარლისგან ჰყავს. ბოლო დროს მეგობრის ქმარი ეჭვიანობს ცოლის ერთგულებაში. იცის რა ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის ამბავი, ცდილობს ჩემგან გაიგოს სიმართლე. როგორ მოვიქცე? მე არ ვამართლებ მეგობრის საქციელს. ვთვლი, რომ ის არ უნდა ატყუებდეს ქმარს, მაგრამ მისი საიდუმლოს გაცემაც არ შემიძლია. მაინც როგორ მოვიქცე? - ნანული დ. - ვფიქრობთ, რომ ცოლ–ქმარმა თვითონ უნდა იპოვონ სიტუაციიდან გამოსავალი. თქვენი ჩარევით შეიძლება უფრო გაამწვავოთ ოჯახში მდგომარეობა: თქვენი მეგობარი ალბათ ქმარს გაშორდება, თქვენი მეგობრობა კი ამის შემდეგ ალბათ, აღარ შენარჩუნდება. თუ ქმარი რაღაცას ეჭვობს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სიმართლე გაიგოს, ასე თუ ისე, ის ამას მაინც მიაღწევს. თუ ნამდვილად არ მიგაჩნიათ თქვენი მეგობრის საქციელი გამართლებულად, პირდაპირ განუცხადეთ მას თქვენი დამოკიდებულება. მაგრამ შინაური ამბების გახმაურებას არ გირჩევთ. თქვენვე დაგადანაშაულებენ შემდეგ ღალატში და გარკვეულწილად მართლებიც იქნებიან. როგორ მინდა ხანდაზმულ ასაკში უბრალო ქალური ბედნიერება, მაგრამ შვილები დამცინიან... - მე ქვრივი ვარ. მარტომ გავზარდე შვილები, მთელი ცხოვრება მხოლოდ მათთვის ვცხოვრობდი. და აი, ხანდაზმულ ასაკში შევხვდი ადამიანს, რომელთან ერთადაც ვიცხოვრებდი. ალბათ, სასაცილოა ჩემს ასაკში სიყვარულზე ლაპარაკი, მაგრამ ბედნიერება ხომ ყველა ქალს სურს? ჩემი შვილები ამ ქორწინების წინააღმდეგნი არიან. ისინი ან დამცინიან, ან ცდილობენ, დამარწმუნონ, რომ ასე მხოლოდ ცხოვრებას გავიფუჭებ. - თამარა დ. - ყველა ქალს უნდა იყოს საყვარელი და ბედნიერი და ასაკი აქ არაფერ შუაშია. თქვენი შვილების წინააღმდეგობა უფრო თქვენი ცხოვრების პოზიციითაა განპირობებული – იცხოვროთ მხოლოდ მათთვის. იქნებ თქვენი სურვილი მათ სუსტ ნებისყოფად მიაჩნიათ, ან დარწმუნებულნი არ არიან თქვენი რჩეულის გრძნობების გულწრფელობაში? თუ თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი საკუთარი გეგმები, უნდა შვილებს დაელაპარაკოთ და მოსთხოვოთ არა დალოცვა, არამედ თქვენი გადაწყვეტილების პატივისცემა. "ვარსკვლავების" ფსიქოლოგიური გვერდი 521 2-ს მოსწონს
|