x
image
მაკუნა
Mediator image
სალომე ზურაბიშვილი: ევროსაბჭოში ელოდებოდნენ პრორუსულ ურჩხულს, სანაცვლოდ კი იხილეს ზრდილი და გულწრფელი ქართველი
imageსაქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია, მასმედიის ყურადღების ქვეშ განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მასთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა.
თავის მხრივ, დიპლომატმა მომავალში საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა, თუმცა კონკრეტულ თანამდებობებზე საუბარი ამ დრომდე არ სურს. ნიშანდობლივია, რომ გაეროში სალომე ზურაბიშვილს მისიის ვადა მაისში ეწურება, სწორედ მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაასახელოს.
წარმატებული დიპლომატი geotimes.ge-ს მომავალ მთავრობაში სავარაუდო პოსტის ნაცვლად, ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე გულწრფელად ესაუბრა:


-ქალბატონო სალომე, პრემიერმინისტრის ევროპარლამეტის ტრიბუნიდან პირველი მიმართვა და დებატები განსხვავებულად შეფასდა, ( „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ივანიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო უწოდეს, ხელისუფლება კი წარმატებულად მიიჩნევს). ევროპულ დიპლომატიურ წრეებს კარგად იცნოთ, როგორ ფიქრობთ, მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობდა პრემიერი?


-პრემიერის გამოსვლები ყოველთვის ძალიან გასაგები და მომგებიანია პირველ რიგში გულწრფელობის გამო... სიმართლე ადვილად გასაგებია და ყოველთვის დამაჯერებელი! ასეთი იყო პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს პარლამენტარების წინაშე და ისინი ამ გულწრფელობით მოიხიბლნენ, მეტადრე რომ მომზადებულნი იყვნენ სააკაშვილის ლობისტური მანქანის მიერ და ელოდებოდნენ რაღაც პრორუსულ ურჩხულს! ამის სანაცვლოდ კი იხილეს ზრდილი და გულწრფელი ქართველი... მომზადებული კითხვები უცებ ძალიან ხელოვნური გამოჩნდა და ზოგი უსუსური და ზოგი კი ...


-ქალბატონო სალომე, თქვენ მიიჩნევთ, რომ სააკაშვილს ყველაზე მეტად ახლა საერთაშორისო დონის სკანდალი სჭირდება, 19 აპრილს „ნაციონალებმა" ხელისუფლების პროვოცირება ვერ შეძლეს, მათი მომდევნო ნაბიჯი რა შეიძლება იყოს?



-ყველაფერს თავის დასასრული აქვს! და სააკაშვილის დროც დამთავრდა.... ყველაზე ნათლად ეს გუშინ წინ გამოჩნდა, როცა ამერიკაში ჩამოვიდა (თავის ჩვევისამებრ ყველგან ჩადის მიზანშეწონილობის მიუხედავად ) "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" გახსნის ცერემონიაზე... არავინ არც ახსენა, არცერთმა ამერიკულმა მედიამ ეს ფაქტი არ აღნიშნა და მხოლოდ სააკაშვილის ვებგვერდზე თუ ნახავდით დალასში მისი ჩასვლის კადრებს.... „ნაციონალური მოძრაობის" მომდევნო ნაბიჯი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, და არ ვდებ თავს წინასწარმეტყველობაზე... თუმცა, ერთი რამე ვიცი, რომ როცა ბედი უკუღმა დატრიალდება მას ვეღარ შემოაბრუნებ . მათი დრო ამოიწურა და თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს და თავად უნდა გაარკვიონ სად დაუშვეს შეცდომა და სად ჩაიდინეს დანაშუალი! აწი, სულ აღარ მადარდებს მათი მომდევნო ნაბიჯები, მადარდებს ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების სწორი ნაბიჯები, რათა ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ ჩიხიდან, ეკონომიური, გეოპოლიტიკური და მორალური ჩიხიდან... ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, და არა თამაშიდან გასულ ძალაზე ... რომლის არც უნდა გვეშინოდეს, და არც უნდა ვცდილობდეთ მის საფრთხობელად გამოყენებას!
ისიც უნდა ითქვას რომ „ნაციონალური მოძრაობა" გაუგებრობაშია და ჩვენც და სხვებსაც გაუგებრობაში აყენებს. იმიტომ რომ ერთდროულად არალეგიტიმურ მმართველ ძალად შეგვრჩა ჯერ კიდევ და იმავდროულად უზურპირებულ ოპოზიციად მოჰყავს თავი და ერთდროულად ორივე ამპლუაში წარმოადგენს თავს... ხან კოჰაბიტაციის მოთხოვნით (უცხოელებთან) ხან პრეზიდენტის ოპოზიციურ დემონსტრაციაზე გამოჩენით... ეს მარაზმი დასრულდება რამდენიმე თვეში და მერე ის ადგილი მიენიჭება, რასაც ქართველი ხალხი მიანიჭებს გაუყალბებელ არჩევნებში - არც მეტი და არც ნაკლები.


-დათა ახალაიას სახელით გავრცელებულმა მიმართვამ და 19 აპრილმა დაგვანახა, რომ ახალ ეროვნულ მოძრაობად დაანონსებულ „ნაციონალურ" მოძრაობას პარტიაში მკვეთრი შიდადაპირისპირება აქვს, ეს საბოლოოდ ხომ არ გამოიწვევს ამ ძალის დემონტაჟს?


-დაპირისპირება მათი საქმეა ... მცდელობა, რომ ჩაგვითრიონ თავიანთ გათვლებში და თუნდაც ანგარიშსწორებებში, წარუმატებელი იქნება როგორც ყველაფერი სხვა. ცდილობენ კი, თუნდაც ერთმანეთის ლანძღვით და ვითომც ჩაშვებით - ახალაიასთან თუ მერაბიშვილთან „ოცნების" გარიგების თემის წამოწევას. მაგრამ ესეც უშედეგო აღმოჩნდება და ვერ შეძლებენ ამ ანკესზე საზოგადოების წამოგებას და არეულობის აგორებას. გარიგების თემა ეკუთვნის იმ ვადაგასულ კონსპირაციულ მენტალობას, რომლითაც ცოცხლობს ტოტალიტარული და ნეო ან პოსტ ტოტალიტარული სისტემები, მაგრამ რომლის გავლენა და მიმზიდველობა რადიკალურად კლებულობს და ქრება დემოკრატიულ რეჟიმის პირობებში და დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანების ტვინში.
„ნაციონალური მოძრაობის" დემონტაჟის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ასეთ შემთხვევაში თვითონ უთუოდ მსხვერპლის მანტიას შემოისხამენ. ფაქტია, რომ ქვეყანაში მათი რეალური რეიტინგი სადღაც 10%-საც არ აღემატება. ისიც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ნაწილი ძალაუფლების (პრეზიდენტი, გუბერნატორები, თბილისის მერი, სასამართლო, ადგილობრივი ხელისუფლების უმრავლესობა) მათ ხელშია... მერე ვნახოთ როცა დაიწყება მათთვის ოპოზიციაში ყოფნის დრო ვინ შერჩებათ...


-2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების გამოძიებას ყოფილი ხელისუფლება ისტერიულად ეწინააღმდეგება, საერთაშორისო საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ კონფლიქტის ანალიზი, თუ მაღალჩინოსნების ბრალეულობის გამოსაკვეთად უნდა ჩატარდეს გამოძიება?


-ასეთი გამოძიება ჩატარებულ იქნა ევროკავშირის მიერ ომის შემდეგ, პირველივე წელს და ამ კომისიის დასკვნა მსოფლიოს მიერ და ევროკავშირის საბჭოს მიერ იქნა აღიარებული. ამდენად, ფაქტები გამოძიებულია და ამას დიდი ბჭობაც აღარ სჭირდება. სამაგიეროდ, ქვეყნის შიგნით არ გამოგვირკვევია, ტყუილში ვცხოვრობთ. ფაქტებს გვიყალბებდნენ და არარსებულ გამარჯვებებს გვაზეიმებდნენ. საზოგადოებრივი გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ორი რამ მოხდეს: პირველი - ტყუილისთვის ტყუილის დარქმევა (და რადგანც ვიღაცეების ტვინში ეს ტყუილი ძლიერად ჩამჯდარია მისი ფაქტობრივად დამტკიცება, რის გარეშეც ვერ დაიჯერებენ ... თუმცა, შესაძლოა ზოგმა ფაქტებსაც კი არ დაუჯერონ!) და მეორე - საქართველოს მოსახლეობას თავისი განაჩენი არ გამოუტანია იმის შესახებ, თუ ვისი უნიათობით, დაუდევრობით მოხდა ყოველივე ის, რაც მოხდა. ვინაა პასუხისმგებელი თითოეულ ჯარისკაცზე, თითოეულ მსხვერპლზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, ანუ კონტროლის გარეშე არსებული ტერიტორიების ზრდაზე (ლიახვის ხეობა, ახალგორი, კოდორის ხეობა). ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი ანგარიშის მოთხოვნა მაშინათვე მოხდებოდა ანუ ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გასვლისთანავე. არანაირი მორატორიუმი, არანაირი გადადება! ჩვენ მუდამ ვიმკით იმას, რასაც დროზე არ ვასრულებთ. შევარდნაძე ისე გავუშვით, რომ არაფერზე პასუხი არ მოეთხოვა! აქ ლაპრაკი არ არის შურისძიებაზე, ციხეში ჩაგდებაზე, წამებაზე ან სხვა ფორმის ანგარიშსწორებაზე. აქაა პასუხისმგებლობის, სიმართლის გამოძიების, და დანაშაულის აღიარების საკითხები. ეს ბევრიც არის და ზოგისთვის, იქნებ ცოტაც. მაგრამ ქვეყნისთვის ეს უებარი წამალია რის გარეშეც აღორძინება წარმოუდგენელია!


- გამოთქვით მზადყოფნა და დაადასტურეთ, რომ არის ორმხრივი სურვილი თქვენი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვისა. „ქართული ოცნების „ პრეზიდენტობის კანდიდატადაც გაიჟღერა თქვენმა გვარმა, თუმცა ჯერჯერობით თქვენთან მიმართებაში კონკრეტული წინადადება არ გაჟღერებულა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის გარემოცვა ხელოვნურად აფერხებს ამას?


-არაფერს არ ვფიქრობ. მე მზადა ვარ იმ საქმისათვის, რომელსაც გამოადგება ჩემი პროფესიონალური გამოცდილება, პირადი ცხოვრების გზა და ცოდნა.


-თქვენ თქვით, რომ ივანიშვილის გუნდში საკუთარი შენიშვნებითა და გარკვეულ საკითხებში კრიტიკული დამოკიდებულებით მიხვედით, მარტო არ გაგიჭირდებათ პოზიციების დაცვა? კოალიციაში შემავალი სუბიექტები ხომ საკუთარ მოსაზრებებს ლობირებენ?


-მე კოალიციაში არ ვარ შესული, გარედან ვუჭერ მხარს პირველი დღიდან და სადაც შემიძლია ვიცავ, სადაც საჭიროდ ვთვლი იქ კონსტრუქციულ კრიტიკას არ ვაკლებ. მე ვდგევარ იქ, სადაც ჩემი სინდისი და ჩემი მრწამსია... მჯერა დღეს, რომ ის ძალა რომელმაც შეძლო და სააკაშვილის რეჟიმიდან გამოიყვანა ქვეყანა, შეძლებს ამ ქვეყნის პოსტსაბჭოთა სივრციდან და მენტალობიდან საბოლოოდ გამოყვანას. ეს შიდაგარდაქმნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხელოვნური და ვიტყოდი ყალბი ლოზუნგები ჩვენი დემოკრატიულობისა და დასავლეთურობის თაობაზე, რომლის ერთადერთი მიზანია, სხვებს დააჯერონ ეს ყოველივე. აქ ლაპრაკია ჩვენ შინაგან წყობაზე, რომელიც საქართველოს წარსულში, ღირებულებებში დევს და მის აღორძინებაზე...
ამას ჩვენ შევძლებთ უთუოდ!


-რომელი ძალა იწვევს კოალიციაში ნაკლებად სიმპათიას?


