"აქ შუაგულ დედამიწაზე, ყოველდღიური საქმეები შეიძლება საოცრებად იქცეს და ვიდრე გონს მოსვლას მოასწრებდეთ, ჰობიტების სამყაროში აღმოჩნდეთ", - ეს გახლავთ სარეკლამო ტექსტი ახალ ზელანდიური ავიაკომპანიის "ეარ ნიუ ზილანდის" ახალი, ჰობიტების თემაზე შექმნილი ვიდეო რგოლისთვის.
ვიდეოს გამოსვლა კომპანიამ ჰობიტებზე ახალი ფილმის პრემიერას დაამთხვია, სარეკლამო რგოლში კი ტრილოგიის ერთ-ერთი მსახიობიც მონაწილეობს. სიუჟეტის მიხედვით, "ეარ ნიუ ზილანდის" ჩვეულებრივი მგზავრები სრულ გაურკვევლობაში არიან: ბარგის ესკალატორზე ხედავენ კასრებს, რომლებშიც ვიღაც იმალება;
საინფორმაციო ტაბლო ჰობიტონის, მორდორის და რკინის მთებისკენ მიმავალ რეისებს აჩვენებს, თვითმფრინავში კი მგზავრებისთვის სადილად უზარმაზარი ხახვები მიაქვთ. გარდა ამისა, პილოტები წვერიანი გნომები აღმოჩნდებიან, ბორტგამცილებლები კი მომხიბლავი ელფები.