x
ლევან ღვინჯილიას ღია წერილი, რომელსაც ადრესატი ვეღარასოდეს წაიკითხავს...

imageჩემო უმრწმესო და ცოცხლად უნახავო, მაგრამ უკვე ლეგენდარულო და საამაყო მოვლენად ქცეულო, ღირსეულო მამულიშვილო და სულიერი სიმაღლის თვალშეუდგამო და „ნათლის გვირგვინით მოსილო“ ჭეშმარიტო რაინდო, ჩემო ძვრფასო და აწ უკვე მარადიულობის ბინადარო, ოთო!
დღეს შაბათია, 2 აგვისტო. უკვე ჩამობნელდა კიდეც. ეს წუთია, რუსთავიდან დავბრუნდი. მე დღეს იქ ჩავედი ერთდროულად - შენს სანახავდ და შენთან სამუდამოდ დასამშვიდობებლად.

ასეთი რამ, ალბათ, უიშვიათესად ხდება, როცა ახალგაზრდა კაცის გასვენებაში მისულ მის ვირტუალურ მეგობართა უმრავლესობას იგი ცოცხლად არასოდეს უნახავს და, ამის მიუხედავად, მის დაკარგვას განიცდის როგორც უახლოეს ადამიანთან სამუდამო განშორებას...

შენ ეს სასწაული მოახდინე...და ჩვენ იქ მოვედით არამხოლოდ იმიტომ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ შენ გასაოცარი გმირობა ჩაიდინე (თუმცა ასეთებიც ბევრნი იყვნენ), არამედ ჩვენ გამოვეთხოვეთ უძვირფასეს მეგობარს, უახლოეს ადამიანსა და თანამოაზრეს, რომლის ფიზიკურად ხილვა უკუღმართმა ბედმა არ დაგვაცალა...

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მე შენი სულის მოსახსენებელ ტრაპეზზე დავჯდებოდი, მაგრამ შენი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მე იქ მოვხვდი.

ოთო! შენ იცი, რომ მე ასაკით შენზე სამჯერ უფროსი ვარ, მაგრამ ამ ხნის კაცს თუ ე.წ. „ქელეხის სუფრა“ გამაოცებდა, ვერც კი წარმოვიდგენდი და ეს მეორე სასწაულიც შენ მოახდინე: ერთდროულად ამდენი ცრემლი, ასეთი სიჩუმე და ამდენი ტაში გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ეს იყო არა შენი ქელეხი, არამედ შენი პოეზიის, შენდამი მიძღვნილი პოეზიის ცრემლიან საღამო, რომელსაც იმ მოყმის დედაც ესწრებოდა, რომელსაც ამაყად შეუძლია თქვს: „ერთ შვილ ხომ მაინც გავზარდე ვეფხვებთან მეომარია“...

ამიტომაც გაისმა სუფრაზე შენი დედიკოს მისამართით ვაჟას სიტყვები: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“... ცხადია, არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ბატონმა სუფრის თამადამ გურამ რჩეულიშვილისა და იოსებ ჟორდანიას წმინდა სულებიც მოიხსენია, როგორც შენ მიერ დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილების გასაოცარი ანალოგები - სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის უყოყმანოდ გაწირვისა.

ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი შვილები ჰყავს. იქნებ არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ იმ წელს, როგორც ეს ბატონმა თემურ შაშიაშვილმა გაიხსენა (სხვათა შორის, შენ პირადად არც ბატონი
თემური გიცნობდა და ასეთები დღეს იქ, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ბევრნი იყვნენ), როცა შენ ამქვეყნიერებას მოევლინე, აფხაზეთში გმირულად აღესრულა ჟიული შარტავა.

დიახ! ეს იყო 21 წლის წინ! და აი, 21 წლის შემდეგ ქ. რუსთავში კიდევ ერთი გმირი დაიბადა, რომელმაც, ჩვენდა სავალალოდ, მხოლოდ 21 წელი იცოცხლა და მარადიულ სასუფეველში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი...

