საზოგადოება 13 000 დოლარად შეძენილი საკუთარი სამოთხე 2014, 27 მარტი, 20:25 ინგლისელმა ბრენდონ გრიმშოუმ წლების წინ 13 000 დოლარად შეიძინა პაწაწინა დაუსახლებელი კუნძული სეიშელის კუნძულებზე და იქ სამუდამოდ გადასახლდა. მაშინ ბრენდონ გრიმშოუ (Brendon Grimshaw) 39 წლის იყო და გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. მან მიატოვა სამუშაო, ახლობლები და ნათესავები და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.
იმ დროს, როცა ბრენდონმა კუნძული იყიდა, იქ ადამიანს ფეხი არასოდეს დაედგა. როგორც ნამდვილ რობინზონს შეჰფერის, მან იპოვა თავისი პარასკევა სეიშელის კუნძულების აბორიგენებს შორის. მას რენე ლაფორტენი ერქვა. ბრენდონმა და რენემ კუნძულზე სახლი აიშენეს და საკუთარი მეურნეობაც მოიწყვეს, მაგრამ რენე კუნძულზე მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა, ხოლო ბრენდონი ათწლეულების განმავლობაში აქ ისე ცხოვრობდა, რომ ფეხიც არ გაუდგამს კუნძულიდან.
ბრენდონმა და რენემ მათი თანაცხოვრების 39 წლის მანძილზე კუნძულზე დარგეს 16 000-მდე ხე და გაიყვანეს 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის ბილიკი. 2007 წელს რენე ლაფორტენი გარდაიცვალა და ბრენდონი კუნძულზე სულ მარტოდმარტო დარჩა, ამ დროს ის უკვე 81 წლის იყო. გრიმშოუმ მოახერხა კუნძულზე მოემრავლებინა ფრინველების 2000-ზე მეტი და გიგანტური კუების 100-მდე სახეობა, რომლებიც სეიშელის კუნძულებზე უკვე გადაშენების პირას იყვნენ. ბრენდონის დამსახურებაა, რომ ერთ დროს უდაბურ კუნძულზე დღესდღეობით მთელი სეიშელის კუნძულების ფაუნის 2/3 იმყოფება. მიწის მიგდებული ნაგლეჯი ნამდვილ სამოთხედ გადაიქცა. რამოდენიმე წლის წინ საუდის არაბეთის პრინცმა ბრენდონს 50 მილიონი დოლარი შესთავაზა კუნძულში, მაგრამ თანამედროვე რობინზონმა უარი თქვა მის გაყიდვაზე. " მე არ მსურს, რომ ეს კუნძული მდიდარი ადამიანების საკუთრება გახდეს და რომ ისინი მხოლოდ შვებულების გასატარებლად ესტუმრონ ამ სამოთხეს. მე მინდა, რომ ის გადაიქცეს ეროვნულ პარკად, რათა მისი სილამაზით დატკბობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს." მართლაც, გრიმშოუმ მიაღწია იმას, რომ 2008 წელს კუნძული ნამდვილად გამოცხადდა ეროვნულ ნაკრძალად. 897 12-ს მოსწონს
|