სხვა აზარტულ თამაშებს ბოლო უნდა მოეღოს?! 2013, 7 მაისი, 16:35 საქართველოში სათამაშო ბიზნესის აკრძალვა სურთ. ამჟამად ამ საკითხს განიხილავს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები. ამ დროისათვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა. 6 ათასი დოლარი - დაახლოებით ამდენი უნდა გადაიხადოს მან, ვინც დაარღვევს კანონს, სათამაშო დაწესებულებებისათვის რეკლამის გაკეთების აკრძალვის შესახებ. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იკრძალება კაზინოს, ტოტალიზატორისა და სლოტ კლუბის რეკლამირება, როგორც მასმედიის საშუალებით, ისე ქუჩასა და ინტერნეტში. აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის დეპუტატი კობა დავითშვილი ამბობს, რომ საინიციატივო კანონპროექტი კრძალავს რეკლამას ყველა აზარტულ თამაშზე, ლატარიისა და წამახალისებელი გათამეშებების გარდა. აზარტული თამაშები მხოლოდ უბრალო ბიზნესი არ არის. ეს დაავადებაა, რომლითაც ხალხის ნაწილი ავადდება. მიმაჩნია, რომ ფულის გაკეთება ამ დაავადების ხარჯზე უნდა აიკრძალოს, ხოლო ამ აკრძალვის დამრღვევი - დაისაჯოს, - განაცხადა დავითაშვილმა. აზარტულ თამაშებთან ბრძოლა პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, რომ მისი კოალიციის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში სათამაშო დაწესებულებები დაიხურებოდა. ძირითადად საუბარი შეეხებოდა ქალაქ ბათუმს, სადაც დღეისათვის 4 კაზინო ფუნქციონირებს. თუმცა ერთ-ერთი მათგანის მფლობელი პაატა კუტელია ირწმუნება, რომ სათამაშო დაწესებულების დახურვის გამო გაიზრდება უმუშევრობა. " ჩვენს კოლექტივში 160 ადამიანი ვმუშაობთ. ყველას კარგი ხელფასი გვაქვა. კაზინოს დახურვის შემთხვევაში ისიც არის გასათვალისწინებენლი, რომ თითოეული ჩვენთაგანის უკან ჩვენი ოჯახის წევრები დგანან“, - ამბობს კუტელია. ექსპერტების აზრით, კაზინოს დახურვა ნეგატიურად აისახება ტურისტულ ნაკადზეც. დღეს ბათუმში ძირითადად იმ ქვეყნის მოქალაქეები ჩადიან სადაც სათამაშო დაწესებულებები აკრძალულია. ესენია მაგალითად თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანიც კი. ბათუმის მერიის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძე ამასთან დაკავშირებით ქალაქის მუნიციპალური შემოსავლების შემცირებას პროგნოზირებს. „სათამაშო ბიზნესიდან წელს ქალაქის ბიუჯეტში ოთხ ნახევარი მილიონი დოლარის მიღება იგეგმება. რა თქმა უნდა, თუ ამ ბიზნეს საფრთხე დაემუქრება, ეს უარყოფითად აისახება ადგილობრივ ბიუჯეტზეც“, - ამბობს ბათუმის მერიის წარმომადგენელი. იმის გასარკვევად, ღირს თუ არა საერთოდ სათამაშო დაწესებულებების დახურვა, საქართველოს პარლამენტში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე სექტემბერშის უნდა მიიღოს. მანამდე კი კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების მფლობელებს მოუწევთ თავი შეიკავონ თავიანთი ბიზნესის რეკლამირებისაგან. 60 3-ს მოსწონს
|