საზოგადოება რა სურთ ქალებს საჩუქრად 8 მარტს? - რამდენიმე სასარგებლო რჩევა მამაკაცებს 2014, 6 მარტი, 19:53 გვიახლოვდება ქალთა დღე-8 მარტი. ჩვენი მამაკაცები თავს იჭყლეტენ იმაზე ფიქრით, თუ რა აჩუქონ საყვარელ ქალს სარვამარტოდ, ქალები და გოგონები კი მოუთმენლად ელიან სანუკვარ სიურპრიზებს. ჩემს პოსტში ვეცადე მაქსიმალურად წარმომეჩინა ქალების სურვილები საჩუქრებთან მიმართებაში, აგრეთვე გირჩევთ, რისი ჩუქება არააა მიზანშეწონილი.
მამაკაცებო, მთავარია არა საჩუქრის ღირებულებაა, არამედ თავად ჩუქების პროცესი. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მისთვის დაიხარჯეთ, მასზე იზრუნეთ, მთელი სულით და გულით ეცადეთ მისი გული გაგეხარებინათ.
ახლა კი უფრო დაწვრილებით: 1. დავიწყოთ რომანტიკით: თუკი ამის შესაძლებლობაა, აჩუქეთ მას დაუვიწყარი რომანტიკული საღამო. სანთლები, შამპანური და მყუდრო გარემო-საუკეთესო ვარიანტია. და რაც მთავარია, გახსოვდეთ, მნიშვნელოვანი ის კი არაა, რა დევს თეფშზე, არამედ საღამოს ატმოსფერო და სიყვარული თქვენს თვალებში. 2.ყვავილები. აქ, რათქმაუნდა, უმჯობესია ცოცხალი ყვავილების თაიგული. თუ ვარდებს ირჩევთ, ბუტონები ბოლომდე გაშლილი არ უნდა იყოს. სასურველია გაითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფერის ვარდები უყვარს თქვენს საყვარელ ქალს. თავი შეიკავეთ ყვითელი ფერის და გამხმარი ყვავილების ჩუქებისაგან:ცრურწმენაა, რომ მათ უბედურება მოაქვთ, მაგრამ მაინც სჯობია მათზე უარი თქვათ. 3.სასაჩუქრე სერტიფიკატები სპა-სალონში, მასაჟზე და სილამაზის სალონში ყოველთვის გაახარებს ქალებს, რადგან მათ ძალიან უყვართ ასეთი პროცედურებით თავის განებივრება. 4.საჩუქარი საკუთარი ხელით. ქალები ძალიან აფასებენ იმ ემოციებს და მონდომებას, რომელსაც მამაკაცები ხარჯავენ მათი საჩუქრებისათვის. ამიტომ თუკი მარჯვე ხელები გაქვთ და არც ნიჭს უჩივით, უმჯობესია საყვარელ გოგონას საკუთარი ხელით შექმნილი ნივთი მიართვათ, ის თქვენს მონდომებას აუცილებლად დააფასებს. მაგრამ თუ თქვენ არც ტალანტი გაქვთ და არც დრო, მაშინ ისევ ლამაზ საყურეებზე ან კულონზე შეაჩერეთ არჩევანი. 5.ყურადღების გამოხატულებაა აგრეთვე საკუთარი ხელით მომზადებული და მისთვის მირთმეული საუზმე, თუნდაც მხოლოდ ბლინები და ყავა. შესაძლებლია მამაკაცმა ამ დღეს ბავშვს თავად მიხედოს და ცოლს ერთხელ მაინც მისცეს ნორმალურად გამოძინების საშუალება, დაალაგოს სახლი და დარეცხოს ჭურჭელი. 6.აჩუქეთ საყვარელ ქალს პატარა ფინია ან ფისუნია. მისგან აუცილებლად მიიღებთ სამადლობელ სიტყვებს, თუმცა ამ შემთხვევაში სჯობს წინასწარ იცოდეთ, მზადაა თუ არა გოგონა მოუაროს შინაურ ცხოველს, ან რომელს ანიჭებს უპირატესობას. იქნებ სულაც იადონი ან თუთიყუში ურჩევნია საჩუქრად, ან სულაც ალერგია აქვს შინაური ცხოველების ბეწვზე. ასე რომ, ამ საკითხში წინასწარ ჯობია გარკვევა. 7.სუნამო, სხვადასხვა აქსესუარები-აქ უმჯობესია იცოდეთ, რა სუნამოს იყენებს თქვენი რჩეული ან რომელი სურს მიიღოს საჩუქრად. რათქმა უნდა, შეიძლება თავად შეარჩიოთ სუნამო, იქნებ ძალიანაც მოგეწონოთ მისი არომატი, მაგრამ ის, რაც თქვენ მოგწონთ, შეიძლება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს და საერთოდ არ გამოიყენოს არასოდეს. ამიტომ წინასწარ ჯობია გაიგოთ მისი გემოვნება ამ საკითხში. რაოდენ სასიამოვნოა, როცა ქალი დილით სუნამოს იპკურებს და თან სიყვარულით სავსე ღიმილით ფიქრობს, რომ ეს თქვენი საჩუქარია. საშინელებაა, როცა რუდუნებით არჩეული საჩუქარი სადღაც უჯრის კუთხეში მიაგდეს ან, კიდევ უარესი, თავიდან მოსაცილებლად სხვას აჩუქეს. 8.და კიდევ, ძვირფასო მამაკაცებო, ნუ იძუნწებთ კომპლიმენტების თქმისას. როგორი მკაცრი და სიტყვაძუნწიც არ უნდა იყოთ, ამ დღეს მაინც გატეხეთ ნავსი და უამრავი კომლიმენტი მიუძღვენით მის სინაზეს, მშვენიერ კაბას, ვარცხნილობას, მის საყვარელ ღიმილს. გახსოვდეთ, რომ ქალებს ყურებით უყვართ. 9.ჰო მართლა, თავი შეკავეთ ტაფების, ქვაბების და სამზარეულოს სხვა აქსესუარების ჩუქებისაგან. თუ, რათქმა უნდა, თავად არც მოგთხოვთ ამის ყიდვას. ქალთა დღე იმას არ ნიშნავს, რომ ქალში მხოლოდ მზარეული და დიასახლისი დაინახოთ...და მეორე მიზეზიც, რატომ არ უნდა აჩუქოთ მას ტაფა:გახსოვდეთ, ამით საკუთარ თავსაც უფრთხილდებით. "თავი''-ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებითააა ნათქვამი.:) 10.და თუ მაინც გსურთ მას მიკროტალღური ღუმელი აჩუქოთ, გააკეთეთ ეს სხვა დროს და არა 8 მარტს. ნუ გგონიათ, რომ საჩუქრის მისართმევად მხოლოდ დღესასწაულებია საჭირო. ყოველთვის შეიძლება საყვარელი ქალი პატარ-პატარა სასიამოვნო სიურპრიზებით გაახაროთ. 11.ახლა კი მივმართავ გოგონებს და ქალბატონებს, ვინც ამ პოსტს კითხულობთ. ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ უნდა იჯდეთ და კმაყოფილი სახით ელოდოთ საჩუქრებს. თქვენი ვალია გაახაროთ საყვარელი მამაკაცები თქვენი სიყვარულითა და მზრუნველობით: იქნება ეს თბილი ღიმილი, გემრიელი სადილი თუ ალერსიანი სიტყვები. გიყვარდეთ და იზრუნეთ ერთმანეთზე და დამერწმუნეთ, ცხოვრება ნამდვილად მშვენიერი იქნება. 459 12-ს მოსწონს
|