ტკბილეული როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ფახლავა 2013, 21 აგვისტო, 16:34 წარმოუდგენელია აღმოსავლეთი ფაჰლავის გარეშე. ამ უგემრიელესი ტკბილეულის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. გთავაზობთ ყველაზე მარტივ და შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტს. მასალად საჭიროა: 700 გრამი ფქვილი, 500 მილილიტრი წყალი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 2 კვერცხი, 400 გრამი გამდნარი კარაქი, 250 გრამი გატარებული ნიგოზი. სიროფი: 400 გრამი შაქრის ფხვნილი, 500 მილილიტრი წყალი, ნახევარი ლიმონის წვენი. კვერცხის, ფქვილის, წყლისა და ცოტაოდენი მარილისგან მოზილეთ ცომი და დაყავით 10 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული მათგანი, სიფრიფანა, თხელ ფურცლებად. რაც ნაზი და გამჭვირვალე იქნება ცომის ფენა, მით გემრიელი გამოვა "ფაჰლავა". თითოეულ ფენას წაუსვით გამდნარი კარაქი. დადეთ ერთი ფენა, მოასხით ცხიმი, გადააფინეთ მეორე და ასე ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ, ყოველ მეორე ფურცელს უნდა მოაყაროთ დაფქული ნიგოზი. გადააფარეთ უკანასკნელი ფენა და მოასხით დარჩენილი კარაქი. ჰაერღუმელში შედგმამდე დაჭერით პატარა კვადრატებად და გამოაცხვეთ ერთი საათის განმავლობაში. სანამ ცხვება მოამზადეთ სიროფი. აურიეთ ერთმანეთში შაქრის ფხვნილი, წყალი და ლიმონის წვენი. დადგით თანაბარ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და აურიეთ, ვიდრე შაქარი ბოლომდე არ გადნება. გადმოდგით და გააცივეთ. როგორც კი "ფაჰლავა" მზად იქნება, ზემოდან ფრთხილად მოასხით შეგრილებული სიროფი და როცა კარგად გაცივდება, მიირთვით. 5839 6-ს მოსწონს
|