x
image
ოტი
რჩევები ჯანსაღი და უსაფრთხო გარუჯვისათვის
image

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ლამაზი, გარუჯული კანი ბევრი ჩვენგანის საზრუნავად იქცევა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ზღვაზე, აუზსა თუ სოლარიუმში გატარებულ დროს იშვიათად ვიშურებთ ხოლმე. მაგრამ თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ დღევანდელი რუჯი ხვალ შესაძლოა სწორედ სილამაზის ან კიდევ უფრო უარესი, ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად კანის კიბოს (ავთვისებიანი დაავადება) დაახლოებით 14 მილიონი ახალი შემთხვევა დგინდება და ყოველ საათში ერთი ადამიანი მელანომით - კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი ფორმით იღუპება. აღნიშნული ფაქტები, სამწუხაროდ, სწორედ გარუჯვის დროს გამოჩენილი დაუდევრობით არის განპირობებული. ესეც რომ არა, მზისგან მიღებული დაზიანება კანის სტრუქტურის შეუქცევად ცვლილებას, დანაოჭებასა და ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ამრიგად, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მივიღოთ ჯანსაღი, ხანგრძლივი რუჯი და ამასთან, ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები სწორედ ამაში დაგეხმარებთ:

ექსფოლიაცია (კანის მკვდარი უჯრედების მოცილება):


კანის მკვდარი უჯრედების მოცილება აუცილებელი პროცედურაა მზის აბაზანების დაწყებამდე. პროცედურისათვის გამოიყენება ე.წ. სკრაბი, ანუ სპეციალური საშუალება, რომელიც თქვენს კანს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის, მკვდარი უჯრედებისა და ზედმეტი ცხიმისაგან ათავისუფლებს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ მიღებული რუჯი გაცილებით უფრო თანაბარია და ხანგრძლივადაც შენარჩუნდება. იმ შემთხვევაში, თუ სკრაბის შეძენა ხელმისაწვდომი არ არის, კანის მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად შაქარი, შვრიის ფქვილი ან მარილიც გამოგადგებათ.

მზისგან დამცავი საშუალებები:

გარუჯვის მოყვარულებს ხშირად მიაჩნიათ, რომ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება რუჯის მიღებას აფერხებს. ეს მცდარი შეხედულებაა. სინამდვილეში, მზისგან დამცავი კრემი იმის საშუალებას იძლევა, რომ მეტი დრო გაატაროთ მზეზე კანის ზედმეტი დაზიანების გარეშე. პირველ რიგში ეს ღია ფერის კანს ეხება, ვინაიდან ის განსაკუთრებით დაუცველია მზის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. მუქი ფერის კანს ბუნებრივად დაცვის მეტი რესურსი გააჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზეზე ხანგრძლივად დაყოვნების შემთხვევაში მას დამწვრობა ან ავთვისებიანი დაზიანება არ ემუქრება.

მზისგან დამცავ კრემებს გააჩნია ე. წ. SPF ანუ მზისგან დამცავი ფაქტორი. SPF უზრუნველყოფს B ულტრაიისფერი სხივების (UVB) ანუ დამწვრობის გამომწვევი სხივების გაფილტვრას. ამრიგად, რაც უფრო მაღალია SPF, მით უფრო დაცულია კანი მზის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. შესაბამისად, ღია ფერის კანი უფრო მაღალი SPF-ის გამოყენებას საჭიროებს ანუ 30 და მეტი. მუქი ფერის კანის შემთხვევაში კი SPF 15-იც საკმარისი შეიძლება იყოს. მზისგან დამცავი კრემის შერჩევისას ასევე ყურადღება მიაქციეთ წარწერას: „ფართო სპექტრის“ ან „მაღალი UVA დაცვა“. ეს იმას ნიშნავს, რომ კრემი კანს არამარტო B, არამედ A ულტრაიისფერი სხივებისგანაც (UVA) იცავს. ეს უკანასკნელი კი კანის კანცეროგენულ ანუ ავთვისებიან დაზიანებაზეა პასუხისმგებელი.

FDA-ს (ამერიკის წამლის სააგენტო) რეკომენდაციით, იმისათვის, რომ კანის დაცვა მაქსიმალურად ეფექტური იყოს, სხეულის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით 2 მილიგრამი კრემი უნდა განთავსდეს. გარდა ამისა, დამცავი კრემი მზეზე გასვლამდე 15-30 წთ-ით ადრე უნდა წაისვათ და უნდა განაახლოთ მინიმუმ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ან წყლიდან ამოსვლის შემდეგ.

