ცომეული უნივერსალური ფენოვანი ცომი - ხაჭაპურიდან კრუასანამდე 2014, 28 ივნისი, 21:51 ფენოვანი ცომი ერთ-ერთი ის უნივერსალური მასალაა, რისგანაც შეიძლება მოვამზადოთ როგორც ხაჭაპური და ნებისმიერი შიგთავსის ღვეზელი, ასევე ნაპოლეონი, კრუასანი თუ უბრალოდ შაქრიანი ორცხობილა. მართალია, ბევრი ჩვენგან ამგვარ ცომს უკვე მომზადებულსა და გაყინულს მაღაზიაში ყიდულობს, მაგრამ დამერწმუნეთ, მისი სახლში მომზადება საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ინახება საყინულეში და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამჯერად გთავაზობთ უნივერსალური ფენოვანი ცომის კარგად გამოცდილ რეცეპტს, რომელიც, თუ ზისტად მიჰყვებით მითითებებს, არასოდეს "გიღალატებთ". პირველ რიგში ვამზადებთ შიგთავსს: 200 გ. მარგარინს (კარგად გაციებული და გამყარებული) და 2/3 ჩ.ჭ. ფქვილს ავკეპავთ და შევკრავთ გუნდად. არავითარ შემთხვევაში არ ვზელთ! გადავდივართ ძირითად ცომზე: 2 ჩ.ჭ ფქვილს ვამატებთ 1/4 ს.კ. ძმარს და მარილს. ცალკე ჩაის ჭიქაში გავთქვიფავთ 1 კვერცხს, ჭიქალს 2/3-ზე შევავსებთ ოთახის ტემპერატურის წყლით და კარგად მოვურევთ. ჩავასხამთ ფქვილში და მოვზელთ რბილ ცომს. ცომს გავაბრტყელებთ (არც ძალიან თხლად!) და მასზე მოვათავსებთ მარგარინის გუნდას. გადავახვევთ კონვერტისებურად და ვდებთ მაცივარში 30 წუთით. უმჯობესია მაცივარში ყოფნისას არც თავსახური დავახუროთ და არც ცელოფანში ჩავდოთ! შემდეგ გამოვიღებთ, გავაბრტყელებთ, ისევ კონვერტისებურად დავკეცავთ და ისევ 30 წუთით შევდებთ მაცივარში. დროის გასვლის შემდეგ იგივე პროცედურას გავიმეორებთ და ცომი მზადაა გამოყენებისთვის. თუ ცომის დიდი ხნით შენახვა გვინდა, შეგვიძლია პოლიეთილენის პაკეტში ჩავდოთ და საყინულეში შევინახოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარი ცომით შეგვიძლია ნებისმიერი შიგთავსის ღვეზელის, ხაჭაპურის, ორცხობილის, კრუასანისა თუ ნაპოლეონის მომზადება. 37269 2-ს მოსწონს
|