საზოგადოება ყველაზე დიდ სოციალურ ქსელს - Facebook-ს ათი წელი შეუსრულდა 2014, 4 თებერვალი, 22:18 2004 წლის 4 თებერვალს ჰარვარდის უნივერსიტეტის კედლებში დაიბადა ყველაზე მასშტაბური სოციალური ქსელი Facebook -ი. ამ უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკენბერგმა (Mark Zukenberg)
ოთახის მეგობრებთან ერთად გაუშვა საიტი მისამართით thefacebook.com.
თავდაპირველად ქსელი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ერთი თვის შემდეგ მასზე დარეგისტრირებული იყო სტუდენტების ნახევარზე მეტი. შემდეგ ქსელით სარგებლობა ბოსტონის ყველა სტუდენტს შეეძლო, სულ მალე უკვე ყველა სტუდენტს და მოსწავლეს, სანამ 2005 წელს ის ყველა ადამიანისათვის არ გახდა ხელმისაწვდომი. სოციალური ქსელის კაპიტალი დაიწყო ნულიდან და ნელ-ნელა შეძლო უზარმაზარი ინვესტიციების მიზიდვა, ხოლო საბოლოოდ ნამდვილ ფენომენად გადაიქცა. შექმნიდან უკვე ერთ წელიწადში Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონს მიაღწია, ხოლო დღეისათვის ეს რიცხვი 1, 23 მილიარდს შეადგენს. აქედან 757 მილიონი მომხმარებელი საიტით ყოველდღიურად სარგებლობს. მხოლოდ 2013 წელს სოციალურმა ქსელმა 1, 5 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი გახდა უამრავი ადამიანის ვირტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სხვა მცირე სოციალური ქსელებისაგან განსხვავებით ის არის უნივერსალური მძლავრი საშუალება თანაკლასელების და ძველი მეგობრების მოსაძებნად უზარმაზარი მანძილის პირობებში, აზრთა და ფოტოსურათების, ასევე სხვა ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლის უნიკალური ხერხი. დღესდღეობით სოციალური ქსელი მუდმივად ხვეწავს და აუმჯობესებს თავის დიზაინს, თავისკენ იზიდავს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას, იქცევს რეკლამის მიმწოდებლების ყურადღებას ახალ-ახალი რეკლამების მოზიდვის მეშვეობით და კიდევ უამრავ სიახლეს ჰპირდება თავის ერთგულ მომხმარებლებს. თავისი 10 წლის იუბილეს ფარგლებში Facebook-მა -მა წარადგინა თავისი ახალი სპეციალური ფუნქცია Look Back. ის აკომპლექტებს ყოველი მომხმარებლის 15 საუკეთესო ფოტოსურათს, სტატუსს და სხვა ცხოვრებისეულ მოვლენებს ერთ ვიდეორგოლში სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.ვიდეო არცთუისე ხარისხიანია, მაგრამ ის თითოეულ მომხმარებელს გაახსენებს Facebook-ზე გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებს. საკუთარი ვიდეორგოლის სანახავად მომხმარებელს სჭირდება საიტის ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ ბმულზე გადასვლა. იმისათვის, რომ ასეულ მილიონობით ასეთი ვიდეორგოლი დაემზადებინათ, Facebook-მა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა.პროგრამისტების ორი გუნდი ამაზე თვეების განმავლობაში მუშაობდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები დაიხარჯა. Facebook-ის თითოეულ მომხმარებელს ვულოცავ მნიშვნელოვან თარიღს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ. 27 15-ს მოსწონს
|