x
image
მაკუნა
Mediator image
ცეზარ ჩოჩელი: ბიზნესს არაფრის ფასად არ დავთმობ
imageმცხეთა - მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა სააკაშვილის სამთავრობო გუნდიდან, რომლის სიმდიდრეზე დღემდე ლეგენდებს ყვებიან.

საქართველოში თითქმის არ ყოფილა ბიზნესი, რომლის უკანაც ჩოჩელების გვარს არ გაეჟღერა. „ვანოს ბიზნესმენად" წოდებული ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ დღესდღეობით რამდენიმე მიმართულებითაა პროკურატურაში საქმე აღძრული. სხვათაშორის, 2008 წლამდე ჩოჩელი პარლამენტში ახალგორის მაჟორიტარი იყო და დიდი ხმაურით არასოდეს გამოირჩეოდა. რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს სწორედ ახალგორიდან იწყება ვანო მერაბიშვილთან მისი დაახლოება. 2009 წლიდან კი იგი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტს იკავებს. რის შემდეგაც ჩოჩელ - მერაბიშვილის ტანდემის კრიმინალურ-კორუფციულ „გრეხებზე" ინფორმაცია პრესაში არაერთხელ ჩნდება.

თუმცა ვანო მერაბიშვილი დღემდე არცერთი სერიოზული ბრალდების გამო არაა დაკითხული. გუბერნატორყოფილი კი ჯერჯერობით სასამართლოს მიერ 300 000 ლარის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
მეტი გამჭვირვალობისათვის, ჩოჩელების ოჯახის კუთვნილ ქარხნებში მედიატური დაიგეგმა. ჟურნალისტებს საშუალება მოგვეცა საკუთარი თვალით გვენახა ყოფილი გუბერნატორის ქონების ნაწილი და მისთვის ყველა უხერხული კითხვა დაგვესვა.

მედიატურს თბილისის „რკინა-ბეტონის შპალების ქარხნიდან" ვიწყებთ, რომელიც ბოლო დროს ჩოჩელების კუთვნილი კომპანიებიდან ერთ-ერთი პირველი მოექცა ახალი ხელისუფლების თვალთახედვის არეში. რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ვერა ქობალიას, ირაკლი ეზუგბაიასა და ცეზარ ჩოჩელს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა დასდო ბრალად. საქმე ეხებოდა „რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის" პრივატიზებისას აღმოჩენილ საეჭვო გარიგებებს. ცნობისათვის, საქართველოს რკინიგზამ აღნიშნული საწარმო ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წელს, ირაკლი ეზუგბაიას ბრძანების საფუძველზე გადასცა, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წლის აგვისტოში გაასხვისა. თბილისში ქაიროს ქუჩაზე არსებული ქარხანა შპს „მიქსორმა" 6 850 000 დოლარად შეიძინა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ჩოჩელების ოჯახი გახლავთ.

საწარმოს გაყიდვის მიზეზად ეკონომიკის იმდროინდელმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაასახელა. თუმცა როგორც ჩანს, მინისტრმა იცრუა, როგორც შემოსავლების სამსახურისგან ახლახანს გახდა ცნობილი, პრივატიზების მომენტში კომპანიას სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ ჰქონია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, სანამ სახელმწიფო კომპანია ძმები ჩოჩელების ხელში გადავიდოდა, საქართველოს რკინიგზამ მას 6 200 000 ლარიანი კრედიტორული დავალიანება ჩამოაწერა.

ცეზარ ჩოჩელმა მედიასთან საუბარი „რკინა-ბეტონის შპალების ქარხანაში" მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოებით დაიწყო. იქვე თვალსაჩინოებისთვის გამოტანილ სტენდზე, ყოფილმა გუბერნატორმა, საწარმოს ძველი და ახალი ფოტოები წარმოგვიდგინა. შედარება მართლლაც კონტრასტულია. დანგრეული გაუბედურებული ქარხნის ნაცვლად, სახეზეა თანამედროვე ტექნოლოგიების და მაღალი დონის საწარმო. კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებას კი ცეზარ ჩოჩელი ასე პასუხობს: „ჩვენ თავდაპირველად რკინიგზის ტენდერში, რომელიც შპალების მიწოდებაზე ტარდებოდა წავაგეთ. გაიმარჯვა ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულმა „რკინა-ბეტონის შპალების ქარხანამ", მალე მოგებულ ტენდერიან საწარმოზე გამოაცხადეს აუქციონი.