შენ ეს შესძელი, ჩემო ოთო, იმიტომაც, რომ შენ ასეთი იყავი, შენ სხვაგვარად მოქცევა, უბრალოდ, არ შეგეძლო. მე და შენმა მეგობრებმა დღეს პირობა მივეცით ერთმანეთს, რომ შენს სახელსა და ღირსებას თვალისჩინივით გავუფრთხილდებით.

ძალიან მესიამოვნა, როცა გავიგე, რომ მათ ჩვენი ვირტუალური მეგობრობის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ...ისიც მითხრეს, თუ როგორ აპირებდი შენ ჩემთვის გაგეცნო „მეცამეტე თვის პოეტები“ - მართლა კარგი ქართველი ყმაწვილები. შენი სახელით ჩვენ დავმეგობრდებით. ვაგლახ, რომ ეს უშენოდ მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენი სული ჩვენ არ მიგვატოვებს!!!...

ვიცი, როგორ გაგახარებდა იმის შეტყობაც, რომ მე და შენ, თურმე, ნათესაური ძაფებიც კი გვაკავშირედა, რის შესახებაც მე მხოლოდ გუშინ გავიგე. იცი, ოთო, ჩემი მეუღლის ბებია (დედის მხრიდან) შენი მოგვარე იყო და გუშინ, როცა მე შენს მშობლიურ ველისციხეში დავრეკე, აღმოვაჩინე, რომ შენს ჭირისუფალთა შორის რამდენიმე ჩვენი ნათესავიც იმდუღრებოდა ცხარე ცრემლებით...

მაგრამ აქვე გამოტეხილად გეტყვი, ეს შორეული ნათესაობა რა მოსატანია იმასთან, თუ როგორი სულიერი მეგობარი და ნათესავი გახდი შენ ჩემთვის ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი გახშირებული ვირტუალური ურთიერთობის შედეგად. ჩვენ ხომ „იმ ავბედითი დღის“ წინა დღეს, 29 ივლისს 13.44 საათზე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შენი უკანასკნელი სიტყვები იყო: „გმადლობთ, ბატონო ლევან!“. მეორე დღეს კი ეს ტრაგედია დატრიალდა!

ახლა მე გეუბნები, ჩემო ოთო: დიდი მადლობა შენ, რომ იყავი ამქვეყნად! დიდი მადლობა შენს გამზრდელ დედას! დიდი მადლობა ყველას, ვინაც კი შენი გმირობა გაიაზრა და გაისიგრძეგანა.

დღეს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც შენი ცხედარი ესვენა, თბილისიდან ჩასულ რამდენსამე კაცს მოგვიახლოვდნენ რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის სახელით მადლობა გვითხრეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსთავი ამაყობს შენით.

მე კი დარწმუნებული ვარ, გავა დრო და, შენით სრულიად საქართველო იამაყებს.

დასასრულ, ისიც მინდა გითხრა, რომ დღეს ჩემი ნაბოლარა ძის - ლუკას დაბადების დღეა. მას 19 წელი შეუსრულდა. წესით ახლა ჩემ ოჯახში სალხინო სუფრა უნდა იყოს გაშლილი, მაგრამ დღეს ეს სრულიად შეუძლებელია. დღეს შენი დღეა და შენთვის დაღვრილი ცრემლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უახლოესი ადამიანის მორიგი დღეობა და ის ამას, რა თქმა უნდა, გაგებით ეკიდება.

ერთადერთი, რაც მე მინდა ვინატრო ჩემი შვილისთვისაც და სხვა ქართველი ყმაწვილებისთვისაც, ისაა, რომ, დაე, მათ შეძლონ შენი სულიერი სიმაღლისათვის თვალის შეწვდენა და შენ მიერ განხორციელებული ჭეშმარიტი გმირობის გააზრება...

მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობარო და უკვე დიადო რაინდო. „დიდება ერსა შენს მშობელს და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს"...



ლევან ღვინჯილია

2
234
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
234
  
2014, 4 აგვისტო, 13:05
ემოციური სიტყვებია.:(:(:(:(
2014, 4 აგვისტო, 9:06
:'( ძალიან ემოციური სიტყვებია
0 1 2