საზოგადოება ფოტოსურათებზე აღბეჭდილი რეალური ისტორიები, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ (მეორე ნაწილი) 2014, 26 ივნისი, 20:26 ვაგრძელებთ ფოტოსურათებით გადმოცემული საზარელი და სულისშემძვრელი ისტორიების გახსენებას.
6.ბლანშ მონიეს ისტორია ამ ფოტოს შეხედვისას შეიძლება გაიფიქროთ, რომ ის კადრია საშინელებათა ფილმიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რეალური ფოტოა საკმაოდ შემზარავი ისტორიით. მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის ქალაქ პუატიეში ცხოვრობდა მონიების ოჯახი. ოჯახი საშუალო ფენის მწვერვალს მიეკუთვნებოდა, მათ მთელ ოლქში პატივს სცემდნენ, ხოლო კეთილ საქმეთა კომიტეტმა ოჯახის უფროსს გაწეული ქველმოქმედებისათვის ჯილდოც კი გადასცა, რომლითაც მხოლოდ საპატიო მოქალაქეებს აჯილდოებდნენ. ერთ დღეს ოჯახიდან 25 წლის ბლანშ მონიე გაქრა- 25 წლის ულამაზესი ქალიშვილი. გოგონას ყველგან ეძებდნენ, მაგრამ მისი კვალის პოვნა ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებზე ეჭვიც კი არავის მიუტანია. საშინელ სიმართლეს მხოლოდ 25 წლის შემდეგ აეხადა ფარდა, როცა პარიზის პროკურორმა მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც წერდნენ, რომ მონიების ოჯახში ცხოვრობდა ქალი, რომელიც ჩაკეტილი ჰყავდათ ბნელ ოთახში, მას კვირეობით აშიმშილებდნენ და უბედური თავისივე ექსკრემენტებით და მკბენარებით სავსე საწოლში იწვა, რომელზეც ფეხით ჰყავდათ მიბმული. როცა პოლიციამ ბლანში იპოვა ჩაკეტილ ოთახში, მისი წონა 23 კილოს ძლივს აღწევდა. საბრალო ქალს მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მზის შუქი არ ენახა. მიზეზი ქალის ჩაკეტვისა იყო ის, რომ დედას და ძმას არ უნდოდათ ბლანში სოციალური მდგომარეობოთ მასზე ნაკლებ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, რასაც ის აპირებდა 25 წლის წინათ. მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ბლანშმა ოდნავ მოიმატა წონაში, მისი ფსიქიური მდგომარეობა მკურნალობას არ დაექვემდებარა და საბრალო ქალი სამიოდე წლის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. 2.ავტოგრაფი საკუთარი მკვლელისათვის ეს ფოტოსურათი ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს. მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ აძლევს ავტოგრაფს ჯონ ლენონი მარკ დევიდ ჩეპმენს-ადამიანს, რომელიც ექვსიოდე საათის შემდეგ მას სიცოცხლეს გამოასალმებს. თავდაპირველად ჩეპმენი "ბითლზების " ფანატი იყო და ლენონს ლამის აღმერთებდა, მაგრამ შემდეგ ის გადაეშვა რელიგიაში და ფანატიკოსი ქრისტიანი გახდა. მან ზურგი აქცია საყვარელ ჯგუფს, თვლიდა რა, რომ ისინი პოპულარობით მალე იესო ქრისტეს გაუსწრებდნენ. ამასთან ერთად ჩეპმენი წყობილებიდან გამოჰყავდა ლენონის ირონიულ დამოკიდებულებას მატერიალური ფასეულობების მიმართ, რადგან მისი სიმდიდრე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სიმღერა «Imagine»-ის ტექტს. გამოდიოდა, რომ ლენონი თავად სულაც არ ცხოვრობდა ისეთი ცხოვრებით, რასაც თავისი სიმღერებით პროპაგანდას უწევდა. როცა ლენონი თავის ბინიდან გამოვიდა, რათა სტუდიაში წასულიყო ახალი ალბომის ჩასაწერად, ჩეპმენმა ის შეაჩერა და ავტოგრაფი თხოვა. მუსიკოსმა, რომელსაც არაფერი უეჭვია, ხელი მოაწერა ფირფიტას და გააგრძელა თავისი გზა. რამოდენიმე საათის შემდეგ, როცა ლენონი სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდა, ჩეპმენი დაუდარაჯდა მას. როცა ლენონი მას მიუახლოვდა, მკვლელმა დაუძახა :"ეი, მისტერ ლენონ" და შემობრუნებულ მუსიკოსს ხუთი ტყვია დაახალა. ჩეპმენი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა, ის ასფალტზე იჯდა და მოთმინებით ელოდა პოლიციის მოსვლას. 