ჩვენ რომ თავიდანვე ტენდერი მოგვეგო, მაშინ ეს ტერიტორია სახელმწიფოს ჯართად რჩებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო ქარხანაში, ფაქტიურად შეუძლებელი იყო წარმოება. მაგრამ რადგანაც ტენდერი მოგებული ჰქონდათ, მისი შესყიდვა და ინვესტირება გადავწყვიტეთ. ახლა გვედავებიან, რომ შეღავათიანად ვიყიდეთ, არადა მანახეთ ერთი ადამიანი მაინც, ვინც 7 მილიონს გადაიხდიდა, ვინ დაუშალა სხვას მონაწილეობის მიღება აუქციონში?

ეს საწარმო შევიძინეთ „თიბისი ბანკის" კრედიტით, მანამდე პროექტი ვანახეთ „საქართველოს ბანკს", „ქართუ ბანკსაც". დღევანდელმა ეკონომიკის მინისტრმა არამგონია უარყოს, რომ შეთავაზებული იყო ბანკისთვის წილობრივი თანამონაწილეობა, რადგან მაშინ თანხას ვერ ვაგროვებდით სრულად. მაგრამ არავის სჯეროდა, რომ ამ ქარხნისგან წარმატებული ბიზნესი შეიძლება გამოსულიყო. ქარხნის აღდგენა, რა ფასადაც შევიძინეთ ერთი იმდენი დაგვიჯდა. რაც შეეხება ბრალდებას, რომ დავალიანება ჩამოეჭრა საწარმოს სანამ გაასხვისებდნენ, ან კითხვას რატომ მოიგო ტენდერი ქარხანამ, რომელსაც შესაბამისი ინფრასტუქტურა არ ქონდა, ამასთან მე რა შუაში ვარ? მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს და რკინიგზის ხელმძღვანელობას მოსთხოვეთ პასუხი. რამდენი საწარმოა გაყიდული საქართველოში და დღეს მაინცდამაინც ყელში ეს ქარხანა გაეჩხირათ?! იმიტომ, რომ ცეზარ ჩოჩელის ოჯახზეა საუბარი, არადა ჩვენმა ჯგუფმა გამართა ბოლომდე საწარმო, დღეს ადგილობრივი წარმოება იმპორტულზე ბევრად იაფია. დღესდღეობით კი საწარმო გაჩერებულია, ტერიტორიაზე 8 მილიონზე მეტი დოლარის შპალი და ელექტროგადამცემი ბოძია დასაწყობებული . „საქართველოს რკინიგზამ" ხელშეკრულება თებერვლის ბოლოს შეწყვიტა, მანამდე კი, კონტრაქტის თანახმად ვთხოვდით ტერიტორიიდან დამზადებული შპალების გატანას. არც მასალა გაუტანია ვინმეს და შეტყობინებაც კი არ მოგვსვლია, რომ წარმოება შეგვეჩერებინა.

Geotim.ge-მ ცეზარ ჩოჩელს, მის მფლობელობაში არსებულ კარიერებზე დაუსვა შეკითხვა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქსნის ერთ-ერთი კარიერის მეპატრონე თეიმურაზ ალიბეგაშვილი, ცეზარ ჩოჩელს ბრალს დებს, რომ სწორედ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის წყალობით აღმოჩნდა ციხეში. საგადასახადოსთვის ფინანსების დაფარვის ბრალდებით, ციხიდან გამოსულს კარიერი მიწასთან გასწორებული დახვდა. კვალი კი ჩოჩელის კარიერამდე მიდიოდა. ალიბეგაშვილის მტკიცებით, მისი კარიერის მასალა სწორედ ჩოჩელის ხალხმა გაიტანა.

კიდევ ერთი ახალი ბრალდება ყოფილმა გუბერნატორმა, მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დააბრალა. ალიბეგაშვილის კარიერთან რაიმე სახის კავშირი გამორიცხა და განაცხადა: „ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ მე ვიყავი ხორცის ბიზნესის უკან. გამოიძიეთ ვისი იყო ხორცის ბიზნესი და რატომ მბრალდებოდა წლების განმავლობაში მე. ამასთან დაკავშირებით, ვაძლევდი ინტერვიუებს, მაგრამ არცერთი არაა გასული, არც პოზიციურ და არც ოპოზიციურ არხზე. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ყველა ბიზნესის უკან ცეზარ ჩოჩელის ოჯახი იდგეს. თქვენ დღეს წამოხვალთ" ბარამბოში", „ზედაზენში", ნახავთ ჩვენი ჯგუფის მიერ გაკეთებული საქმის ერთ ნაწილს, ეს ორი საწარმო აღმოსავლეთ ევროპაში აღიარებულია, როგორც უმაღლესი ხარისხის მწარმოებელი ქარხანა. უამრავ რამეს მაბრალებენ, დაბრალება ადვილია- საქმის კეთებაა ძნელი".

„რკინა-ბეტონის შპალების ქარხნიდან" მედია-ტური გზას „ბარამბოს" ტკბილეულის ქარხნისკენ აგრძელებს. ყოფილი გუბერნატორი ჟურნალისტებთან ერთად, ავტობუსით მგზავრობს და გზადაგზა გვიყვება, თუ როგორ დაიწყო ჯერ კიდევ ჩაბნელებულ 90-იან წლებში სულ რამდენიმე საარაყე ქვაბით ალკოჰოლის გამოხდა. დაუღალავი შრომის ხარჯზე კი, წარმოება ნელ-ნელა გააფართოვა, შემდეგ იყო ლუდსახარში „ლომისი". ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ რთული პერიოდი ცხოვრებაში ბევრჯერ ქონია, მაგრამ ზეწოლის არასდროს შეშინებია. იგი არც თუ სასიამოვნოდ იხსენებს შევარდნაძის მმართველობის პერიოდს, როცა საწარმო დაუხურეს, მეგობრები დაუჭირეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ წინსვლას ბიზნესში ჩოჩელმა სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მიაღწია, არ თვლის, რომ ეს მისი კუთვნილი კომპანიების სასათბურე პირობებში ყოფნის გამო ხდებოდა.

„უბრალოდ ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკის განვითარება, რამაც შესაბამისად ხელი შეუწყო ჩემი ბიზნესის გაფართოებას, სულ რამდენიმე წელია „ნაციონალთა" გუნდის წევრად ვითვლები და რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მანამდე არანაკლებ წარმატებული ბიზნესი მქონდა. რა სასათბურე პირობებზეა საუბარი, მაგალითისათვის, თუ ტკბილეულის შემომტან კომპანიებს განბაჟება 18% -ად ჰქონდათ, ჩვენ ჯგუფს ტკბილეულის წარმოებისათვის საჭირო შაქარი 33 % -იანი განბაჟებით შემოჰქონდა. ამის შემდეგ მეტყვით, რომ წინა ხელისუფლება შეღავათებს მიკეთებდა?"- ამბობს განაწყენებული ჩოჩელი.

ჟურნალისტებთან პირად საუბარში ყოფილი გუბერნატორი არც იმას მალავს, რომ პოლიტიკა და სახელმწიფო მოხელის სავარძელი მისთვის კომფორტული არასდროს ყოფილა. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია, მაგრამ მაინც არ ნანობს, რომ ქვეყნის შენებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
„სახელმწიფოსთვის არაფერი მომიპარავს, ყოველთვის ვცდილობდი შემექმნა ეროვნული წარმოება, რომელსაც პრეტენზია ექნებოდა კონკურენცია გაეწია ევროპის უმაღლესი დონის ქარხნებში წარმოებული პროდუქტებისათვის. ამაყი ვარ, რომ მე და ჩემმა ჯგუფმა ეს შევძელით. საქართველოს ბიუჯეტის შევსებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეგვაქვს, ამიტომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენზე იერიშის ნაცვლად ჯობს იმაზე იფიქროს, როგორ შექმნას ახალი საწარმოები და უკვე არსებულ წარმოებას ხელი შეუწყოს. თუ ვინმე ეცდება რაიმე ზეწოლით წამართვას ქარხნები, წინასწარ ვაფრთხილებ ყველას, რომ ჩემ ბიზნესს არაფრის ფასად არ დავთმობ".

მედიატურის ავტობუსი სოფელ წილკანში მდებარე „ბარამბოს"

საწარმოსთან ჩერდება. ტკბილეულის ქარხანაში წარმოება, უძრავი ქონების ყადაღის მიუხედავად გრძელდება. უმაღლესი კატეგორიის საწარმოში ჰიგიენისგანსაკუთრებული ნორმებია დაცული, მეგზურობას შოკოლადის ტექნოლოგი გვიწევს, რომელიც წარმოების ტექნოლოგიასა და თითოეული დანადგარის მნიშვნელობას გვაცნობს. „ბარამბოს" სიგემრიელის "გასაღებად" კი ბელგიიდან ჩამოტანილ ნედლეულს მიიჩნევს. რომლის შემადგენელი მთავარი კომპონენტი კაკაოს კარაქი აფრიკიდან, კონკრეტულად კი განადან შეაქვთ ევროპაში.

image


როგორც "ბარამბოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თაკო ნიბლაძე ამბობს, „უძრავი ქონების ყადაღის გამო, წარმოებამ შედარებით იკლო, ვინაიდან სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს. საჯარო-სამართლებრივ საბუთს ვეღარ წარვადგენთ, რაც ტენდერის მთავარი მოთხოვნაა. სამომხმარებლო ბაზარზე კი, ჯერჯერობით „ბარამბო" სრულადაა წარმოდგენილი. შექმნილი პრობლემების მიუხედავად, კომპანია აქტიურად მუშაობს და ახალ პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, სიახლე ამ ეტაპზე გვაქვს ნაყინის წარმოებაში, გამოვუშვით სამარხვო ნაყინის ორი სახეობა, ასევე გავაფართოვეთ საბავშვო ხაზი".

ტკბილეულის საწარმოდან გეზს საგურამოში მდებარე „ზედაზენის" ლუდის ქარხნისკენ ვიღებთ, სადაც მედიატურის პარალელურად ლუდის ახალი სახეობის „ხევსურულის" პრეზენტაცია იმართება.

პრეზენტაციაზე ქართული ტრადიციებია გაცოცხლებული, ხევისბერი ახლადჩამოსხმულ ლუდს ლოცავს, დამსწრე სტუმრები კი ფოლკლორული ჯგუფების ხევსურული ჰანგების ფონზე აგემოვნებენ ლუდის ახალ სახეობას. როგორც ლუდის მთავარი ტექნოლოგი ამბობს, "ზედაზნის" ახალი პროდუქტი ხევსურული ტრადიციებითაა დაყენებული, ლუდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ალოე მოხალულია, რაც განსხვავებულ გემოსა და ფერს სძენს ლუდს.

საწარმოში თითქმის ყველაფერი ავტომატიზირებულია, გერმანული უმაღლესი ტექნოლოგიებისა და გერმანული ნედლეულის ნაზავი საბოლოო შედეგს ქმნის. ყველაზე მეტად თვალშისაცემი საწარმოს დათვალიერებისას განსაკუთრებული სანიტარული ნორმები და წესრიგია. გაოცებას ვერ ვმალავ, ნანახმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. მეტიც, სიამაყის შეგრძნება მეუფლება, ასეთი მასშტაბის საწარმოს ჩემს ქვეყანაში რომ ვხედავ. წამით პოლიტიკაც მავიწყდება და ის ბრალდებებიც, რომელიც ამ ქარხნების შემქმნელ ცეზარ ჩოჩელს აქვს წაყენებული.

თუმცა რეალობა მწარეა, ბევრ ბიზნესმენს სააკაშვილის მთავრობა არჩევანს არ უტოვებდა და პოლიტიკურ მხარედ აქცევდა. პოლიტიკაში ჩაბმული მეწარმის მიმართ კი საზოგადოებაში კითხვები ყოველთვის ერთიორად მეტი ჩნდება. იმედია ამ კითხვებს, მცხეთა - თბილისის გუბერნატორი ამომწურავად უპასუხებს. ყოველ შემთხვევაში, ამის პირობა მან Geotimes.ge-ს მისცა და ვრცელ ინტერვიუს დაგვპირდა.


Geotimes.ge

მაკა დეკანოსიძე

0
224
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0