x
image
მაკუნა
Mediator image
ლუკა კურტანიძე: ერთმანეთის არდანდობა უნდა დავასრულოთ
image„მიუხედავად დიდი ტკივილის ტარებისა, უნდა გავერთიანდეთ და ეს ოცწლიანი ერთმანეთის არდანდობა დავასრულოთ, რათა მომავალ თაობას არ გადავცეთ ის აგრესიულობა და რადიკალიზმი, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა ქართველებს შორის"- ეს სიტყვები geotimes.ge-სთან საუბრისას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობის შეფასებისას, „ნაციონალური" მთავრობისგან თავად არაერთგზის რეპრესირებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელდარ( ლუკა) კურტანიძემ წარმოთქვა.
პოლიციის აკადემიის პრორექტორი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ფედერაციაში მომხდარი სკანდალის გამო მოექცა, ახლა მხოლოდ იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც ფედერაციაში მისი პრეზიდენტობისას დაიწყო.


ლუკა კურტანიძე: „ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებამდე მოვიარე ყველა რეგიონი, შევხვდი დელეგატებს, რეგიონებში სპეციალისტებს. ამის შემდეგ წინასწარ მქონდა გაცხადებული იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განვახორციელე და რომელიც მთელმა საზოგადოებამ გაიგო, ამიტომ ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.
საერთოდ კი, როდესაც საქმეს ვიწყებ ბოლომდე მიმყავს. ეს შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, ვიღაცას შეიძლება რადიკალურად მოეჩვენოს, მაგრამ ოცი წლის განმავლობაში თითქმის არავითარი სიახლე არ ყოფილა ამ სფეროში. არ მომხდარა მწვრთნელთა ბრიგადის შეცვლა, რამაც თვითონ სისტემა დააჭაობა. ასევე ძალოვანი სპორტის სახეობების წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ბევრი კითხვა. რა სიბინძურეც წინა პოლიტიკური მმართველობის წლების საქართველოში ყველა სფეროს მოედო, გამონაკლისი არც ჭიდაობის ფედერაცია ყოფილა. ამიტომ ამ ლაქის ჩამორეცხვა აუცილებელი იყო.


- როგორც ვიცი, თავის დროზე თქვენი აქტიური სპორტიდან წასვლის მიზეზიც ეს სიბინძურე იყო...


- 2007 წლიდან სიტუაცია ჩვენ სფეროში ძალიან გაუარესდა, დავინახე, რომ იმ ადამიანების საქმიანობაში, რომლებიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდნენ ქართულ სპორტს და მის აღმასვლას, დაიწყო უხეში ჩარევა, რომელიც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მე ყოველთვის ვიყავი თავისუფალი ადამიანი, ჩემი აზრი ყოველთვის გამაჩნდა და ის მონური აზრი, რომ ყველაფერი კარგად არის და შავი თეთრია, არასოდეს მქონია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი პოლიტიკაში, ჩემს აზრს ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, რამაც გამოიწვია შემდეგ ის დევნა და დაპირისპირება, რაც ყველამ იცის.



- ლუკა, 26 მაისი მოდის, 2011 წელს, რუსთაველზე, ის დიდი ტკივილი, რაც ამ აქციას მოჰყვა, შენ თავზე გამოსცადე, არ გიჭირს ახლა ამ ყველაფრის „შემოქმედებთან" კოჰაბიტაცია?

