x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135687
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
გენდერული (უ)თანასწორობა

გენდერული თანასწორობის დამყარება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს უმეტეს
ქვეყნებში. ტერმინი „გენდერი“ აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად ჩამოყალიბებულ
როლებს, რომლებიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. გენდერული როლები დამოკიდებულია
კონკრეტულ სოციო- ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა
ფაქტორების გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციის და ასაკის
მიხედვით. სხვადასხვა კულტურის ფარგლებში გენდერული როლები შეიძლება განსხვავებული
იყოს. თუმცა ყველა კულტურაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის დამყარება. გენდერული
თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალს და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული
შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაიისთვის. ისინი თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად
უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი შესაძლებლობებითა და რესურსებით. თუმცა ეს ბალანსი
ხშირად დარღვეულია.



ჩვენი ქვეყანაც არ არის გენდერული ბალანსის მხრივ სამაგალითო ქვეყანა. ჩვენთანაც
არსებობს სტერეოტიპები, რაც ხელს უწყობს გენდერული დისბალანსის შექმნას ქვეყანაში.
ეს იმ კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. დაბადებიდან არსებობს
სტერეოტიპები ბიჭსა და გოგოზე. ჯერ კიდევ შემორჩენილია ის დამოკიდებულება, რომ შვილი
ბიჭი უნდა გყავდეს თანაც თუ პირველივე გეყოლება უმჯობესია (განსაკუთრებით მამაკაცებში).
მერე კი დაიბადება ბიჭი და მაშინვე ცისფერ ტანსაცმელებს ვაცმევთ, ცოტა წამოიზრდება,
ფეხს იტკენს ტირილს დაიწყებს და მაშინვე ვეუბნებით, რომ გოგოსავით არ იტიროს. გოგოსგან
კი ყოველთვის სინაზესა და სინატიფეს მოვითხოვთ, ის ხომ გოგოა და თოფებით თამაში სად
გაგონილა. არც პროფესიის არჩევაში დაგვავიწყდეს გენდერის როლი. ბიჭები აუცილებლად
„მამაკაცურ“ პროფესიებს უნდა დაეუფლონ, გოგონებმა კი მაინც უმჯობესია დიასახლისობაზე
და დედობაზე იფიქრონ. სწორედ ამ და კიდევ სხვა
სტერეოტიპების საფუძველზე იქმნება გენდერული დისბალანსი. მამაკაცი ძლიერ, ჭკვიან (უფრო
მათემტიკური გონება, რომ აქვთ ისეთ ადამიანებად ითვლებიან), სხარტ ადამიანებად ითვლებიან.
ამიტომაც ხშირია, რომ სხვადასხვა ვაკანსიაზე უპირატესობას მამაკაცს ანიჭებენ მიუხედავად
იმისა, რომ ასევე კონკურენტი ქალი საკმაოდ ჭკვიანი და შესაბამისი გამოცდილების მქონე
შეიძლება იყოს. ამიტომაც ხშირად ქალი მამაკაცზე დამოკიდებული ხდება, რაც კიდევ უფრო
აკნინებს ქალების თვითშეფასებას.



კულტურა განპირობებს იმას, თუ რა ქმედებები არის მიჩნეული ქალისთვის ან მამაკაცისთვის
შესაფერისად. გენდერული სტერეოტიპების მოშლა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია გენდერული
ბალანსის შესაქმნელად. ამ სტერეოტიპების მოშლა რთულია ისეთ კულტურაში, სადაც პატრიარქალური
წყობა ბატონობდა და ბატონობს. საქართველოც ამ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, თუმცა ამ
ბოლო დროს შეიმჩნევა სტერეოტიპების მსხვრევის ტენდენცია ახალ თაობებში განსაკუთრებით.
გენდერული თანასწორობა ადამიანის ძირითადი უფლებაა, იგი ქალისა და მამაკაცის განვითარებისა
და კეთილდღეობის ძირითადი მახასიათებელია. ადამიანი საკუთარ ძალებში უფრო დარწმუნებული
იქნება და თვითშეფასებაც გაეზრდება თუ არსებული გენდერული სტერეოტიპები განადგურდება.
მაშინ მასზე აღარ იარსებებს ზეწოლა, თავი ისეთად წარმოაჩინოს, როგორიც სინამდვილეში
არ არის. ინდივიდს აქვს არჩევანის გაკეთების საშულაება, ქალია ეს თუ კაცი. სტერეოტიპების
გაქრობა ადამიანს მისცემს თავისუფლებას, იცხოვროს ისე როგორც მას სურს.



ამრიგად, ამ პრობლემის მოგვარებაში თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობა და ჩართულობა
უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული რეალობა და ვიფიქროთ ამ სტერეოტიპების
დმსხვრევაზე, რაც ხელს უწყობს გენდერული დისბალანსის შექმნას ქვეყანაში. თუმცა ისიც
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ადვილი და სწრაფი პროცესი, ამას დრო ჭირდება, რადგან
ეს სტერეოტიპები ჩვენს კულტურაში ფესვებგადგმულია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი
შეიცვლება და გენდერული თანასწორობა დამყარდება, რადგან ბოლო პერიოდში ამ მხრივ წინსვლა
განსაკუთრებულად შეიმჩნევა ადრინდელ პერიოდთან შედარებით.


0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
89