კახეთის საინფორმაციო ცენტრი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს.
დაცვის მხარის განმარტებით, ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის ბრძანების გარეშე, უკანონოდ ხორციელდებოდა. "გუშინ გასაჯაროვდა უკანონო ჩანაწერები, რომელიც განხორციელებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ, დღეს ბაჩო ახალაიას ადვოკატები მოვინახულებთ, ამის შემდეგ კი გავაკეთებთ განცხადებას, თუ რატომ იყო აღნიშნული ჩანაწერები უკანონო და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ხდება ვიდეო და აუდიო ჩაწერა, აღნიშნულს სასამართლო ბრძანება სჭირდება, თუმცა მსგავსი ბრძანება ამ შემთხვევაში არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერი არის უკანონო", - განაცხადა გიორგი ონიანმა.
„თუ მის შეხვედრებს ადვოკატთან ისმენდა ვინმე და ეს დაფიქსირებულია და ამის მტკიცებულება არსებობს, ეს ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზული დარღვევაა, იმიტომ, რომ არსებობს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და ამის კონფიდენციალურობის უფლება, რაც, არავინ არ უნდა დაარღვიოს. შესაბამისად, ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
წყაროს ინფორმაციით, მასალა შეიცავს ახალაიას ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას.
ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი.