x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135815
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510198
პირადი ცხოვრება და კარიერა

პირადი ცხოვრება შეიძლება განვმარტოთ როგორც, ადამიანის შინაგანი წრე, პირის შესაძლებლობა იქონიოს კონტაქტი გარე სამყაროსთან. პირად ცხოვრებად ასევე ითვლება პროფესიული საქმიანობის შედეგად დამყარებული ურთიერთობები, ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი ადგილი, მიმოწერა, სატელეფონო საუბრები, სექსუალური ორიენტაცია და მრავალი სხვა. რამდენი ადამიანიც არის სამყაროში, იმდენი პირადი ცხოვრება არსებობს, ის ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისაგან. შეიძლება ერთი ადამიანისათვის სხვისი ცხოვრება მიუღებელია, მაგრამ ეს მას არ ეხება, რადგან ყველას აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც სურს. პირადი ცხოვრება შედგება უამრავი დეტალისაგან და ის თითოეული ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია. ადამიანის სოციალიზაციისათვის და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სჭირდება მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, რაც გულისხმობს, ოჯახს, სამსახურს, ურთიერთობებს და სხვა. პირადი ცხოვრება შედგება მშობლებისგან, შვილებისგან, მეუღლისგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან, ნაცნობებისაგან და მათი ცხოვრებაც გარკვეულ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. პირადი ცხოვრაბა გულისხმობს ყურადღებას გარშემო მყოფებისადმი, მათ თანადგომასა და მხარდაჭერას, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს არ რჩებათ დრო ამისათვის და გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან პირად ცხოვრებაში. როგორც აღვნიშნე, პირად ცხოვრებაში ითვლება სამსახურიც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სამსახურს აკუთვნებენ კარიერას და იგი პირად ცხოვრებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანმა იფუნქციონიროს კარიერაც და პირადი ცხოვრებაც უმნიშვნელოვანესია. კარიერა შეიძლება დავახასიათოთ, ის, რაც ადამიანმა მიაღწია შრომით, მუშაობით, ძალისხმევით, მოუწია ბევრი სირთულის გადალახვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ხდება ისეც, რომ ზოგ ადამიანს არ სჭირდება ამ ყველაფრის გაკეთება და კარიერის მოსაპოვებლად სრულიადაც არ იბრძვის.
ადამიანები თავიანთ წარუმატებლობას ან კარიერის არ ქონას, ან პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობას აბრალებენ, უკიდურეს შემთხვევაში ორივეს ერთად. თუ ადამიანი წარმატებულია, აქვს კარგი სამსახური, შემოსავალი, რეპუტაცია, მას შეუძლია თქვას, რომ მისი კარიერა საკმაოდ კარგად აეწყო და წარმატებაც მიღწეულია. თუ ადამაიანი წარმატებულია და მას აქვს კარგი კარიერა, იგი თითქმის ყველასთვის მისაღები და სასურველი სტუმარია, ყველა ამაყობს მისით და ყველას ბედნიერებას ანიჭებს მასთან ერთად ყოფნა. თითქმის ყველა ადამიანს სურს ჰქონდეს კარგი კარიერა, საკუთარი საქმე, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და ა.შ.
ჩვენს ქვეყანაში ხშირად გამიგონია ფრაზები: „გადაყვა სწავლას და რას გათხოვდებოდა“, „სულ მუშაობს და ვერ აეწყო პირადი ცხოვრება“. ვთვლი, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სტიგმა, თითქოს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ან მხოლოდ კარგი სამსახური და კარიერა, ან მხოლოდ ოჯახი. სამწუხაროა, მაგრამ უმრავლესობა, განსაკუთრებით უფროსი თაობა ასე ფიქრობს. ქალი სახლში უნდა იყოს და ბავშვები აღზარდოს, კაცმა კი უნდა იმუშავოს და ოჯახი არჩინოს, ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ შემორჩენილია. გენდერული თანასწორობა და ის, რომ შესაძლებელია ქალმაც მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება სახლის გარეთ რატომღაც მიუღებელია, „ჩვენ ხომ ქართველები ვართ“ ამით თითქოს ცდილობენ გამართლება მოუძებნონ თავიანთ შეხედულებებს. საბედნიეროდ, ჩვენი თაობის უმრავლესობა ასე აღარ ფიქრობს, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და გარკვეულ იმედებსაც გვისახავს. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ადამიანი იმდენად მრავალფეროვანი და ძლიერია, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რისი სურვილიც და მიზანიც გააჩნია, მთავარია მონდომება და შეუპოვრობა.
