თეა წულუკიანი
დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. იგი იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.
1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.
1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ENA-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.
თ.წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).
2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა : საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა.
2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში. ამჟამად ის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა.