x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
კონფორმიზმი და ინდივიდუალიზმი
ადამიანის, როგორც ფსიქოფიზიკური ორგანიზმის სოციალური ქცევა მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფაქტორებით შეიძლება იყოს დეტერმინირებული. კულტურით განსზღვრულ მიზნებსა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებისადმი ინდივიდის ადაპტაციის რამოდენიმე ტიპი გამოიყოაფა. ინდივიდუალიზმისა და კონფორმიზმის ფენომენი უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანის გარე სინამდვილესთან შეგუების ფორმები, გარე სინამდვილე ხომ მხოლოდ ფიზიკური სამყაროთი არ ამოიწურება. ინდივიდს, როგორც სოციუმის ცალკეულ წარმომადგენელს ლოგიკურია უწევს მიიღოს ესა თუ ის სოციალური როლი და დაემორჩილოს ამა თუ იმ სოციალურ ნორმას. ასეთ შემთხვევაში გარკვეულწილად სახეზეა კონფორმულობის და ინდივიდუალურობის გამოვლენა სოციალური მოლოდინების მიმართ.

ფსიქოლოგიაში გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვით კონფორმულობა წარმოდგენილია, როგორც ფენომენი, რომელშიც პიროვნების როლი ნიველირებულია საზოგადოების ჯგუფის დიქტატის გამო. კონფორმიზმი ადაპტაციის ფორმად შეიძლება განვიხილოთ, რომელიც მაშინ ვლინდება, როცა ინდივიდისათვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიცა და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალ-კულტურული გარემოს მახასიათებელია. კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს. საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმები, იქნება ეს დაწერილი თუ დაუწერელი, ექსპლიცისტური თუ იმპლიციტური, ადამიანთა უმრავლესობის მორჩილებას იწვევს. ესაა ძლიერი ტენდენცია კონფორმულობისკენ, იმოქმედო საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად. თუმცა, ფაქტია რომ სოციალური ნორმების შესაბამისი ქცევა საზოგადოებას სოციალური ანარქიისგან იცავს. კონფორმიზმის დროს პიროვნება გამოდის, როგორც ჯგუფის გავლენის პასიური მიმღები ან არ მიმღები. სავსებით უგულებელყოფილია პიროვნების აქტიური საწყისი, რომელიც ფაქტიურად ყოველთვის ვლინდება სოციალურ გარემოსთან შეგუების ნორმალურ პირობებში. პიროვნება - ესაა არჩევანის შესაძლებლობა. პიროვნება უმრავლესობის გავლენის რთულ სიტუაციაშიც კი ფაქტიურად თვითონ ირჩევს მიიღოს, დაეთანხმოს გავლენას, თუ არა. ეს არჩევანი შეიძლება მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ან გაუცნობიერებული იყოს. ამ დროს საქმე გვაქვს ინდივიდუალიზმთან, რომელიც ინდივიდის თავისუფალ არსს აღიარებს. ინდივიდი დამოუკიდებელია სოციუმისგან და შეუძლია არსებობა განაგრძოს ყოველგვარი ჩარევების გარეშე. ინდივიდუალიზმი ნებისმიერი იძულებისგან შორს დგას და თავის თავში მოიაზრებს იდეას, რომ პროგრესი მხოლოდ ნებაყოფლობითი ურთიერთობითაა შესაძლებელი ორ ან მეტ ინდივიდს შორის. ეს არ ნიშნავს ხედვას, რომ ინდივიდუალიზმი ქმნის საზოგადოებას, სადაც ყველა თავკერძაა და არ არსებობს სოციალური ურთიერთდახმარების ნებაყოფლობითი პრინციპები, მაგრამ ინდივიდუალიზმისათვის მიუღებელია აიძულო დაეხმარო სხვას. და რაც მთავარია: ინდივიდუალიზმი გათავისუფლებულია არსებული შეზღუდვებისგან, ანუ იგი ავტორიტეტისგან დამოუკიდებელ და თავისუფალ საზოგადოებაზეა ორიენტირებული.

ვინ არიან კონფორმისტები? კონფორმისტია ადამიანი, რომელსაც არსებული წესრიგისა და სოციალური გარემოს მიმართ ჯანყის სურვილი არ უჩნდება, არ სურს ამურთიერთობებისაგან გარიყვა, ინდივიდი ავტომატურად, კრიტიკული გააზრების გარეშე ეთანხმება სოციალურ ნორმებს. ისინი ჯგუფის, უმრავლესობის გავლენით იცვლიან თავიანთ პოზიციებს, შეხედულებებს, ატიტუდებს, მაშინაც კი როცა უმრავლესობა მცდარია. ადამიანები ხშირად კონფორმულები არიან, რათა ჯგუფის შიგნით უსაფრთხოდ გრძობდნენ თავს. ადამიანები ჯგუფში ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც ერთმანეთის მსგავსს, როგორც ”ერთ ნავში მსხდომთ”. მოტივი ”იყვნენ ერთ-ერთი სხვებს შორის” იწვევს კოგნიტურ და ემოციურ გრძნობას ”ჩვენ ვართ ჯგუფი”. ჯგუფის წევრები საჭიროდ თვლიან გაამართლონ თავისი ჯგუფის არსებობა, თითოეული თავისი აზრით ქმნის ჯგუფის მიზანს. აგრძელენენ რა ერთმანეთთან ურთიერთქმედებას, ინდივიდუალური მიზნები და პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც თითოეულ მათთაგანს გააჩნია უფრო და უფრო კონფორმისტული ხდება. კონფორმულობაზე უარის თქმა “სოციალური უარყოფის” სერიოზულ რისკს იწვევს და კონფორმულობა ჯგუფის მიერ ინდივიდის ჩაგვრისა და განკიცხვის თავიდან ასაცილებლ უსაფრთხო საშუალებაად შეიძლება ჩაითვალოს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენა არაკონფორმისტი ადამიანის შესახებ ნათელია. არაკონფორმისტია ის, ვინც წინააღმდეგობას უწევს უმრავლესობის გავლენას, საკუთარი აზრის, შეხედულების, დამოკიდებულების დაფიქსირების უნარი აქვს და პიროვნების სიმყარით გამოირჩევა, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ინდივიდია.