-ვერ გეტყვით. ალბათ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან მეტი საერთო მაქვს მსოფლმხედველობის კუთხით და ზოგიერთთან ნაკლები. მაგრამ სიმპათია რა შუაშია?


-მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად პროდასავლური დიპლომატი ხართ და თქვენი ყველაზე დიდი დიპლომატიური წარმატება საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას უკავშირდება, „ ნაციონალები" მაინც რუსებთან თქვენს ფარულ გარიგებებზე საუბრობენ...


-იმიტომ რომ სხვა არგუმენტი არ იციან და არც გააჩნიათ... მათთვის მოწინააღმდეგესთან ბრძოლა იწყება და თავდება "პრო რუსულის" ძახილით... სინამდვილეში საქმე მეტყველებს ყველაზე ნათლად და მათი გაკეთებული საქმე რეალურად რუსეთის სასარგებლოდ დატრიალდა: ტერიტორიები, ეკონომიური ინტერესები, ნატოს გზის ჩაკეტვა, კონფლიქტების მოგვარების შანსების გადავადება, და საქართველოში რეალურად ანტი დასავლური და პრო რუსული ძალების წაქეზება! ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლების მიერ ჩვენთვის გადმოცემული და ამას უნდა გავუმკლავდეთ დღეს. ამდენად არავითარი მნიშვნელობა არაა აქვს რას მეძახიან, მთავარია საქმე და ის საქმე როგორ წარმოგაჩენს... საქმე ხომ უტყუარია!


- საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კოჰაბიტაციის მიღმა ფარული გარიგებები, ასევე სხვადასხვა ბიზნესის გადანაწილება მიმდინარეობს... რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ რიგით მოქალაქეებს ეს ეჭვი გაეფანტოთ და მათ დაიჯერონ სამართლიანობის აღდგენის?


- ვერასოდეს ვერ დაამტკიცებ რომ "კონსპირაცია" არ არსებობს და ამას ვერ დაუმტკიცებ ტოტალიტარულ რეჟიმში ნაცხოვრებ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ ასეთ ხელოვნურად შექმნილ კონსპირაციებით აზროვნებს და სუნთქავს.
ამიტომ "საქმემან შენმან".... სხვა დარწმუნების საშუალება არ არსებობს...
ამიტომ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა" რომ თავისი მხრიდან ყველანაირად თუნდაც ზოგი წევრების გაწირვით, ეს ეჭვები გააღვივოს. ეჭვი ხომ ეშმაკისაა... რწმენა კი ღმერთის.... ამიტომაც უნდა გვჯეროდეს ... მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ერთი კაცის და არ ვქადაგებ ახალ " -იზმს", არამედ ჩვენი თავის და მომავლის უნდა გვჯეროდეს....
ჩემი ვარაუდით, ივანიშვილის საუბარი პოლიტიკიდან წასვლაზე სწორედ ამ უნდობლობას პასუხობს და მისი დაძლევის გზას გვაძლევს: "გჯეროდეთ თქვენი თავის და არა სხვისი რაც არ უნდა მაგარი, ძლიერი თუ მდიდარი იყოს!" - ამბობს და ერთპიროვნულ რეჟიმების დასრულებისთვის გვამზადებს ამითი!


- და ბოლოს, ქალბატონო სალომე, ქაჯების თემა ქართულ პოლიტიკაში უკვდავია, ბოლოსდაბოლოს როდის გავთავისუფლდებით მათგან?


-როცა გადავწყვეტთ რომ დავუბრუნდეთ ქართულ კულტურას, ტოლერანტობას, დიდსულოვნებას, ჩამოვშორდებით მეშჩანობას, იგივე ქაჯობას, ხელახლა მივეჩვევით ერთიმეორეს მოსმენას. მაშინ როცა ერთმანეთის სიძულვილს, ერთად ცხოვრებას ვარჩევთ (და ამას უცხო სიტყვას - კოჰაბიტაციას არ დავარქმევთ) ...
ანუ ვფიქრობ მალე ძალიან მალე განვთავისუფლდებით მთლიანად!


მაკა დეკანოსიძე

http://geotimes.ge

0
445
6-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0