ჩემი შეხედულება კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაა, რომ შესაძლებელია ადამიანს ჰყავდეს ოჯახი, შვილები და ამავდროულად იყოს წარმატებული თავის პროფესიასა და საქმიანობაში. არაა აუცილებელი მხოლოდ ერთერთი აირჩიო. თუ ადამიანს ჰყავს მხოლოდ ოჯახი და მარტო მასზე ზრუნვით არის დაკავებული, ოდესმე აუცილებლად დაფიქრდება, რომ სხვაგვარადაც შეიძლებოდა ეცხოვრა და მიეღწია ბევრი რამისათვის, შეიძლება პირიქით მოხდეს, ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ისწრაფვოდა წარმატებისაკენ და დაუღალავად შრომობდა, ერთ დღეს შეიძლება ძალიან ინანოს, რომ არ ჰყავს ოჯახი, შვილები და მარტო ყოფნა მოუწევს სიბერეში. ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება და კარიერა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა მათი დაპირისპირება და ერთერთის არჩევა არასწორად მიმაჩნია. 21-ე საუკუნეში, სადაც ცხოვრება ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე გასულ საუკუნეებში, უფრო მეტის გაკეთება და სწავლა შეგვიძლია. იმისათვის, რომ ადამიანმა თავი სრულფასოვან საზოგადოების წევრად იგრძნოს, აუცილებელია, კარიერისა და პირადი ცხოვრების არსებობა, სხვაგვარად, შესაძლებელია, ადამიანს დაეუფლოს არასრულფასოვნების კომპლექსი, თითქოს მას არ შეუძლია რაიმე ღირებულისა და მნიშვნელოვანის გაკეთება და ამან შეიძლება მიიყვანოს, ფსიქოლოგიურ ან ფსიქიატრიულ პრობლემებთან, რომელთა დაძლევაც საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ ადამიანი არ ჩავარდეს ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში, აუცილებელია ისწავლოს, თუ როგორ გაანაწილოს დრო, როგორ მოახერხოს და ააწყოს როგორც პირადი ურთიერთობები, ასევე კარიერა და იყოს წარმატებული საქმიანობაში. რა თქმა უნდა ამის გაკეთება რთულია, თუმცა როგორც აღვნიშნე, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება.
ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ სირთულეს აწყდება, მუდამ იცვლება გარემო და პირობები, სადაც ხდება მისი სოციალიზაცია, ფუნქციონირება საკუთარი თავის რეალიზება. შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი არ იყოს მზად კარიერის დასაწყებად, ან ოჯახის შესაქმნელად და მასზე საზრუნავად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ხელი ჩაიქნიოს და დატოვოს ყველაფერი ისე როგორც არის. ის, თუ ადამიანი როგორ ცხოვრობს დღეს და რა ადგილი უჭირავს საზოგადოებაში, მხოლოდ საკუთარი თავის დამსახურებაა, მოსწონს ეს თუ არა. ადამიანმა პრობლემა ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებოს და არ უნდა გადააბრალოს წარუმატებლობა სხვას. თუ ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ გარემოს, სახელმწიფოს ან სხვა ადამიანებს მიუძღვით წვლილი მის წარუმატებლობაში, ეს მხოლოდ თავდაცვის ინსტინქტია და ამით საკუთარ თავს იტყუებს. ხშირად ხდება, როდესაც დედა უყვირის შვილს, „შენი ბრალია მე რომ სახლში ვზივარ და სამსახური არ მაქვს, მთელი ცხოვრება შენ და შენ დას შემოგწირეთ“. ეს სწორედ იმ მაგალითს წარმოადგენს, როდესაც ადამიანი უსუსურად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ თავისსავე წარუმატებლობაში არ მიუძღვის წვლილი და ეს მხოლოდ მისმა ცხოვრებამ განაპირობა. განა მისი ცხოვრება თავისივე არჩეული არ არის?! ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია თავის საქციელსა და ცხოვრებაზე.
