x
image
natia.a
რატომ დაერქვა სალათს "ცეზარი" და რომელია მისი საიდუმლო ინგრედიენტი
imageსალათი "ცეზარი", მიუხედავად მისი მინიმალისტური და ძალიან მარტივი შემადგენლობისა, დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობად და მოთხოვნად კერძად ითვლება.


image
საინტერესოა, რომ სალათის სახელწოდება არანაირ კავშირში არ არის იულიუს კეისართან. იგი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მექსიკაში ემიგრირებულ, იტალიური წარმოშობის კონტრაბანდისტისა და სასტუმროს მეპატრონის, ცეზარე კარდინის სახელთანაა დაკავშირებული.


ცნობილია, რომ ამ პერიოდში ამერიკაში ე.წ. "მშრალი კანონი" მოქმედებდა და ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალული იყო. კარდინის ამერიკის საზღვართან მდებარე, მექსიკის ქალაქ ტიხუანაში სასტუმრო-რესტორანი და კაზინო Caesar’s Place ჰქონდა. ამერიკელები მექსიკაში, განსაკუთრებით კი ტიხუანაში, ხშირად დადიოდნენ ალკოჰოლური სასმელის დასალევად და გასართობად, ამიტომ იტალიელი მეპატრონის რესტორანს კლიენტები არ აკლდა.

Caesar’s Place, 1920 წ.


image


Caesar’s Place, 1930 წ.


image


Caesar’s Place, 1935 წ.


image


Caesar’s Place, 2005 წ.


image



1924 წლის 4 ივლისს Caesar’s Place-სს კლიენტთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მიაწყდა. ამ დღეს ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და, ცხადია, ყველა ცდილობს კარგად გაერთოს. ამიტომ მსხვილმა ბიზნესმენებმა, ჰოლივუდის მსახიობებმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა მომიჯნავე მექსიკურ ქალაქში არსებულ კაზინოსა და რესტორანს მიაშურეს. მართალია, ალკოჰოლი კარდინის თავზესაყრელად ჰქონდა, მაგრამ საკვების რაოდენობა შეზღუდული იყო. მაგრამ იტალიელი რისი იტალიელი იყო, ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევი გზა რომ ვერ ეპოვა!


კარდინიმ აიღო თეფში, წაუსვა მას გახეხილი ნიორი, დააწყო მწვანე სალათის ფოთლები, მოაპკურა ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, გადაასხა განსაკუთრებული წესით მოხარშული კვერცხი, დააყარა გახეხილი პარმეზანი, მწვანილი, გახუხული პურის კუბიკები და სულ ცოტა ვორჩესტერის სოუსი.


სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ და სულ მალე სალათმა არნახული პოპულარობა მოიპოვა.


1948 წელს ჩეზარე კარდინიმ თავისი სალათის დაპატენტება მოინდომა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კერძი უკვე დიდი ხანია საჯარო საკუთრებად იყო ქცეული. ამიტომ პატენტის მიღება მხოლოდ "ორიგინალი ცეზარისა" და "კარდინის" სახელწოდებებით შეძლო.


1953 წელს პარიზში სალათი ცეზარი დასახელდა, როგორც საუკეთესო ამერიკული კერძი უკანასკნელი 50 წლის მანძილზე.


image

დღეს სალათი მსოფლიოს თითქმის ყველა რესტორნის მენიუში არსებობს ძალიან ბევრი ვარიაციებით. თუმცა არის მთავარი ინგრედიენტი, რომელიც ბევრ რეცეპტში არ არის გათვალისწინებული: ეს არის განსაკუთრებული წესით მოხარშული კვერცხი. ოთახის ტემპერატურის კვერცხს ქვედა (განიერ) მხარეს ერთი ნაჩხვლეტი გავუკეთოთ და 1 წუთის განმავლობაში ჩავდოთ ადუღებულ წყალში (წყალი ცეცხლიდან უკვე გადმოდგმული უნდა იყოს!). წყლიდან ამოღებული კვერცხი უნდა გავაგრილოთ 15 წუთით. ამგვარად დამუშავებული კვერცხისგან კეთდება სწორედ "ცეზარის" განუმეორებელი სოუსი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:


ინგრედიენტები სოუსისთვის:


1 ლიმონი,

1 კვერცხი,

მარილი,

შავი პილპილი,

1/2 ჩ.კ.მდოგვი (რომელიც სახლის პირობებში ვორჩესტერის სოუსს ცვლის)


ზემოთაღწერილი მეთოდით მოხარშული კვერცხი გავტეხოთ და შიგთავსი გადმოვიღოთ ჯამში. დავამატოთ მდოგვი და ლიმნის წვენი. ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით. დავამატოთ ზეთი, მარილი და პილპილი და ისევ ვთქვიფოთ ერთგვაროვანი, მაიონეზისებრი მასის მიღებამდე.


ინგრედიენტები სალათისთვის:


1 პატარა კონა სალათის ფურცელი

200გრ.ყველი

300გრ.პური

1კბილი ნიორი

ზეითუნის ზეთი სალათზე მოსასხამად და პურის შესაწვავად.


გარეცხილი და გამშრალი სალათის ფურცლები ცოტა ხნით მოვათავსოთ მაცივარში. ამასობაში თეთრი პური დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ცოტაოდენ ზეთში, შეწვის დროს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი.


სალათის ფოთლები დავაქუცმაცოთ სასალათეში, დავაყაროთ შემწვარი პური, დავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მოვასხათ სოუსი და დავახეხოთ ყველი.


image

image

გაითვალისწინეთ, რომ კლასიკური სალათი "ცეზარი" არანაირ ქათმის ფილესა და პომიდორს არ შეიცავს!


image





0
4230
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0