საზოგადოება პროტესტის უჩვეულო ფორმა 2014, 14 იანვარი, 17:09 მასწავლებელმა ქალმა ნიუკასლიდან, როზი მორისონმა, გადაწყვიტა მეტად უცნაური სახით გამოეხატა პროტესტი სამხრეთ აფრიკის გზებზე არსებული ორმოებისა და გუბეების მიმართ. მან ჩაიცვა საცურაო კოსტიუმი და ერთ-ერთ ასეთ ორმოში შეტოპა, თითქოსდა გადაწყვიტა აბაზანა მიეღო ამ ტალახიან და ჭუჭყიან გუბეში. როზი ისე გრძნობდა თავს ამ წუმპეში, როგორც საკუთარ აბაზანაში: მან დაიხურა საბანაო ქუდი, თან წაიღო შამპუნი და ჰიგიენის სხვა ნივთები, წიგნიც კი არ დავიწყებია, რომ წამოწოლილს მშვიდ გარემოში წაეკითხა. მას ისიც კი არ დავიწყებია, რომ ერთი ბოკალი ღვინო ჰქონოდა თან კარგ ხასიათზე დასადგომად. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე ძვირფას შამპუნსაც კი გაუჭირდებოდა იმ ჭუჭყის ჩამორეცხვა, რაშიც როზი კოტრიალობდა. მასწავლებლის თქმით, გზა ორ ქალაქს: მახადოდორპსა და მაშიშინგს შორის გახდა ბევრი მძღოლისათვის "სასიკვდილო ხაფანგი" უამრავი ღრმულებისა და ორმოების გამო, რომლებიც ამ გზაზეა. მათი დამსახურებაა, რომ 20-წუთიანი გზის მონაკვეთის გავლას ერთ საათზე მეტი სჭირდება. მიაქცევენ თუ არა ყურადღებას ამ საპროტესტო გამოსვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს ძნელი საკითხავია. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც დაბანილმა და მოწესრიგებულმა როზიმ ეს სურათები ფეისბუქზე გამოაქვეყნა, მან ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია და ლამის მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. 76 14-ს მოსწონს
|