ბიოგრაფია "დადგება დრო, როცა ჩვენ კვლავ ვიქნებით ადამიანები" 2012, 14 მარტი, 18:58 ერთი ჩვეულებვრივი, მეოცნებე მოზარდი – მისი გულწრფელობით, საღი აზროვნებითა და ტრაგიკული ბედით, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოვლენას უკავშირდება, ჰოლოკოსტის საშინელების სიმბოლო გახდა. მისი დიდება თავისმა ტრაგიკულმა ბედმაც განაპირობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ბავშვური გულწრფელობაა, რომელიც არასდროს არ ტყუის. საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო, მოგვიანებით, აუცილებლად ცნობილი მწერალი გახდებოდა, მაგრამ შეიძლება ისეთი დიდებისთვის ვერ მიეღწია, როგორიც სიკვდილმა მოუტანა. დიახ, ეს ანა ფრანკია – ფაშიზმის 15 წლის მსხვერპლი, რომელიც დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა. "ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ქუჩაში გამოსვლა მე უფრო მეტად მთრგუნავს, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია და საშინლად მეშინია, რომ შეიძლება გვიპოვონ და დაგვხვროტონ. ეს რა თქმა უნდა არასასიამოვნო პერსპექტივაა”. ანა ფრანკი 1929 წელს, ფრანკფურტში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი საცხოვრებლად ნათესავებთან, ამსტერდამში გადავიდა. 1942 -დან 1944 წლამდე ნიდერლანდები გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა, საიდუმლო თავშესაფარში დამალულიყო. 1944 წელს ოჯახი აღმოაჩინეს და მისი წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს. ანა ფრანკი 1945 წელს ბერგენ-ბელზენში გარდაიცვალა. მარტოსული ანა ფრანკი ხშირად დადიოდა სამალავის სხვენზე, სადაც თავის დღიურთან ერთად განმარტოვდებოდა და მას გულში დაგროვილ ტკივილს უზიარებდა. ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა, თუმაცა მას განხორციელება არ ეწერა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდნ შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ანა ფრანკი არა მხოლოდ გამოძახილია მოზარდთა თვითდამკვიდრებისა და ჩამოყალიბების მნიშვნელობისა, მის თავს გადამხდარი ამბავი ჰოლოკოსტის საშინელების დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც მოზარდის დღიური ყვება. ანა არა მხოლოდ ძალიან კარგად ყვება, არამედ აზროვნებს, გამოაქვს სამართლიანი დასკვნები, კარგად აფასებს რეალობას, პატარა გოგონა, რომელიც გამოკეტილია სამალავში უფრო და უფრო მაღალზნეობრივი და ჩამოყალიბებული ხდება, იმის მაგივრად რომ დაეცეს. სამალავის ვიწრო, შეხუთული გარემოს და გვირაბის ბოლოს დანახული სინათლესავით სანატრელ იმედს ჩაბღაუჭებული, ომისა და დევნის დამთავრებას დანატრებული სულები, კიდევ უფრო ექსტრემალურსა და სასოწარკვეთილს ხდის მკითხველის სურვილს რომ აღარასდროს, აღარასდროს განმეორდეს ომები და დისკრიმინაცია, რომ არასდროს იყოს საკმარისი სხვენის სარკმლიდან წაბლის ხის დანახვა. დამალულთაგან მხოლოდ ანას მამა – ოტო ფრნკი გადარჩა, რომელსაც მემკვიდრეობად დარჩა ქალიშვილის დღიური. შემდგომ ეს დღიური ერთი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ხელში მოხვდა, რომელმაც ჰოლანდიურ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ გამომცემლები ანას ამბით. დღიური დღემდე 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და გაიყიდა მრავალი მილიონი ასლი. ოტომ დააფუძნა ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი, რომლის მთავარი ფუნქცია გახდა ადამიანების, უმეტესად მოზარდების, ინფორმირება, დისკრიმინაციისა და ცრურწმენების შესახებ. ანა ფრანკის გზავნილი დღესაც არანაკლებ აქტუალურია. ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი ამსტერდამში, აქტიურად ფუნქციონირებს, ცდილობს 15 წლის მოზარდის ისტორია ყველა მოზარდამდე მიიტანოს. ანა ფრანკი აქტუალობას არც მისი სიკვდილიდან 67 წლის შემდეგ კარგავას. "დადგება დღე, როდესაც ეს საშინელი ომი ბოლოსდაბოლოს დამთავრდება. დადგება დრო, როცა ჩვენ კვლავ ვიქნებით ადამიანები და არა უბრალოდ ებრაელები!”. 326 7-ს მოსწონს
|