მთელი შემოდგომა დორტმუნდი 23 ნოემბრის მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა - "ბორუსიას" ბუნდესლიგის XIII ტურში მიუნხენის "ბაიერნი" უნდა მიეღო.
ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა, კიდევ ითქმება და ამიტომ, ახლა არაფერს ვიტყვით. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა გულგატეხილი იქნებოდა შეხვედრის დასრულების შემდეგ დორტმუნდელი ქომაგი. 0:3 წააგოს საყვარელმა გუნდმა პრინციპულ მეტოქესთან საშინაო მატჩში - ნამდვილი ტრაგედიაა ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარულისთვის.
"ბორუსია"-"ბაიერნის" მატჩში სანახავი ბევრი რამ იყო, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას სწორედ დორტმუნდელი გულშემატკივრების საქციელზე შევაჩერებთ, რომელებიც თამაშის დასრულების შემდეგ დამარცხებული გუნდის ფეხბურთელებს აქეთ ამხნევებენ.
აი, ამას ჰქვია გულშემატკივარი, ჩვენ კი ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.