ზოგ მამაკაცს მოსწონს ძლიერი, მიზანდასახული, წარმატებული, პრინციპული და ნებისყოფიანი ქალები. ასეთი ქალების გვერდით ისინი თავს უფრო დაცულად და თავდაჯერებულად გრძნობენ, თუმცა არსებობს მამაკაცთა გარკვეული კატეგორია, რომელიც თვლის, რომ ქალის ადგილი ოჯახშია და მის მოვალეობას მხოლოდ ბავშვების მოვლა და ოჯახზე ზრუნვა წარმოადგენს, ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ოჯახი დანგრეულა ამ მიზეზით. კაცებისათვის თითქოს მიუღებელია, რომ ქალმა მასზე მაღალი ანაზღაურება მიიღოს და ამით წაართვას „პირველობა“ ოჯახში. რა თქმა უნდა, როდესაც ქალს აქვს სამსახური, სადაც უწევს თითქმის ნახევარი დღის გატარება, ვერ შეძლებს იმდენივე ყურადღება დაუთმოს შვილებსა და მეუღლეს, როგორც სხვა დიასახლისი ქალი, თუმცა, მგონია, რომ მამაკაცისთვის ადრე თუ გვიან, მოსაბეზრებელია ქალის ყურება მხოლოდ სამზარეულოში და სახლში შვილებთან ერთად.
ვფიქრობ, ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მცდარი შეხედულება და სტიგმაა, რომლის დაძლევაც აუცილებელია. ჩემი აზრით, ქართულ რეალობაში ეს საკითხი გაცილებით მწვავედ დგას და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ვიდრე სხვა ქვეყნებში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება არაა ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ უამრავი საკითხი გადასაჭრელია. აუცილებელია, რომ ახალმა თაობებმა სწორად გაიაზრონ ეს თემა და აღიქვან ეს დამოკიდებულება პრობლემად, როგორც აღვნიშნე, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს უიმედობა, სასოწარკვეთა იმის გამო, რომ გამოუსადეგარი და უფუნქციოა, ეს საქართვეოში განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. თითქმის არასოდეს დაწერილა სტატია „მამაკაცი და კარიერა“, რადგან კარიერა მამაკაცისათვის თვითრეალიზაციის აუცილებელი და ხშირად ერთადერთი სფეროა. თუმცა დღითიდღე ქალები უფროდაუფრო მეტ წარმატებას აღწევენ და ეს უკვე საკმაოდ ხშირია, იკავებენ მაღალ თანამდებობებსა და საზოგადოებრივ პოზიციას, ღირსეულად უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობებს, ამიტომ ეჭგარეშეა, რომ ქალების კარიერა უახლოეს მომავალში არანაკლებ შესამჩნევი გახდება, ვიდრე მამაკაცებისა. იმის მაგალითი, რომ ქალებს შეუძლიათ შეუპოვრობისა და წარმატების მიღწევა არანაკლებ როგორც მამაკეცებს, უახლოესი ისტორიიდან შეგვიძლია დავამტკიცოთ ისეთი ადამიანების დასახელებით როგორებიცაა: მარგარეტ ტეტჩერი1, ელისაბედ II2, ანგელა მერკელი3 და სხვ. ვფიქრობ, ეს წარმატებული ქალები იმის დადასტურებაა, რომ ქალს და კარიერას ერთმანეთთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ბევრ კაცსა და ადამიანს ჰგონია, ამიტომ არ არის აუცილებელი მათი დაპირისპირება და განზოგადება. ადამიანი თვითონ ქმნის პირად ცხოვრებასაც და კარიერასაც!

0
443
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა ლომიძე
ლიკა ლომიძე
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0