x
image
beko777
Mediator image
ოჯახური ძალადობა - დამალული ქართული პრობლემა
არ გცემს, მაგრამ... როგორ ამოვიცნოთ ემოციური მოძალადე


imageშენს სხეულზე არ არის დალურჯებები და თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოგვარდნია თმიდან შენი რჩეულის მიზეზით. შეიძლება თავდაჯერებით ითქვას, რომ შენი პარტნიორისგან შენზე ძალადობას არა აქვს ადგილი? არა. ემოციური სისასტიკე მსხვერპლზე არანაკლებ შრამებს ტოვებს.
დასავლეთში, განსაკუთრებით კი ამერიკაში კარგ ტონად ითვლება მაღალი ტრიბუნებიდან სხვადასხვა სახის სისასტიკეზე, ძალადობასა და დისკრიმინაციაზე საუბარი. ინგლისურ ენაში ამისი შესატყვისია სიტყვა abuse, რომელიც ზემოჩამოთვლილებთან ერთად სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.


imageოჯახური მოძალეობა, ცემა და ათასგვარი საშინელება – სრულიად სხვა თემაა. ამის გამო სასამართლოში ჩივიან, ციხეში სვამენ და სპეციალურ კლინიკებში მკურნალობენ. მაგრამ მათთან ერთად არსებობს სისასტიკის სხვა სახეობაც – ემოციური. ფიზიკური ძალადობისაგან განსხვავებით, იგი არ ტოვებს სხეულზე კვალს და მისი იურიდიულად დადასტურება შეუძლებელია (თუმცაღა, ამერიკელი ადვოკატებისთვის ესეც შესაძლებელია). ემოციური ძალადობის შედეგები, ფიზიკურის მსგავსად, საშინელია და მისგან თავდაღწევა ძალზე ძნელია.


ლიზიკო მთელი ცხოვრება უკარება გოგო იყო, კლასიკური „კარგი ოჯახიშვილი”. იგი ფორტუპიანოზე უკრავდა, არავის აძლევდა მისი ჩანთის სახლში წამოღების უფლებას და სავსებით დარწმუნებული იყო იმაში, რომ პირველად კოცნის უფლებას მხოლოდ ქორწილის შემდეგ მისცემდა ქმარს. მართლაც პირნათლად ასრულებდა ამ პირობას ოც წლამდე, სანამ არ გაიცნო ალეკო (სხვათაშორის, ისიც „კარგი ოჯახიშვილი იყო) – ლამაზი, თავდაჯერებული, მდიდარი, გალაკტიონის ლექსებს უკითხავდა ლიზიკოს და მთელ კალათ ვარდებს ჩუქნიდა. გამოუცდელი გოგონა მალე წამოეგო ანკესზე და გაცნობიდან სულ მალე შეუღლდნენ კიდეც. პრობლემებმა მათი დაქორწინებისთანავე იჩინეს თავი. როგორც შემდეგ გაირკვა – ლექსები ერთადერთი იყო, რისი სწავლაც ალეკომ შეძლო მთელი ცხოვრების განმავლობაში და ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევისას ცდილობდა იგი თავისი ცოდნის გამომზეურებას. თუმცა, მის უწიგნურობას ვინ ჩივის, ლიზიკოს ბრალდებების საკმაოდ გრძელი ნუსხა წაუყენა:



imageა) აბსოლუტურად არათანამედროვეა და ვერ ახერხებს ვერც მაკიაჟის გაკეთებას, ვერც გემოვნებით ჩაცმას; ბ) არაფერი გაგება თანამედროვე კულტურის; გ) ერთი თეთრის გამომუშავებაც არ შეუძლია თავისით; დ) სექსში ნოლს იმსახურებს; ე) არაფრით გამოირჩევა და მამაკაცში არანაირ ინტერესს არ იწვევს. ლიზიკო იმის ნაცვლად, რომ შეკამათებოდა ალეკოს და ძალზე ბუნებრივი კითხვა დაესვა: „აბა, რაღა ეშმაკად ხარ ჩემთან?” მოიბუზა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა. თვითკრიტიკამ ძალზე უსიამოვნო დასკვნამდე მიიყვანა იგი – ალეკო უფროსია ასაკით, გამოცდილია, ჭკვიანია, ე.ი. იგი მართალია და რომ უსუსური და არაფრის მაქნისი ლიზა მადლობელი უნდა იყოს იმითაც, რომ მის გვერდით ყოფნის საშუალება ეძლევა. ალეკოს რამდენიმე თვე ენერგიული ჩიჩინი მოუხდა, სანამ ამაში დაარწმუნებდა. თანაცხოვრების მესამე წელს სიმპათიური მორცხვი გოგონა შიშისაგან მოცახცაზე არსებად იქცა, რომელსაც გამუდმებით იმაზე ფიქრის სტანჯავს, რომ მიატოვებენ და ამის თავიდან ასაცილებლად მზადაა, ყველაფერი გააკეთოს თავისი ერთადერთი და განუმეორებელი მეუღლისათვის. როგორც იქნა, დაამთავრა კონსერვატორია, თუმცაღა სამსახურის დაწყება არც უფიქრია. სამაგიეროდ, კარგად შეითვისა სამზარეულოს კომბაინის, მტვერსასრუტის და საოჯახო ტექნიკის ანა-ბანა. როცა მათი შეუღლებიდან ოთხი წლის თავზე იგი ალეკომ სხვა ქალში გაცვალა, ლიზიკო ისტერიკაში ჩავარდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ არც ერთი მამაკაცი აღარ შეხედავდა მას. 4 თვე ნაღვლობდა და ევედრებოდა ალეკოს, დაბრუნებულიყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მოლაპარაკება არ შედგა. სრული ხუთი წელი და ახალგაზრდა მამაკაცის სიყვარული დასჭირდა. ლიზიკოს, რათა სათანადოდ შეეფასებინა თავისი გარეგნობა და ღირსებები, რომელთა არსებობაც დიდი ხანია დაივიწყა. ხუთი წელი დასჭირდა იმის გაგებას, რომ ალეკოს ჰქონდა პრობლემები და არა მას! რა თქმა უნდა, ალეკოს თითიც არ დაუკარებია თანაცხოვრების დროს მისთვის. სექსითაც მაშინ კავდებოდნენ, როცა ლიზიკოს უნდოდა (თუმცა, იგი ყოველთვის მზად იყო, რათა არ გაებრაზებინა საყვარელი მეუღლე). მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი ცოლთან დამოკიდებულება განისაზღვრება, როგორც სასტიკი და ძალადობით აღსავსე. სრულიად საღად მოაზროვნე ადამიანსაც რომ გაუმეოროთ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ იგი არაფერს წარმოადგენს, ბოლო-ბოლო, იგი ამას დაიჯერებს.