-როდესაც დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი მთელს ერს ერთად უნდა გვეზეიმა, რუსთაველი სისხლით მოირწყა. ის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა სიმბოლურად რჩება კიდევ თანამდებობაზე, პოლიტიკურ ზეწოლაზე გვესაუბრება. არადა ამ ადამიანის პირადი დაკვეთით დაიღვარა სისხლი და დატრიალდა უბედურება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემი და ჩემი თანამებრძოლების ცნობიერება, რომლებიც ამ უსამართლობას აღუდგნენ, რუსთაველზე იყვნენ გასაპროტესტებლად, იმ დღეს ასოთხმოცი გრადუსით შეტრიალდა, მანამდე ფერებში ვხედავდი ჩვენ ქვეყანას, მაგრამ იმ დღეს მოხდა ღირებულებების მსხვრევა. არადა ყოველთვის მეგონა, ქართველი ქართველს არ გაიმეტებდა. 4 ადამიანი დაიღუპა, უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად, მათ შორის მეც. თავი გადაჩეხილი მქონდა, მაგრამ კიდევ უფრო მწვავე იყო სულიერი ტკივილი, ერთი კვირა გონს ვერ მოვდიოდი. მაშინ მდგომარეობიდან პატრიარქმა გამომიყვანა. წლების განმავლობაში ამ უდიდეს ტკივილს გამოვხატავდი ისე, როგორც გამოვხატავდი, ვცხოვრობდი არა საერო ცხოვრებით, ვცხოვრობდი მაქსიმალურად იმით, რომ ჩვენი ადათ-წესებიდან გამომდინარე ვგლოვობდი იმ უბედურებას, რაც მოხდა. ახლა ჩემი ვიზუალური მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება, სიტუაციიდან გამომდინარე, ( რადგან ერში მყოფი არ უნდა ემსგავსოს ღვთის მსახურს და ის უნდა განსხვავდებოდეს) ამიტომ მომიწია წვერის შეკვეცა. ახლა 26 მაისის ორი წლის თავზე თმას შევიკვეცავ. დავუბრუნდები ჩვეულებრივ რიტმს, მიზანი კი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ერთიანობის სურვილით და დიდი მოთმინებით ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მიუხედავად იმის, რომ ბევრი პასუხია გასაცემი, იმ დანაშაულებზე რაც წინა ხელუსუფლებამ ჩაიდინა, ამან ქართველებს ერთიანობის სურვილი არ უნდა გაუქროს.


-ფიქრობთ, რომ უნდა მიუტევონ ადამიანებმა, მათ ვინც ამდენი ტკივილი მიაყენეს? გულწრფელად მითხარით თქვენ შეძელით პატიება?


- არავის არ დავუჩოქებ ამ ქვეყანაზე ღმერთის გარდა, მაგრამ მუხლი მოვიდრიკე და თუ საჭირო იქნება კიდევ მოვიდრიკავ ერის წინაშე, მთელი ევროპის დასანახად. იმის სურვილით რომ, მიუხედავად დიდი ტკივილის ტარებისა, გავერთიანდეთ და ეს ოცწლიანი ერთმართნეთის არდანდობა დავასრულოთ და მომავალ თაობას არ გადავცეთ ის აგრესიულობა, ის რადიკალიზმი, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა ქართველებს შორის. ამ ყველაფერს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან თვითონ ის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა ამ წლების განმავლობაში, თავისი დანაშაულის ტყვე რჩება და თუ არ მიიღებს ამაზე სასჯელს, მთელი ცხოვრება ეცდება, რომ დამალოს, რაც სხვა უბედურებების პროვოცირებას მოახდენს მასში. მაგრამ ეს სამართლიანობის აღსრულება ისე უნდა მოხდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, როგორი დიდსულოვანი ერი ვართ და ძალიან ბევრის მიტევება შეგვიძლია. ძალიან ცოტა დავრჩით ისედაც ქართველები, ერთმანეთი არ უნდა გვძულდეს, ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ ტკივილის დაძლევის ძალა. ეს მომავალი თაობისთვის უნდა გაკეთდეს, ამიტომ მოვიდრიკე მუხლი და მაგალითი მივეცი ბევრ ჩემი ტკივილის მსგავსი ტკივილის მატარებელ ადამიანს, რათა თაობებს არ გადავცეთ ზიზღი. ასევე გვყავს ერისკაცი, რომელმაც მაგალითი მოგვცა, ამ დიდსულოვნებისა და პატიების, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ვამბობ და თითოეულმა ჩვენთაგანმაც უნდა ვიპოვოთ ეს ძალა.
შესაძლოა თავიდან ჩემი გარკვეული ნაბიჯები ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ შემდგომი ნაბიჯებით ისინიც დავაფიქრე, ვინც რადიკალურად იყვნენ ჩემს მიმართ განწყობილები. ყველა უნდა დაფიქრდეს, ჩემთვის მაგალითია ია მეტრეველი, ქალი რომელმაც საკუთარი თვალით ნახა როგორ ღაფავდა მისი შვილი სულს, ასეთ რამეს მტერსაც კი არ ვუსურვებ და მე ფიქრობ, რომ როდესაც ია მეტრეველი პოულობს ძალას, ეს ტკივილი ერთობის სურვილით გადალახოს, მაშინ სხვებმაც უნდა შეძლოს და ვინც ამის წინააღმდეგია და ისევ ცდილობს ერის გახლეჩვას, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს, პასუხი და არა მთავრობამ, რომელიც ისედაც კრიტიკის ქარ-ცეცხლშია, მიუხედავად იმ სიკეთეებსა, რაც კეთდება ამ მოკლე დროში.