3. ჯეიმს ბალჯერის სულისშემძვრელი ისტორია ჯეიმს ბალჯერი კინსკიდან, მესრისაიდის საგრაფოდან იყო, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ის დაღუპვიდან ერთი კვირის შემდეგ სამი წლის უნდა გამხდარიყო. საბრალო ბავშვი მოიტაცეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს. ჯეიმსი გაქრა სავაჭრო ცენტრში ყოფნისას იმ დროს, როცა დედამისი ხორცეულის სექციაში პროდუქტებს ყიდულობდა და რაც ყველაზე საზარელია-მომტაცებლები აღმოჩნდენ ათი წლის ყმაწვილები-რობერტ ტომპსონი და ჯონ ვენებსლი, რომლებიც იმ დღეს სკოლიდან გამოიპარნენ. თუმცა ეს მათთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ბიჭები ხშირად აცდენდენ სკოლას და სავაჭრო ცენტრში დასეირნობდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციას განუცხადა, რომ სავაჭრო ცენტრში ისინი იპარავდნენ საფულეებს, სურსათს, სხვადასხვა წვრილმან ნივთებს, მაგრამ იმ დღეს მათ თავში მოუვიდათ იდეა რომელიმე პატარა ბავშვი გაეტაცებინათ და მატარებლის თვლების ქვეშ ჩაეგდოთ. აქ წარმოდგენილი ფოტო - ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული კადრია. მასზე ჩანს, თუ როგორ გაჰყავთ ხელჩაკიდებულ ტომპსონს და ვენებსლს პატარა ბალჯერი სავაჭრო ცენტრიდან. ერთი შეხედვით თითქოს საგანგაშო არაფერია- ორ უფროს ძმას პატარა ძამიკო მიჰყავს ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრიდან. მაგრამ ამ კადრის უკან რეალობაა, რომელიც სულ გიყინავთ. ამ მონსტრების წყვილმა აიძულა 3 წლის პატარა ოთხი კილომეტრი გაევლო საკუთარ სიკვდილთან შესახვედრად. მათ ის წაიყვანეს ქალაქგარეთ სარკინიგზო მაგისტრალთან ახლოს. იქ ორმა სადისტმა მოზარდმა ისე საშინლად აწამა ბავშვი, რომ ამის დასაწერად ძალა არ მყოფნის, შემდეგ საბრალო პატარას თავში 10-კილოგრამიანი რელსი ჩაარტყეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ის ფაქტი, რომ ეს სიმხეცე ჩაიდინეს თავადაც ბავშვებმა, რომლებიც სათამაშოებით უნდა თამაშობდნენ და არა პატარებს ხოცავდნენ-ეს მკვლელობა ასმაგად შემზარავია. 4.დაივერი ოკეანის ფსკერზე ერთი შეხედვით, ამ სურათზე საგანგაშო არაფერია-აკვალანგისტების წყვილი ცურავს ოკეანის სიღრმეში და ათვალიერებს წყალქვეშა ბუნებას. მაგრამ ფოტოს კარგად თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი გაუნძრევლად წევს ოკეანის ფსკერზე. მართლაც ამ ფოტოს უკან კიდევ ერთი შემზარავი ისტორია იმალება: ფოტო გადაიღო ჰარი გემბერმა, წინა პლანზე მისი ცოლია, ხოლო ორი დანარჩენი ადამიანი - ტინა უოტსონი და მაშველი-დაივერია. ტინა და მისი ქმარი გეიბი -ალაბამელი წყვილი, ავსტრალიაში ჩამოვიდნენ თაფლობის თვის გასატარებლად, რომ დიდი ბარიერული რიფის სიღრმეში ჩაეყვინთათ, მაგრამ სამწუხაროდ, ტინას ოკეანის ზედაპირზე ცოცხალი დაბრუნება აღარ ეწერა. როგორც გეიბმა სასამართლოზე განაცხადა, ტინა მძლავრმა დინებამ ჩაითრია, ქმარმა სცადა დახმარება, მაგრამ მორევი სულ უფრო და უფრო ითრევდა ტინას, გეიბმა მეტი ღრმად ჩაყვინთვა ვერ შეძლო და მაშველების დასაძახებლად ამოცურა ზედაპირზე, მაგრამ შველა უკვე დაგვიანებული იყო. ტინა უსიცოცხლოდ იწვა ოკეანის ფსკერზე. სამწუხაროდ, ჩატარებულმა ექსპერტიზამ სულ სხვა სურათი აჩვენა: გეიბმა სპეციალურად გადაკეტა ტინას აკვალანგში ჟანგბადი და ხელით ეჭირა მილი მანამდე, სანამ ქალი უჰაერობისაგან გონებას დაკარგავდა, შემდეგ მან ჟანგბადი ისევ გახსნა, რათა ეჭვი მასზე არ აეღოთ. ამ დროს ქალი უკვე მკვდარი იყო. სასამართლოზე გეიბმა აღიარა, რომ ამ გზით 220 000 დოლარის დაზღვევის მიღებას აპირებდა. ასე დასრულდა საბრალო ქალისათვის საბედისწერო თაფლობის თვე. 5. ჯონსთაუნი არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჯონსთაუნში მომხდარი ძალიან სამწუხარო ფაქტი. მასობრივმა თვითმკვლელობამ, რომელიც სექტის " ხალხის ტაძარი" ქარიზმატული ლიდერის ჯიმ ჯონსის ქადაგების შედეგად მოხდა, 918 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მასობრივი თვითმკვლელობა და მწარე შეხსენება იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს პიროვნების კულტმა. 2011 წლის 11 სექტემბრამდე ეს ფაქტი ითვლებოდა ადამიანების ყველაზე მასობრივ წინასწარგანზრახულ ერთდროულ განადგურებად აშშ-ის ისტორიაში. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფაქტს სწორედ მკვლელობად და არა თვითმკვლელობად თვლის. ჯიმ ჯონსის ბრძანებით გაკეთებული იქნა უზარმაზარი ავზი, რომელიც სავსე იყო ყურძნის სასმელით «Flavor Aid», მასში ჯონსმა საკუთარი ხელით დაამატა ციანიდის და ვალიუმის ნარევი და ამ სასიკვდილო სითხეს პატარა ბავშვებს შპრიცით ასხამდენენ პირში, ხოლო მოზრდილები კი, საკუთარი ქარიზმატული ლიდერის ქადაგებით დაბრმავებულნი, საკუთარი სურვილით სვამდნენ, რათა საუკუნო ნეტარებასა და ნირვანაში მოხვედრილიყვნენ. იმ დღეს გადაღებულმა 44 - წუთიანმა "სიკვდილის კინოლენტამ" ამ საშინელი ფაქტის დიდი ნაწილი აღბეჭდა. ზემოთ მოცემული ფოტოსურათი თვალნათლივ გვიჩვენებს ამ შემზარავი ტრაგედიის მასშტაბებს-მასზე ჩანს, თუ როგორ ყრია უძრავად ასობით სხეული სიკვდილის პირამიდის გარშემო. 6.ჯამბაზი კოგო ამ სამწუხარო ისტორიების მკითხველმა ალბათ შვებით ამოისუნთქა, როცა ამ უწყინარ სურათს შეხედა-მასზე ხომ ბავშვების საყვარელი ჯამბაზია აღბეჭდილი-მხიარული და სასაცილო. მაგრამ შეცდომაში ნუ შეხვალ, მკითხველო - ეს ჯამბაზისფორმიანი მამაკაცი ნამდვილი ჯოჯოხეთის მოციქულია. სინამდვილეში ფოტოზე გამოსახული ჯამბაზი პოგო-სერიული მკვლელი და მოძალადე ჯონ უეინ გეისია. ამ ყმაწვილმა, მეტსახელად "ჯამბაზი -მკვლელი", 6 წლის განმავლობაში მინიმუმ 33 ადამიანი გააუპატიურა და გამოასალმა სიცოცხლეს. ყველა თავის მსხვერპლს ის კლავდა საკუთარ სახლში და მალავდა სარდაფში. როცა გეისი დააპატიმრეს 1978 წელს, ის გამოტყდა, რომ 25 თუ 30 ადამიანი ჰყავდა მოკლული, ბოლოს მათ ის ხიდიდან წყალში ყრიდა, რადგან სარდაფი ამდენ გვამს უკვე ვერ იტევდა. ამ ფოტოზე გეისი აღბეჭდილია ჯამბაზის ტანსაცმელში გამოწყობილი. ეს იმიჯი მან თვითონ მოიფიქრა, რათა მონაწილეობა მიეღო საბავშვო დღესასწაულებში და საქველმოქმედო ღონისძიებებში, სადაც ის თავის მომავალ მსხვერპლს არჩევდა ხოლმე. 1664 14-ს მოსწონს
|