x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები კონფლიქტების სადარაჯოზე
დღეს, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ვხვდებით უამრავ განსხვავებული პოლიტიკური კურსის, შეხედულებების, მიზნების მქონე აქტორებს, რომელთა ინტერესებიც ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს ყველას გვიჩნდება კითხვა თუ როგორ მიიღწევა მშვიდობა დღევანდელ მსოფლიოში, რატომ შეიცვალა ომის მახასიათებლები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რატომ აღარ ვხვდებით ისეთ ფართომაშტაბიან კონფლიქტებს, როგორებსაც მეორე მსოფლიო ომამდე ვხვდებოდით. ვფიქრობ, ერთ-ერთი პასუხი ამ კითხვაზე საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობაა, რომლებიც ნამდვილად დიდ როლს ასრულებენ გლობალური ძალადობის შემცირების საქმეში. უდავოა, რომ ორივე მათგანი ეხმარება დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. განვიხილოთ თითოეული მათგანი და ის ხერხები, რომელთა გამოყენებითაც ეს ინსტიტუტები ცდილობენ მოწინააღმდეგეთა ინტერესების კოორდინაციას და დაპირისპირებული მხარეებისთვის კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზების შეთავაზებას.


საერთაშორისო სამართალი


საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის წესების ერთობლიობაა, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოთა და საერთაშორისო სისტემის სხვა სუბიექტთა მიერ იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს, რომლებიც თავს იჩენენ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალზე საუბრისას, აუცილებელია გავცეთ პასუხი კითხვაზე თუ რატომ იცავს სახემწიფოთა უმრავლესობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს საერთაშორისო სისტემის ისეთ პირობებში, სადაც არ არსებობს მსოფლიო მთავრობა, რომელიც შეიმუშავებს საერთო, სავალდებულო კანონებს და საერთაშორისო პოლიცია, რომელიც გააკონტროლებს ქვეყნების ქმედებებს, მათ მიერ კანონების დაცვას. არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ქვეყნები თანხმდებიან საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე. პირველი ეს არის ის, რომ სახელმწიფოები ცდილობენ კარგი რეპუტაციის შენარჩუნებას სხვათა თვალში. ისინი მოქმედებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ ნდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანარქიული საერთაშორისო სისტემის ფარგლებში. მეორე მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ქვეყნები ასეთი საქციელით იძენენ მოკავშირეებს, რისი მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში უფრო ადვილად იგერიებენ საგარეო საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართალი საზოგადოებრივი აქტივობების ძალიან ბევრ სფეროში მოქმედებს. ამის მაგალითებია: საერთაშორისო ვაჭრობის, ადამიანთა უფლებების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გარემოს დაცვის და სხვა საერთაშორისო კანონები.


საერთაშორისო სამართალი დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა გზებს სთავაზობს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:



მედიაცია- მესამე მხარე ცდილობს საკუთარი არასავალდებულო ხასიათის გამოსავალი შესთავაზოს დაპირისპირებულ მხარეებს.


მომრიგებლობა- მესამე მხარე ეხმარება დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ გამოსავალს არ სთავაზობს.


არბიტრაჟი- მესამე მხარე სთავაზობს დაპირისპირებულ მხარეებს სავალდებულო ხასიათის მქონე გამოსავალს, გადაწყვეტილება მიიღება Ad hoc ფორუმზე.


კარგი ოფისები- მესამე მხარე სთავაზობს დაპირისპირებულ მხარეებს საკუთარ ლოკაციის ადგილს კონფლიქტის განსახილველად, მაგრამ თვითონ არ მონაწილეობს განხილვაში.


განაჩენი-მესამე მხარე სავალდებულო ხასიათის გამოსავალს სთავაზობს დაპირისპირებულ მხარეებს ინსტიტუციონალიზებული ტრიბუნალის მიერ საკითხის განხილვის შემდეგ.


როგორც ვნახეთ, საერთაშორისო სამართალი დაპირისპირებულ აქტორებს კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა გზებს სთავაზობს, მართალია საერთაშორისო სამართალს ხშირ შემთხვევაში გააჩნია გაკვეული შეზღუდვები, რაც შეიძლება გამოიხატოს ძლიერის მხრიდან მისი სუსტის ჩაგვრის ინსტრუმენტად გადაქცევაში, მისი პრინციპების მრავალმხრივად ინტერპრეტირების საშუალებაში, ან თუნდაც იმაში, რომ საერთაშორისო სამართალს აკლია უნივერსალურობა( ყველა, ვისაც ის ეხება, მას არ აღიარებს) და იგი არსებული პრაქტიკის დაკანონებას მცირედით აღემატება, მაგრამ მიუხედავად ამ შეზღუდვებისა საერთაშორისო სამართალი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას საერთაშორისო სისტემაში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. ახლა კი განვიხილოთ ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.


საერთაშორისო ორგანიზაციები


საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საერთაშორისო ცხოვრების მოწესრიგების ყველაზე განვითარებულ და მრავალმხრივ მექანიზმებს.თანამედროვე მსოფლიოში უკანასკმნელი ორი ათწლეულის მანძილზე საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვის ზრდა მეტყველებს.როგორც უკვე ავღნიშნე, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საერთაშორისო ცხოვრების რეგულირებაში ძალიან დიდია. ასეთი ორგანიზაციები ქმნიან კოოპერატიულ ველს წევრ-სახელმწიფოებს შორის. ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებზე საუბრისას მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, აუცილებელია ვახსენოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის ძალისხმევაც თანამშრომლობისა და მშვიდობის მხარდაჭერის საქმეში ძალიან დიდია. თავისი არსებობის მანძილზე, გაერომ განახორციელა უამრავი სხვადასხვა მისია, სამშვიდობო აქცია თუ სამხედრო ოპერაცია კონფლიქტების მოგვარების საქმეში. რაც ყველაზე მთავარია, გაეროს მოქმედების არეალი ასევე ვრცელდება კონფლიქტისშემდგომი რეაბილიტაციის და პრევენციული დიპლომატიის განხორციელების კუთხით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მრავალჯერ იკისრა შუამავლის როლი ქვეყნებს შორის დაპირისპირების დროს. ამა თუ იმ ფორმით გაერო ჩართული იყო "ცხელ წერტილთა" უმრავლესობაში კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში- სომალი, მოზამბიკა, კამბოჯა, ცენტრალური ამერიკა, ჰაიტი, ავღანეთი, ახლო და შუა აღმოსავლეთი, რუანდა, საქართველო, ტაჯიკეთი, ყოფილი იუგოსლავია, დასავლეთ საჰარა. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ 1962 წლის კუბის კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაეროს გენერალური მდივანი უ. ტანი. რაც შეეხება ინსტრუმენტებს რისი მეშვეობითაც ხდება მორიგება, ესენი შეიძლება იყოს: სანქციების დაწესება სხვადასხვა სფეროებზე, იძულებითი განიარაღება, ჩარევა, ინტერვენცია და სხვა. ვფიქრობ, გაეროს მაგალითის მოყვანა რელევანტურად ასახავს იმ როლს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ასრულებენ კონფლიქტების მოგვარებისა და დაპირისპირებული მხარეების მომრიგებლობის საქმეში.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა სხვა მრავალ მექანიზმთან ერთად ხელს უწყობს იმ ახალი გამოწვევების მშვიდობიანად მოგვარებას, რაც დღესდღეობით კონფლიქტურ ველს ქმნის საერთაშორისო სისტემაში მოქმედ აქტორებს შორის.

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:ნინი მამალაძე
ნინი მამალაძე
360