- ლუკა, პოლიციის აკადემიის პრორექტორი ხართ, იმ პოლიციის, რომელიც მუდმივად ძალადობდა, რა შეიცვლება ამ მხრივ?


-შსს სისტემაში ბევრი სასიკეთო ცვლილება უკვე განხორციელდა. ვფიქრობ, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. მინდა შსს საზოგადოებისთვის გახდეს მისაღები. ვფიქრობ რომ ხელოვნურად შეუწყვეს ხელი ამ სისტემაში ძალადობის დანერგვას, ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანური ღირებულებები, როგორღაც წინა პლანზე წამოვწიოთ. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს შორის. ამის მაგალითს პირადად ვაძლევ. ბევრი ადამიანი, რომელმაც იმ უბედურებებში მონაწილეობა მიიღო ახლაც სისტემაში არიან, მე ვხვდები მათ და არაფერს ვეუბნები, ვლახავ საკუთარ თავში ტკივილს, რადგან ვხედავ მათ თვალებში სინანულს და ადამიანურ სითბოს. ისინი წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლნი არიან. ჩვენ ერთმანეთს მეგობრული ხელი გავუწოდეთ ერის ერთიანობის სურვილით.
ჩემთვის დიდი პატივია შსს-ს მინისტრის მიერ ინიცირებული სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, რომლის უშუალო კურატორიც ვარ. შსს-ს მასშტაბით, 7 მაისს დავიწყეთ საგაზაფხულო ტურნირი აკადემიაში, სპორტის რვა სახეობაში: მინიფეხბურთში, კალათბურთში, მარათონი-ესტაფეტა, ცურვა (4 დისციპლინა), ძიუდოში, ჭადრაკში, მკლავჭიდში და სროლაში. ეს არის საზაფხულო ტურნირი, რომელსაც სხვა სპორტულ სახეობებში საშემოდგომო ტურნირი მოჰყვება. შსს სპორტული კუთხით იქნება ძალიან აქტიური. პოლიციელი თავად უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მომწოდებელი და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი.


-ბატონო ლუკა, ჭიდაობის ფედერაციამ უკვე პირველი წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა თქვენი მისვლის შემდეგ, ასევე მაინტერესებს არის თუ არა სიახლე სპორტის აკადემიის აღდგენასთან დაკავშირებით?


