საზოგადოება ცოცხლები და მიცვალებულები: ცოცხალი სასაფლაო მანილაში 2013, 6 ნოემბერი, 21:25 აზიის ქვეყნების ზედმეტად მჭიდრო დასახლება-ეს უკვე ფაქტია, რომელიც დისკუსიას არ ექვემდებარება. საუბარია არამარტო ისეთ გიგანტებზე, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, არამედ ეს პრობლემა უკვე სხვა, უფრო მცირე ქვეყნებსაც შეეხო. ფილიპინებში ამჟამად ცხოვრობს 100 მილიონ ადამიანზე მეტი და მოსახლეობის სიმრავლით ის მე-12 ადგილზეა მსოფლიოში. მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით ქვეყანა რუსეთს უსწრებს 40-ჯერ, აშშ-ს 10-ჯერ, ხოლო ჩინეთს-2-ჯერ. ბუნებრივია, რომ ძალიან მწვავედ დგას საცხოვრებელი ადგილის პრობლემა, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, რომელიც მოსახლეობის სიმჭიდროვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. გამჭრიახმა და უსახლკარო მანილელებმა ათასი საშუალება იპოვეს, რათა ბინის პრობლემა მოეხსნათ: სახლებს აკეთებენ პირდაპირ ქუჩაში თუნუქისაგან, მუყაოსაგან, ცელოფანისაგან და ათასი სხვა რამისგან. ამაში ფილიპინელებს ბუნებრივი პირობებიც ეხმარება:ტემპერატურა იშვიათად თუ ჩამოდის 25 გრადუსზე დაბლა. თუმცა არსებობს მანილაში ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ყველაზე უცნაურ და არარეალურ პირობებში და ეს ადგილია.....სასაფლაო! მანილის ჩრდილოეთ სასაფლაო-ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია მანილაში, თუმცა ის ამით კი არ გახდა ცნობილი, არამედ იმით, რომ აქ მიცვალებულებთან ერთად ცოცხლებიც ცხოვრობენ და არცთუ ისე ცოტანი-დაახლოებით 10 ათასი ადამიანი. ეს მთელი ქალაქია, ქალაქი სასაფლაოზე. სასაფლაოზე თუ მოხვდებით, დაინახავთ, რომ აქ ჩვეულებრივი ცხოვრება დუღს: ვიღაც სარეცხს რეცხავს ტაშტში, ვიღაც სადილს ამზადებს, სხვა კატას ეთამაშება, ვიღაც ბავშვს აძინებს და ეს ყველაფერი ხდება საფლავებს შორის. სასაფლაოს მცხოვრებლებს ტრანსპორტიც კი ემსახურება, მას აქ ჯიპინს ეძახიან, ეს ყველაზე პოპულარული და გამორჩეული ტრანსპორტია მანილაში. ეს ამერიკული ჯიპია, გადაწყობილი სპეციალურად ადამიანების გადასაყვანად. ელექტროენერგია აქ არაა, მაგრამ ეს ხელს არ უშლით გამოიყენონ ელექტროხელსაწყოები აკუმულატორზე:თითქმის ყველას აქვს რადიომიმღები, ზოგს პატარა ტელევიზორი და დივიდიც კი გაჩნია. ასეთებთან საღამოობით უამრავი ხალხი იკრიბება ფილმის სანახავად და გასართობად. საგულისხმოა, რომ ეს ხალხი ადგილზევეა დასაქმებული: ერთნი საფლავს თხრიან, სხვებს კატაფალკა მიაქვთ, მესამენი მდიდრულ საფლავებს უვლიან. ამ მოსახლეობას შორის არიან მასწავლებლები, ადგილობრივი ექიმები, პარიკმახერები და მანიკურის სპეციალისტებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბევრჯერ სცადა ამ ხალხის გამოყრა სასაფლაოდან, არაფერი არ გამოუვიდათ. ისინი ისევ ბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე. მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეს ადამიანები აქ ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს: მათ გააჩნიათ კერა, ჰყავთ შვილები, მუშაობენ და არ შიმშილობენ. სხვა რაა საჭირო ბედნიერებისათვის? მერე რა, რომ სასაფლაოზე ცხოვრობენ, მიცვალებულები ხომ არ იკბინებიან?! 91 15-ს მოსწონს
|