მოარიდეთ კანი ინტენსიურ ან ხანგრძლივ ულტრაიისფერ დასხივებას:

უმჯობესია კანის გარუჯვა თანდათანობით მოხდეს და მზეზე ყოფნა მცირე მონაკვეთებად დაყოთ. გარუჯვის მოყვარულები ძალიან ხშირად მთელ დღეს ატარებენ ხოლმე მზის ქვეშ. შედეგი კი, როგორც წესი, არა ინტენსიური რუჯი, არამედ დამწვრობაა. უნდა ვიცოდეთ, რომ რუჯი კანის პიგმენტის - მელანინის გამომუშავების შედეგად მიიღება და ის, არც მეტი, არც ნაკლები, კანის ბუნებრივი დამცავი მექანიზმია. თუმცა ეს მექანიზმი უსაზღვრო არ არის. დღის განმავლობაში ის მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოქმედებს. თუ მზის ზემოქმედება უფრო დიდხანს გრძელდება, დამწვრობა გარდაუვალია. დღის განმავლობაში ამ უსაფრთხო პერიოდის ხანგრძლივობა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია და მეტწილად კანის ფერზეა დამოკიდებული. ძალიან მუქი ფერის კანის შემთხვევაშიც კი იგი მაქსიმუმ 3 საათია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება დღის განმავლობაში საშუალოდ 1 საათზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს! ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია გარუჯვისათვის დღის მონაკვეთის შერჩევა. 10-დან 16 საათამდე პერიოდში მზის სხივები განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ გარუჯვის პროცედურა ამ დროს არ ჩაიტაროთ.

ნუ გამოიყენებთ სოლარიუმს! მართალია, ის ძალიან მომხიბლავი საშუალებაა სწრაფი ეფექტის მისაღებად, მაგრამ გახსოვდეთ, ის უსაფრთხო არ არის! დადგენილია, რომ სოლარიუმში გარუჯვა 75%-ით ზრდის კანის კიბოს (ანუ ავთვისებიანი დაზიანების) განვითარების საშიშროებას.

გამოიყენეთ სათვალე და ქუდი/ საჩრდილობელი:

თვალის ირგვლივ კანი და თვით ქუთუთოები ძალიან მგრძნობიარეა მზის მიმართ. დაუცველობამ შეიძლება თვალისა და მხედველობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ შეარჩიეთ სათვალე, რომელიც თვალს საიმედოდ დაიცავს. ასეთ სათვალეს ექნება წარწერა, რომ აკმაყოფილებს ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის მოთხოვნებს, მზის სხივების აბსორბცია 400 ნმ-მდეა ან აკავებს ულტრაიისფერი სხივების 99-100%-ს. გაითვალისწინეთ სათვალის ფორმაც, რათა ყველა კუთხიდან შემომავალ სხივებს აკავებდეს. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი ქუდი, რომელიც შუბლს, თვალებს, ცხვირსა და ყურებს დაფარავს.

მიიღეთ საკვები, რომელიც აძლიერებს კანის დაცვას:

არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ საკუთარი მზისგან დამცავავი ფაქტორის გამომუშავებას ასტიმულირებს და ამასთან, ლამაზი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ. ასეთებია წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, მაგალითად, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა, მანგო, ლიმონი და ა.შ. ამრიგად ზღვაზე დასვენების პერიოდში შეგიძლიათ უხვად მიიღოთ ეს პროდუქტები.

როგორც ხედავთ, ლამაზად გარუჯული სხეულის მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი მზის სხივების ბოროტად გამოყენება. პირიქით, ზომიერების დაცვა მზეზე ყოფნის დროს, დამცავი საშუალებების გამოყენება, კანის წინასწარ მომზადება და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა რჩევების გათვალისწინება თქვენთვის სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ყოველგვარი დამწვრობის გარეშე თქვენი კანი ლამაზი და თანაბარი რუჯით დაიფარება, რომელიც უფრო დიდხანსაც გაგყვებათ და არც თქვენს ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს. რუჯის გასვლის შემდეგ კი თქვენი კანი კვლავაც ლამაზი, ჯანსაღი და ახალგაზრდა დარჩება.

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0