-ძალიან დიდ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, 48 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ასევე იყვნენ სტუმრის სტატუსითაც საერთო ჯამში 53 ქვეყანა. უსაფრთხოება, ტექნიკური პირობები უმაღლეს დონეზე იყო, ევროპის ჭიდაობის ფედერაციისგან მადლობის წერილები და არნახული შეფასება მივიღეთ. მათი შეფასებით, ასეთი გრანდიოზული ჩემპიონატი ბოლო ათი წლის მანძილზე არ ახსოვს ევროპას. ამისთვის უკლებლივ ყველას დიდი მადლობა.
რაც შეეხება სპორტის აკადემიას, დიდი ნაკადი მოვიდა მწვრთნელობის მსურველობის და არა მარტო ჩემს ფედერაციაში, ამიტომ აკადემიის აღდგენა აუცილებელია. მაგრამ სახელს იცვლის და იქნება ფიზკულტურის უნივერსიტეტი, რომელიც უდიდესი ფუნქციის მატარებელი იქნება. ახალი მწვრთნელების დიდი განაცხადია შემოსული, ერთია პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ მწვრთნელი მეცნიერული კუთხით უნდა იყოს მომზადებული, თეორიული სწავლება აუცილებლად უდა იყოს და ამის სამჭედლო უნდა გახდეს ფიზკულტურის უნივერსიტეტი.


-აკადემიის შენობაში იქნება ფიზკულტურის უნივერსიტეტი და რა ვადებზეა საუბარი?


-კი ამ ტერიიტორიაზე აღდგება. ჩახედული ვარ ამ საქმეში და ძალიან მოკლე ვადებზეა საუბარი, ინფრასტრუქტურა მთლიანად შესაცვლელია, სრულად იქნება განახლებული. პრემიერ-მინისტრი უშუალო პატრონაჟით, საქმის კურსშია პრემიერი იმ სიახლის შესახებ, რომელსაც ახლა მე თქვენ გეუბნებით. არ შეიძლებოდა თეორიული სწავლების მოშლა, არცერთ სფეროში. დღეს იმდენად წინ წავიდა სპორტული მედიცინა და სპორტული მეცნიერება, ამის გარეშე სრულფასოვან სპორტსმენებს ვერ გავზრდით, მწვრთნელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.


-ბატონო ლუკა, უამრავი ცილისწამება იყო თქვენი მისამართით, თქვენ თანამდებობაზე დანიშვნის გამო აკრიტიკებდენენ ხელისუფლებას.


- ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ცხოვრება მიწევს და თანამებრძოლი ვარ იმ ადამიანის, რომელიც ჩემთვის და არამარტო ჩემთვის მაგალითია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ამიტომ ყველაზე დიდი თანამდებობა არის მერქვას ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი და იმ უღალატო ადამიანებს ვინც აძლიერებენ ბატონ ბიძინას.
ეს არ მინდა პათეტიკაში ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ერის შეცდომები, და ეს შეცდომა იცი რა არის? ვაჟა-ფშაველა, რომელიც გენიოსი იყო, ჩვენ მწერალთა კავშირში არ მივიღეთ და მათი ფრაზირება ვინც არ იღებდნენ ასეთი იყო, ის სოფლელი და სუნიანიო. ილია ჭავჭავაძე კი, რომელიც ერის მამად ვაღიარეთ და შემდეგ წმინდანად ვაკურთხეთ, ბოლო თვეების განმავლობაში სახლიდან ვერ გამოდიოდა, რადგან მისი კარიკატურებით იყო მოფენილი ქალაქი და მასზე იწერებოდა უამრავი სიბინძურე, შემდეგ ტყვია დავახალეთ შუბლში. ეს ჩვენი ერის წარმომადგენლებმა გააკეთეს და მე ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ადამიანის დაფასება და შეფასება, რომელიც საუკუნეში კი არა საუკუნეებში ერთნი იბადებიან დღესვე შემიძლია. სიცოცხლეშივე უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება. კრიტიკა სხვა რამეა, გინება და შეურაცყოფა სხვა რამე. ამიტომ მინდა ის ადამიანები, ვინც სიცოცხლის ფასად ერს და ქვეყანას ემსახურებიან, სიცოცხლეშივე დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ.


მაკა დეკანოსიძე

geotimes.ge

0
53
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0