x
image
მაკუნა
Mediator image
კახა კუკავა: დღევანდელი პარლამენტი არაადეკვატურია
imageშუალედური არჩევნების ციებ-ცხელება ქვეყნის მასშტაბით სამ ოლქში დაიწყო. მთავრობაში გადაბარგებული დეპუტატების მანდატების მოპოვება როგორც ჩანს არც ისე იოლი იქნება „ ქართული ოცნებისათვის“, ყოველ შემთხვევაში ნაძალადევის რაიონში „ თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პოზიციების იოლად დათმობას რომ არ აპირებს ეს ცხადია.
Geotimes.ge კახა კუკავას წინასაარჩევნო მარათონსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:


– ბატონო კახა, ნაძალადევის რაიონში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, როგორც ჩანს საკმაოდ დიდი ბრძოლა გელით, მმართველ ძალას უწევთ ოპონირებას, ფაქტიურად „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენ ერთ ფლანგზე იბრძვით...


-პირველ ოქტომბრამდე იყო სხვა რეალობა, ყველა ძალა იყო მობილიზებული, რომ სააკაშვილის დემონტაჟი ყოფილიყო. ამიტომ ყველა ოლქში ჩვენ „ ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოვხსენით კანდიდატურები, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. პარლამენტში საჭიროა წარმოდგენილი იყოს რეალური ოპოზიცია. უოპოზიციოდ ხელისუფლება განწირულია იმისთვის, რომ ავტორიტარიზმის კუთხით მოხდეს მისი განვითარება. ამიტომაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ “თავისუფალი საქართველოს“ შესვლა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია პარლამენტში, რადგან ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც არ აქვს ტვირთი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის .
ჩვენმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ღიად დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილს, მეორეს მხრივ ჩვენი პარტია არის ერთადერთი პარტია, რომელსაც არ გამოუცხადებია, ე.წ. ტაიმაუტი და არ გვიძებნია კულუარული გზები „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვართ კონსტრუქციულნი და ძალიან მწვავე რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჭირდება დემოკრატიულ პროცესს პარლამენტში. რადგან რეალურად დღეს უმრავლესობაში არიან პარტია „რესპუბლიკელები“ და პარტია „მუნჯები“. კოჰაბიტაციის აქტიური მხარდამჭერები სწორედ „რესპუბლიკელები“ არიან, დანარჩენები კი მუნჯებად იქცნენ, სხვათაშორის ირაკლი ალასანიას დატუქსვის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატებიც“ მუნჯების რიგებში ჩაეწერნენ, რადგან მათგან აღარ წამოსულა არცერთი პოლიტიკური ინიციატივა.
აუცილებელია პარლამენტში ამაზე დებატები გაიხსნას. ყოველდღიურად უნდა იყოს პარლამენტში საუბარი თუ რა ხდება კოჰაბიტაციაზე, რა ხდება სამართლიანობის დაბრუნებასთან დაკავშირებით, პიქსელის შენობაში კი არ უნდა მიდიოდნენ ადამიანები ქონების დასაბრუნებლად.


– მაგრამ ბატონო კახა, რომც გახდეთ დეპუტატი, ერთი ხმით რას შეცვლით?



– რა თქმა უნდა, ერთს ჯობია ათი და ათს ოცდაათი, მაგრამ ნოლს ჯობია ერთი. რეალობა ეს არის, როგორიც გვაქვს. ერთი ადამიანი არ არის საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ პოზიციების გამოხატვა მოხდეს პარლამენტის ტრიბუნიდან.


ნაძალადევის რაიონი საკმაოდ რთული და უამრავი პრობლემის მქონე ოლქია, თეა წულუკიანს ამომრჩეველმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა, როგორ ფიქრობ, თამარ კორძაიასაც ექნება ასეთი მხარდაჭერა? თუ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით მისცემს მას ხალხი ხმას?


– ივანიშვილის პიროვნების მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. მაგრამ მოსახლეობა პირველი ოქტომბრის შემდეგ აცნობიერებს რომ მხოლოდ „ ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ძალიან ბევრს სფეროში პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. მაგალითად სამართლიანობის აღდგენის პროცესში დღეს „ ქართული ოცნება“ არის შემაფერხებელი და არა ხელშემწყობი. რაც შეეხება კონკრეტულად ნაძალადევს, პრინციპში პარტია „ქართული ოცნება“ არ არის წარმოდგენილი ამ არჩევნებში, რესპუბლიკელების წარმომადგენელია თამარ კორძაია, მე მგონი ეს დამალული არავისთვისაა და ამ პარტიის რეიტინგი მოსახლეობაში ძალიან დაბალია.


ოპოზიციის არარსებობაზე საუბრობ, საინტერესოა „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ძალად თვლი?


– “ ნაციონალური მოძრაობა“ საყოველთაო შეფასებით არის დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პროგრამის მთავარი პუნქტი არის, რომ მოჩვენებითი კოჰაბიტაცია უნდა იქნეს შეწყვეტილი და ნაცვლად ამისა უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულება, რადგან სწორედ ამას აქვს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა. საქმე იმაშია რომ კოჰაბიტაცია არ არის მარტო პოლიტიკური პროცესი.
კოჰაბიტაცია არის ძალიან უხერხული და არასასარგებლო რამ, კოჰაბიტაცია არის: ის, რომ დამნაშავეები არ ისჯებიან. ვისაც წაართვეს, იმას ქონებას არ უბრუნებენ. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებაში“ გადადის, კეზერაშვილი და ხუხაშვილი რომ ერთად ინაწილებენ ბიზნესიდან უკანონო შემოსავლებს. ანუ ქართულად რომ დაარქვან მექრთამეობა, ეს სახელი ყველას ყურს მოჭრის და ფრანგული სახელით შეცვალეს. იცით რომელიმე ბიზნესი, რომ სადმე რამე შეიცვალა? ძალიან ცინიკური იყო, მთავარი პროკურორის შეხვედრა ბიზნესელიტასთან, რომელთაც მისცა უსაფრთხოების გარანტიები და ამ ბიზნესელიტაში იყვნენ ირაკლი გილაური, ლადო გურგენიძე, „ნაც. მოძრაობის“ ყველაზე უფრო კორუმპირებული და ყველაზე უფრო უმაღლესი ჩინები.


თუ გახდით ნაძალადევის დეპუტატი, ოპოზიციური ფლანგიდან რის გაკეთებას შეძლებთ თქვენი ამომრჩევლისთვის?


– დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემად კვლავ რჩება არამარტო ნაძალადევისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მევახშეების და ბანკების მიერ უსაზღვროდ გაბერილი ვალები. პირველ ოქტომბრამდე „ქართული ოცნება“ იძლეოდა დაპირებებს, რომ ეს თემა იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მსჯელობის საგანი. მაგრამ ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ ერთი დეპუტატი, ერთი მინისტრი არ ყოფილა რომელსაც ეს თემა გაახსენდებოდა. მხოლოდ „თავისუფალი საქართველო“ ატარებდა აქციებს, ბრიფინგებს. ჩვენ მივაღწიეთ გარედან იმას რომ, თუნდაც ზეპირი და რამდენიმე განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა იუსტიციის მინისტრმა.
პარლამენტის ტრიბუნიდან, დამეთანხმეთ ამის გაკეთება უფრო ადვილია, მხოლოდ ინტერვიუებით მთავრობას ვერ გააგონებ შენ ხმას, სხვაა როდესაც პარლამენტიდან ყოველდღიურად გახსენებენ მოვალეობებს. პარლამენტის ტრიბუნიდან შეგიძლია მოითხოვო ამა თუ იმ მინისტრის დაკითხვა. კონკრეტულად საბანკო პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ხელისუფლებას უკვე ადაპტირებული პრაქტიკა მსოფლიოში, სადაც გარკვეულ შემთხვევებში მთავრობა ერევა ბანკებთან ურთიერთობაში.
უამრავი კონკრეტული პრობლემა აქვს დღეს მოსახლეობას, მაგრამ ყველაზე მეტად პრობლემატურია ის ყრუ კედელი, რომლებიც უკვე აღიმართა მათსა და მთავრობას შორის.
თითქმის ყველა დეპუტატმა არჩევნების შემდეგ გამოცვალა ნომერი. ამომრჩევლის მიღება ძალიან ცოტა დეპუტატს თუ აქვს, იმ მოტივით რომ ქუთაისში არის პარლამენტი. პრაქტიკულად ქვეყანა ცხოვრობს სხვა პრობლემებით, მთავრობა სხვა პრობლემებით. პრობლემა იმაშია, რომ პარლამენტი არის არაადეკვატური. თუ მაგალითად თქვენ, ჟურნალისტები, ტელეგედაცემის პროდიუსერი ხვდება რა არის ქვეყანაში აქტუალური და იმ თემას აშუქებთ, პარლამენტიც ადეკვატური იქნება რომ ამავე თემაზე მსჯელობდეს. მაგრამ პარლამენტი ამაზე არ მსჯელობს და მსჯელობს ბუსუსებიან პრეზერვატივზე. რატომ? იმიტომ რომ მათ ამისი კომფორტი აქვთ, რადგან ოპოზიცია არ ყავთ და ვერავინ ვერ ეტყვით, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის თუნდაც ბანკის ვალები და სხვა უამრავი რამ. “ ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ამის ლეგიტიმაცია, ალბათ შეამჩნევდით, როცა გაჭირვებული ხალხის უფლებების დაცვაზე საუბრობს „ნაც. მოძრაობა“, მოსახლეობა ამის წინააღმდეგია . ე. წ. ოპოზიცია ამ ყველაფერს იყენებს დესტაბილიზაციის მოსაწყობად. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ვერ იქნებიან ისეთი პრინციპულები, როგორც მე. რადგან მე ყოველთვის იმას ვიტყვი რაც მინდა და ვერავინ მოახდენს ჩემზე გავლენას. უმცირესობის უდიდესი ნაწილის საქმე პროკურატურაშია, ამიტომ მათთვის ნებისმიერი თემა იქნება სავაჭრო.


– საკუთარ შანსებს ოქტომბრის არჩევნებში როგორ აფასებთ?


– ჯერჯერობით ყველანაირ კვლევებში ვლიდერობ. რა თქმა უნდა, კვლევები და არჩევნების შედეგი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ არ მაქვს უფლება მოვდუნდე, თუ მოახერხა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უკეთესი ადმინისტრირება, რისი ბერკეტიც მათ დღესდღეობით აქვთ, ის სხვაობა რაც დღეს ჩემსა და კორძაიას შორის არსებობს, შეიძლება დაიძლიოს. ამიტომ გვჭირდება კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა. თუმცა ინტერნეტის გამოკითხვა ალბათ რაღაც ტენდენციებს ასახავს. მიუხედავად ბევრი კანდიდატის არსებობისა, ნაძალადევში კონკურენცია ძირითადად ჩემსა და კორძაიას შორის იქნება, რადგან სხვა კანდიდატებს თეორიული შანსიც კი არ აქვთ გამარჯვების.


_ უმთავრესი არგუმენტი თქვენს წინააღმდეგ არის ის, რომ პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსად ითვლებით, ეს იმოქმედებს თქვენს რეიტინგზე?


– ჩემთან დაკავშირებული ტაბუები აქვს გარკვეული კატეგორიის მედიასაშუალებებს და ისსინი აპელირებენ რუსეთის თემით. მაგრამ მოსახლეობაში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. ვხვდები ყოველდღიურად უამრავ ადამიანს და არ მინახავს ერთი ადამიანი, რომ ამაზე პრეტენზია გამოეთქვა.

მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0