x
image
ნიკა კირკიტაძე
მეუფე იაკობი ქადაგებისას წინა ხელისუფლებას შეგნებულ გენოციდში ადანაშაულებს

imageსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა გუშინდელ ქადაგებაზე წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა. მან ახალ ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს წინა წლების გამოცდილება.


"ეს იყო გულაგების და საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანა და უფრო უარესი. ეს იყო ყოველი ადამიანის დაშინება. ქუჩაში თუ მანქანებს არ იპარავდნენ, შეიძლება ადამიანი მოეპარათ და გაექროთ. რამდენი ადამიანი გაქრა ასე, რომ ვეღარც ცოცხალი უპოვიათ და ვეღარც მკვდარი. ისინი ხომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს არ წაუყვანიათ, ეს ისევ ჩვენმა, სამწუხაროდ, თანამემამულეებმა ჩაიდინეს ვიღაცეების დაკვეთით.

ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართველ კაცს უჭირდა საქართველოში დარჩენა და ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ. დღეს უკვე მილიონნახევარზე მეტი ქართველია წასული საქართველოდან და და ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან გენოფონდს საფრთხე ადგება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან წინა ხელისუფლება შეგნებულ გენოციდში დაადანაშაულა.


"თუ გავიხსენებთ ასი ათასობით სასჯელდადებულს და ათეულ ათასობით ციხეში მყოფ ადამიანს, რომლებსაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მე მზად ვარ, დავაფიქსირო, ნებისმიერთან, სადაც უნდა იქ შევხვდები და ჩემს აზრს იქაც დავამტკიცებ, ღვთის წინაშეც არ მეშინია ამის თქმა, რომ ეს იყო შეგნებული გენოციდი. და რა ხდებოდა, ის გაგდებული ხალხი ვისით უნდა ჩაენაცვლებინათ და შეხედეთ, ქართველებს ყრი შენი ქვეყნიდან, უცხოელებს, ზოგი ნამყოფიც არ იყო ჩვენს ქვეყანაში, ისე აძლევ მოქალაქეობას. როდესაც დამსახურებულ ქართველებს, დღვანდელ პრემიერზე არ მაქვს საუბარი, ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი იყო სხვაც, იმასაც არ მისცეს მოქალაქეობა და უცხოელებით შეეცადნენ ის ნიში ამოევსოთ, რომელიც ქართველებს ასე გაათავისუფლებინეს.

ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე დღეში შეელივნენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, 20%-ის მტერზე გადაბარებას. 90-იან წლებს თუ გავიხსენებთ, მაშინაც კი უფრო მედგრად დახვდა მტერს ქართველი კაცი და ქართული ჯარი. მე მჯერა, რომ ქართული ჯარი ყოველთვის იქნება ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე, მთავარია, იყოს ხელისუფლის კეთილი ნება. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, მაგრამ შემოსულ მტერს ასე სამარცხვინოდ კაპიტულაციას არ გამოვუცხადებთ", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება ავტორიტეტებს არ შეებრძოლება და ეკლესია აღარ გახდება იძულებული, რომ ჩაერიონ მართვაში.

"როდესაც ფიქრობენ, რომ შეიძლება მობრუნდნენ, დღევანდელი დღე აჩვენებს იმას, რომ ქართველმა ერმა სხვა გზა აირჩია. დამთავრდა თუ არა წინა არჩევნები, რამდენი გაიქცა ქვეყნიდან. ერის ეს სიხარული, რომ კონკრეტული პირი აღარ იქნება სათავეში, სხვებსაც უნდა გახარებოდათ, იმ მონებს რომლებიც იმ ერთ ადამიანს ემონებოდნენ, ისინიც არ აპირებენ საყოველთაო სიხარულის გაზიარებას. იმედია მომავალი ხელისუფლება იღვაწებს, რომ ავტორიტეტებს არ შეებრძოლებიან და აღარ მოგვიწევს ჩარევა, რაშიც იძულებული ვიყავით, რომ ჩავრეულიყავით", - თქვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.



0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0