imageემოციურმა ძალადობამ კანონიერ მეუღლესთან შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა: ყვირილი, შემოსავლის ექსპროპრიაცია, უზომო ეჭვიანობა, დაკითხვა და შენი არსებობის სრული იგნორირება... ასე ის ადამიანები იქცევიან, რომლებიც მანიპულირება და თქვენს მორჩილებას ესწრაფვიან. ხშირად ემოციური ძალადობა წინაპირობაა ფიზიკური ტერორისა. ყოველთვის როდი იწვევს ასეთი ძალადობა ცემის და ფიზიკური შეურაცხყოფის წარმოქმნას, მაგრამ იგი კარგ ნიადაგს ამზადებს ამისათვის.


რაღა თქმა უნდა, ცოლ-ქმარი ჩხუბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ოჯახური ცხოვრება დაკარგავდა თავისი მიმზიდველობის ნახევარს. საქმე ისაა, როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი კინკლაობა ემოციური ძალადობისაგან. ხშირად ძალზე მარტივია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა – გულის ხმას არ უნდა დაუგდო ყური, გონებით უნდა გააანალიზო და შეხედო შენს თავს გვერდიდან. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ გადამწყვეტი ფაქტორია ჩხუბების სიხშირე და პარტნიორის აგრესიულობის ხარისხი. წელიწადში ერთი-ორჯერ უშვებს ორთქლს თუ სისტემატიურად? ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ყველაზე ნაზი და მოსიყვარულე ჯენტლმენიც კი ლანძღავს თავისი გულის დედოფალს. მაგრამ თუ ლანძღვა-გინება სისტემატურ ხასიათს იღებს, მაშინ საქმე უკვე ძალადობასთან გვაქვს. კიდევ ერთი გასაღები ამ საკითხისა: ეს ისაა, თუ როგორ რეაგირებს შენი პარტნიორი მას შემდეგ, რაც ორთქლი გამოუშვა. თუ საყვედურის თქმის დროს ჰკითხავ, რატომ მოგექცა ასე უმოწყალოდ, იგი გიპასუხებს: „თავად იგონებ რაღაცეებს, მე რა შუაში ვარ, თავად გაერკვიე შენს გრძნობებში”, იცოდე, რომ საქმე გაქვს კლასიკურ მოძალადესთან. ეს მათი ყველაზე სტანდარტული პასუხია, რომლის საფუძველი ისაა, რომ საკუთარ საქციელზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღონ.


imageემოციური ძალადობის პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღევანდელ დღეს მან ძალზე მასშტაბური ხასიათი მიიღო. თუმცაღა, ეჭვგარეშეა, რომ: ნებისმიერ ქალს, რაც უნდა ძლიერად იყოს დამოკიდებული და მიჯაჭვული თავის პარტნიორზე, რაც უნდა ძლიერი ემოციური ძალადობა ხდებოდეს მასზე, ყოველთვის აქვს არჩევანი – ან აღიაროს პრობლემის არსებობა და თავი დააღწიოს მას (თავად ან გარშემომყოფების დახმარებით), ან მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ გაატაროს.


რა არის ემოციური ძალადობა?


აი, რამდენიმე კლასიკური ნიშანი იმისა, რომ შენ მართლაც სასტიკად გექცევიან:


* გიყვირის ნებისმიერ უმნიშვნელო რამეზეც კი;
* ცდილობს, გააკონტროლოს შენი ყველა დანახარჯი;
* უნდა იცოდეს, სად და ვისთან ერთად ხარ, ყოველ წუთს გამოწმებს და გიწყობს სცენებს, როცა სახლში ბრუნდება;
* გამცირებს მეგობრებისა და კოლეგების თანდასწრებით;
* გამუდმებით აკრიტიკებს შენს გარეგნობას, იდეებსა და გადაწყვეტილებებს;
* ღიად ეარშიყება ან გღალატობს სხვა ქალებთან;
* შენს გრძნობებს იგნორირებას ან ცინიკურ კომენტარს უკეთებს.


image


image


image




0
220
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0