ფსიქოლოგიის ისტორიაში მრავლი ექსპერიმენტი თუ კვლევა მიეძღვნა კონფორმულობის შესწავლას, მაგალითად შერიფის აუტოკინეტიკური ეფექტის ექსპერიმენტი (1935), სოლომონ ეშის ხაზის ექსპერიმნეტი (1951), გრათჩფილდის კონფორულობის ექსპერიმენტი (1955), მილგრამის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტების დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს, უმჯობესია აღვნიშნო კონფორმული ქცევის ინდივიდუალური სხვაობები. კერძოდ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი, მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანთან შედარებით უფრო კონფორმულია; ასევე მკვეთრად გამოხატული კონფორმულობით ხასიათდება ის ადამიანი, რომელიც სოციალური მხარდაჭერის ძლიერი მოთხოვნილება აქვს; ადამიანი, რომელსაც კონტროლის გარეგანი ლოკუსი აქვს(ანუ ის, ვინც ფიქრობს, რომ საკუთარ ცხოვრებას გარეგანი ძალები წარმართავს და თავად უძლურია ბედისწერის, იღბლის მოწალების და სხვა არაკონტროლირებადი გარეგანი ძალების წინაშე) უფრო კონფორმულია, ვიდრე შინაგანი ლოკუსის მქონე ადამიანი(მას შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ მაქსიმალური გახადოს დადებითი შედეგების შესაძლებლობა და მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგების ალბათობა). სუბიექტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების არც უნარი და არც გამოცდლიება არ აქვს, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, გადაწყვეტილების მიღებას ჯგუფს ანდობს და ჯგუფი მის ქცევის მოდელად იქცევა; და ბოლოს, მორჩილების არსებობა წარმოიშობა ადამიანის შეხედულებისაგან, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავს სხვა ადამიანების სურვილების შესრულების ინსტრუმენტად განიხილავს და სწორედ ამიტომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. კონფორმისტი ადამიანისგან განსხვავებით, ინდივიდუალისტი განიხილება როგორც მტკიცე, შეკრული და სოციალური კონტექსტიდან გამოყოფილი ინდივიდი, რომელსაც ახასიათებს სიმარჯვე, უნიკალურობა და საკუთარი გრძნობებისა თუ შეხედულებებს გადმოცემის უნარი, შინაგანი შესაძლებლობების რეალიზაცია და ამაღლება, კომუნიკაციის დროს პირდაპირია და პირადი წარმატებებით გამოირჩევა. სხვებთან მიმართებაში ინდივიდუალისტები უპირატესობას ანიჭებენ თავის იდეებს, გრძნობებს, ქცევას, წარმატებებს, ვიდრე სხვების აზრს საკუთარი თავის შესახებ, შესაბამისად მცირეა ალბათობა იმისა, რომ სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. ამდენად, ინდივიდუალისტური ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას მეტად ორიენტირებულია საკუთარ შესაძლებლოებსა და ატიტუდებზე და ნაკლებად - რელატიურ და კონტექსტურ ფაქტორებზე.


სოციალური მეცნიერებების სფეროში ჩატარებული კვლევები საოცრად პრაქტიკულ და მნიშვნელოვან იარაღს სთავაზობს საზოგადოებას ადამიანის ჯგუფთა აქტივობის ანალიზისა და, უფრო მეტიც, მართვისთვის. სოციალურ გარემოში, რომელიც ინდივიდებით, ადამიანთა ჯგუფებითა და კოლექტივებითაა წარმოდგენილი, ადამიანი ირჩევს შეგუების სხვადასხვა ფორმას. კონფორმიზმი და ინდივიდალიზმი საზოგადოებასთან შეგუების ფორმებად გვევლინება და ისინი ადამიანის ფსიქიკის ზოგად კანონზომიერებებს განაპირობებენ. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შინაგანი თვისებების კონფიგურაციით, შესაბამისად, განსხვავდება ინდივიდუალური ქცევაც. ადამიანის ინდივიდად ქცევისათვის საჭიროა თავისუფლება, თავისუფლებისათვის მოვლენათა სწორი ანალიზი, ანალიზისათვის კი ცოდნის მიღება და საკუთარი თავის შეცნობა.

0
269
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ანა თოფურია
ანა თოფურია
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0