მათთვის ვისი
დილაც მაღვიძარას საძულველი ხმით და ფაცხაფუხით ჩაცმა-დახურვის რეჟიმში მაკიაჟის კეთებით იწყება, რომ რგორმე სამსახურში
დღესაც არ დაგვიანოთ, დილით საუზმობის მცნებაში დიდი დიდი ფინჯანი ყავა მოიაზრება,
რომლის დალევასაც კი ვერ ვასწრებთ ზოგჯერ და ფიქრით „სამსახურში ლანჩზე შევჭამ რამეს“
კისრისტეხით ჩავრბივართ ხოლმე კიბეებზე.
არადა სწორედ ეს „სამსახურში შევჭამ რამეს“ არის იმის
მიზეზი, რომ ხშირად ჩვენი ფიგურა გეომეტრიული პროგრესიით იმატებს სიგანეში და უკვე
აღარ ვიცით რა მოვუხერხოთ მორიგ ორი კვირის წინ ნაყიდ შარვალს, რომელიც უკვე ღიპზე
აღარ გვეკვრება. დილით საუზმობა, ეს ის უნიკალური მეთოდია, რომელიც დღის განმავლობაში
თქვენს მადას ერთი ორად ამცირებს, ამასთან ერთად სწორედ დილით უნდა მიიღოს ორგანიზმმა
აუცილებელი მინერალები და ვიტამინები. ამიტომ, მე გასწავლით ძალიან მარტივ მეთოდს თუ როგორ მოვამზადოთ
საუზმე სულ რაღაც ხუთ წუთში ყავის მოდუღების პარალელურად, ისე რომ ამით თქვენს დილის
ძილს არაფერი დააკლდება და არც სამსახურში მოგიწევთ გაქცევა მშიერს.
მაშ ასე, წინა საღამოს მოიმარაგეთ ხრამუნა პური, ე.წ „ხლებცი“, ყველი ან სულაც უცხიმო
არაჟანი (ან ორივე ერთად), ერთი კონა სალათის ფურცელი და მშვიდად დაიძინეთ. დილით ადგომისთანავე
დატეხეთ ხლებცები პატარა ნამტვრევებად, მოათავსეთ ღრმა თეფშზე, დაასხით მდუღარე წყალი,
გემოვნებით ცოტა მარილი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და ხუთი წუთით დატოვეთ ასე. ხუთ წუთში
როცა უკვე თქვენი ყავაც მზადაა და სალათის ფურცლებიც დაჭრილია, მოხადეთ თეფშს თავსახური, ხლებცები უკვე ფაფისმაგვარ
მასად იქნება ქცეული, დაამატეთ გემოვნებით ყველი და არაჟანი, მოაჭერით თავზე სალათის
ფურცლები და გემრიელად მიირთვით. მერწმუნეთ ასეთი მსუბუქი, მაგრამ ამასთანავე ნოყიერი
და სასარგებლო საუზმის მერე მთელი დღის მანძილზე თავს უჩვეულოდ მხნედ იგრძნობთ და სურვილი
გაგიჩნდებათ იგივე პროცედურა მეორე დილითაც გაიმეოროთ. კაცმა რომ თქვას ეს თქვენს ფიგურასაც წაადგება, თან სულ რაღაც ხუთი
წუთის საქმეა.