„ჩვენ მოვიგებთ ომს"
„ნაციონალთა" საპარლამენტო და არასაპარლამენტო სახეებმა შეკრება რუსთაველის გამზირზე 4 საათამდე გაცილებით, ადრე დაიწყეს. სისტემური კრახის შემდეგ ოპოზიციაში გადასულმა ყოფილმა ხელისუფლებამ, ქუჩაში სავარაუდოდ ხალხი დასათვლელად გამოიყვანა. ფაქტია, ლოზუნგი - „ევროპული მომავალი", ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხოლოდ მათ ხედვას არ ემთხვევა.
მანიფესტაცია თეატრალურ სანახაობას მოგაგონებდათ, ხელოვნურობის ელფერი დაკრავდა რუსთაველის მოედანს. მუსიკალური გაფორმებაც საგანგებოდ შეერჩიათ, ირაკლი ჩარკვიანის „ჩვენ მოვიგებთ ომს" გასდევდა ფონად აქციის დასაწყისს. იმედისმომცემად ჟღერს, რადგან, როგორც ჩანს ოპოზიცია ილუზიებშია, მათთვის პირველი ოქტომბრის შედეგი, მხოლოდ ბრძოლის წაგებაა და გადამწყვეტი ომი ჯერ კიდევ წინაა.
აქციაზე მოსული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, უშუალოდ გამოიყურებოდნენ, მათ ყოველგვარი ოფიციალურობა გვერდზე გადაედოთ, უფრო მეტიც, ისინი რევოლუციამდელ „ნაციონალებს" ძალიან ჩამოგავდნენ, ჩასაცმელიც შედარებით მოკრძალებული ეცვათ, ვიდრე 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედებს შეეფერებოდათ.
პიარში კარგად დახელოვნებული „ნაციონალებისგან" ეს არც იყო გასაკვირი, მათ დღევანდელი აქცია, ხომ ხალხთან თავიდან დასაახლოებლად და პარტიის რეინკარნაციისთვის სჭირდებოდათ. თუმცა მანიფესტანტებისთვის დასამტკიცებელი არაფერი ჰქონდათ, იქ მისული ადამიანების უმრავლესობა ნეტარი სახეებით შესცქეროდა ფავორიტი პარტიის ბელადებს.
სხვათაშორის ფავორიტებზე გამახსენდა, ევროპული არჩევანის მხარადასჭერად გამართულ აქციის წამყვანობას, პრეზიდენტის ახალი ფავორიტი, გიორგი ვაშაძე ითავსებდა. აქციის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სწორედ მან აუწყა საზოგადოებას პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის გამოჩენა, რასაც შემდეგი კომენტარი დაურთო: „ახალი და ძველი თაობა ერთად ვიკრიბებით, რათა დავიწყოთ ახალი, ერთიანი ძლიერი ეროვნული მოძრაობა". ვაშაძის სიტყვებს ოვაციებით შეხვდნენ მანიფესტანტები, საინტერესოა მერაბიშვილის გამოჩენამ აღაფრთოვანა ისინი, თუ ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებამ კარგად გაცვეთილი სახეებით?!
ნიშანდობლივია, რომ ტერმინ ახალ ეროვნულ მოძრაობაზე ხაზგასმას, აქციის ყველა გამომსვლელი ცდილობდა, მეტიც, მათ ფრაზა „ნაციონალური მოძრაობა", არც კი უხსენებიათ. სავარაუდოდ სიტყვა „ნაციონალის" ხსენებასაც მალე ისეთივე სირცხვილად ჩათვლიან რეჟიმის შემოქმედები, როგორც დღსდღეობით ბაჩო ახალაიას ხსენებაა.
ეროვნული ხომ სხვაგვარად ჟღერს?! რაღაც უფრო ილიასებურად. ისე, ილიას და აკაკის გზით სვლა იმდენჯერ ახსენეს „ნაცორატორებმა", გიმნაზიის წინ მდებარე საზოგადო მოღვაწეების ძეგლებმა ადგილზე დარჩენა გადაწყვიტეს, რადგან თავი „ნაციონალები" ეგონათ. (ასე ხუმრობდნენ სოციალურ ქსელებში)
დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა, რომ გამომსვლელთათვის განკუთვნილ სცენაზე ძირძველი "ნაციონალები" არ მიუწვევიათ, არც სიტყვა მიუცია მათთვის ვინმეს, თუმცა, მიხეილ მაჭავარიანს, ნიკოლოზ რურუასა და მათ თანამებრძოლებს ჟურნალისტებისთვის არ დაუშურებიათ აქციის უდიდეს იდეურ მნიშვნელობაზე კომენტარები. მათგან განსხვავებით კომენტარებს თავს არიდებდა ბაჩო ახალაიას უახლოესი გარემოცვის წევრი აკო მინაშვილი. ორ ცეცხლს შუა აღმოჩენილ დეპუტატს ნერვიულობა აღბეჭვდოდა სახეზე. აქციაზე მისული თეა თუთბერიძე კი, მარტოსულად გამოიყურებოდა. „ნაცელიტამ" ის ისევე მოკვეთა, როგორც მისი მეგობარი ბაჩო ახალაია. ყველაზე არაორდინალური დეპუტატი გოგა ხაჩიძე კი ჩვეული უდარდელობით აქილიკებდა ხელისუფლებას და ჟურნალისტებთან კვლავ იმის მტკიცებას ცდილობდა, აქაო და ახალ წელს ავღანეთში ვიყავი, თუ გინდათ პასპორტს გაჩვენებთო.
