
საგანგებო შტაბის შექმნა საქართველოში არსებულმა ამინდმა განაპირობა.
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით შტაბს თავად უხელმძღვანელებს, წევრები კი იქნებიან ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიოონალური განვითარების მინისტრი - დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი- დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან მხარში ამოუდგნენ დაზარალებულ მოსახლეობას.
ძლიერი ქარის გამო გაითიშა 100 000-მდე აბონენტი მთელ საქართველოში, მინისტრის განცხადებით დღის ბოლომდე ეს რიცხვი შემცირდება. სამუშაოების ჩატარებას ხელს უშლის ძლიერი ქარი .
ქარმა ყველაზე დიდი ზიანი აჭარას მიაყენა. დაზიანებულია 150-ზე მეტი სახლისა და სკოლების სახურავი. დაზიანებულია გარე განათების მოწყობილობები, ურეკში წყალმა გაიტაცა 3 ნავი, მრავალსართულიანი სახლები დაზიანდა გორში.
მოქალაქეებმა, რომელთაც მიადგათ რაიმე სახის ზიანი პირველ რიგში უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმართველობას. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი 2 51 07 74.