გოგა ხაჩიძის პასპორტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მარიამ საჯაიას ხელი ნამდვილად ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა უმწიფარ პარლამენტარს 3500 ლარიანი პრეზიდენტის ნაჩუქარი სამაჯური ამჯერად არ უმშვენებდა ხელს. ის უჩვეულოდ უბრალოდ გამოიყურებოდა, ალბათ მომინანქრებულ სამაჯურს, პრეზიდენტის ფავორიტი საგანგებო შემთხვევებში იკეთებს.
წარმატებული კოჰაბიტაციით გათამამებული ყოფილი ხელისუფლების წევრები ერთმანეთში თამამად საუბრობდნენ მომავალში ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნებაზე, რისთვისაც აუცილებელი იყო მოსახლეობისთვის ქართული რელობა შავ-ბნელ ფერებში დაეხატათ. აქციის მონაწილეთა განცხადებიდან გამომდინარე, რომ არ მცოდნოდა 2013 წელია და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავი საბჭოთა მოქალაქე მეგონებოდა. ოპოზიცია კი, კმაყოფილი ჩანდა, მათი მონაცემებით რუსთაველზე, ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა, „ რუსეთუმე" ხელისუფლების დასაგმობად.
აქციის მონაწილეთა რაოდენობით კმაყოფილების მიუხედავად, მანიფესტანტების სახეზე საერთო დაძაბულობა შესამჩნევი იყო. ეს შესაძლოა ნაციონალთა რიგებში შიდადაპირისპირების გამომჟღავნებამ გამოიწვია, დათა ახალაიას შესაძლო სიურპრიზზე მხოლოდ ჩურჩულებდნეენ პარტიის ლიდერები.
ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო რას მოიმოქმედებდა ქინდერსიურპრიზი პრეზიდენტი. სხვათაშორის მის მისვლას აქციაზე, როგორც წინა დღეებშიც აანონსებდნენ, პრეზიდენტის გუნდის წევრებიც კი არ ელოდნენ, მაგრამ ხალხმრავლობით გახარებულმა სპონტანურმა პრეზიდენტმა ტრიბუნა მხოლოდ მერაბიშვილს და უგულავას არ დაუთმო .
რამდენიმე წუთით ადრე კი მანიფესტაციას, უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია შემოუერთდა. რომელიც სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით დაცვის გარეშე გამოჩნდა რუსთაველზე.
სააკაშვილი სიტყვით გამოსვლამდე სცენაზე თანაგუნდელთა გარემოცვაში ადევნებდა თვალს აქციის მსვლელობას, სახეზე უცნაური, დამაფიქრებელი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად „სხვაგან ქროდა მისი გონება"... თითქმის არავისთან კონტაქტობდა, მხოლოდ საკუთარ მრჩეველ რაფაელ გლუსკმანს ებაასებოდა გამუდმებით.
თავისი უშუალობითა და გახსნილობით ცნობილი პრეზიდენტი სცენაზე მდგომი საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც მიუწვდომელი ჩანდა, ყოველ შემთშვევაში, მასთან მიახლოებას და კონტაქტს არავინ ცდილობდა. გარკვეული დისტანცია, რომ ეჭირა ვანო მერაბიშვილს ამასაც კარგად შეამჩნევდა დაკვირვებული თვალი, პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი არც კი დაკონტაქტებიან ერთმანეთს. მერაბიშვილის გაფითრებული სახეც არ იყო რთულად შესამჩნევი, როდესაც სიტყვა მისცეს შვებით ამოისუნთქა და ყოფილმა ხერხემალმა საქართველოს ახალ ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი ისე დაიწყო, თითქოს ახალდაბადებული პოლიტიკოსი ესაუბრებოდა მოსახლეობას და არა სისხლიანი რეჟიმის, 26 მაისისა და 7 ნოებრის მთავარი შემოქმედი.
მთავარი შოუ კი რუსთვაელზე მაშინ დაიწყო, როდესაც ტრიბუნასთან ოპოზიციონერი, პრეზიდენტი მივიდა. დაფიქრებული და მოწყენილი სააკაშვილი წამიერად ბობოქარ ჯადოქარად გადაიქცა, რომელმაც აქციაზე მყოფთ ივანიშვილის მთავრობა, ბოროტ დედინაცვლად დაანახა. ჰიპნოზმა დამსწრეებზე წარმატებით იმოქმედა და ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა პუბლიკა მის სიტყვას. სავარაუდოდ მისმა ჰიპნოზმა მერაბიშვილზე არ გაჭრა და ხერხემალყოფილმა პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებამდე დატოვა რუსთაველის გამზირი.
„ნაციონალთა" რიგებში განსაკუთრებით „ბრწყინავდა " თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტიაში მის გავლენებზე კარგახანია ბევრს საუბრობენ, სხვათაშორის პრეზიდენტის ფრანგი მრჩეველი ბოკერიას ლედის განსაკუთრებით წყალობდა და პრეზიდენტის გამოსვლისას ხალისიანად იქცევდა თავს მასთან საუბრით.
შეკრებილი მოსახლეობა კი, რომელთაც ოპოზიციონერი პრეზიდენტი და მისის გარემოცვა რუსეთის კლანჭებიდან გათავისუფლებას, უფლებებისთვის ბრძოლაას და სიკვდილსაც კი პირდებოდნენ, სინამდვილეში „ნაცელიტას" არ ადარდებდა, მათთან თხოვნით მიმავალ მხარდამჭერებს პასუხის ღირსადაც არავინ აგდებდა, წერილებს კი, რომელთაც მათ რის ვაი ვაგლახით აწოდებდნენ მოქალაქეები, "ნაციონალი" დეპუტატები" მჟავე სახეებით ხელში აჩეჩებდნენ ერთმანეთს...
"ნაციონალური" კარუსელი ისევ დატრიალდა, ახალი "ეროვნული მოძრაობის" იდეითა და ნაცადი ხერხებით. როდემდე?
მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge