ეს ისტორია უკვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა, ხოლო გასაოცარმა ფოტოებმა პოპულარული ბეჭდური თუ ინტერნეტ გამოცემები მოიარა. ტიპპი დეგრე (Tippi Degré) - ფრანგი ფოტოგრაფების, სილვია რობერტის და ალენ დეგრეს ქალიშვილი, 1990 წელს ნამიბიაში დაიბადა. ტიპპის გარდა მას მეორე სახელიც აქვს - ოკანტი: ადგილობრივ დიალექტზე ასე უწოდებენ გეპარდებს.
გოგონა დაბადებიდანვე ველურ გარემოში იზრდებოდა. აფრიკული სოფლის მაცხოვრებლები აჩვევდნენ მას ადილობრივი ცხოვრების წესს. ბუშმენები თუ ჰიმბას ტომის ხალხი ზრუნავდნენ პატარაზე - მშვილდით ნადირობაც კი ასწავლეს. მაგრამ ტიპპის მთავარი მეგობრები მაინც ცხოველები იყვნენ.
„ტიპპი ყოველთვის ამბობდა, რომ ყველას აქვს რაღაც ნიჭი და მისი ნიჭი სწორედ ეს იყო“ - ყვება სილვია, გოგონას დედა - „იგი ამ ცხოველების „ჭკუის“ იყო. ის ფიქრობდა, რომ ცხოველების მისი ზომისანი იყვნენ და თანაც მისი მეგობრები“.
პირველი ცხოველი, ვისაც გოგონა დაუახლოვდა დაახლოებით წლინახევრის ასაკში, 28 წლის სპილო აბუ იყო. ბუნებრივი რეაქცია, რაც ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ამ ინფორმაციის გაგებისას ისაა, რომ არაფრით შეიძლება პატარა ბავშვის დატოვება ასეთ საშიშ ცხოველთან. სპილოს თუნდაც ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა შესაძლოა საბედისწერო გახდარიყო ტიპპისათვის. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა - სპილო ფრთხილად, ხორთუმის მეშვეობით ისვამდა ბავშვს ზურგზე და როდესაც მას ეძინა, ხორთუმითვე უგერიებდა მწერებს. ენა რომ ამოიდგა, გოგონამ სპილოს „ჩემი ძმა“ შეარქვა, ხოლო მოზრდილ ასაკში უკვე თავად მიძვრებოდა გიგანტი ცხოველის ზურგზე და ჰაიდა, სასეირნოდ!!
პატარას მეგობრებს შორის იყვნენ სპილო და ლომის ბოკვერი, სირაქლემა და ქამელეონი, გიგანტური გომბეშოები და პითონები. თუმცა, ყველაზე ახლო მეგობრობა მაინც ლეოპარდთან აკავშირებდა, სახელად რომ J&B შეარქვეს რატომღაც. ეს ლეოპარდი ჯერ კიდევ პატარა კნუტი იყო, როდესაც ადგილბრივმა ფერმერმა აიყვანა და ფაქტიურად გოგონასთან ერთად იზრდებოდა. ტიპპის გვერდით ის პატარა ფისოსავით იქცეოდა, თუმცა მტაცებლური ინსტიქტები არსად გამქრალა და ერთხელაც სხვა ბავშვს დაესხა თავს. გოგონას ბევრი არ უფიქრია, მივიდა თავის ოთხფეხა მეგობართან და უგვანი ქცევისათვის ლაზათიანი სილა გააწნა. ლეოპარდი კუდამოძუებული გაიძურწა და რომ შეძლებოდა, ალბათ გაწითლდებოდა კიდეც.
როდესაც გოგონას ისტორია გახმაურდა, იგი ძალზე პოპულარული გახდა: გადაიღეს რამდენიმე ფილმში Discovery-სათვის, ინტერვიუები და საგაზეთო სტატიები ხომ ათეულობით იყო. ის აირჩიეს ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო საბავშვო ფონდის სპიკერად. გამოიცა წიგნებიც მის შესახებ.
ახლა ტიპპი პარიზში ცხოვრობს დედასთან ერთად. თავიდან ძალიან გაუჭირდა ევროპულ ქალაქში ცხოვრების წესთან შეგუება. ის თავს
აფრიკელად თვლის, ნამიბიის მოქალაქეობა სურს და ცხოვრების მთავარ მიზნად გარემოზე ზრუნვას ასახელებს - სანამ ძალიან გვიან არ იქნება, გადავარჩინოთ ველური ბუნება.
ეს ყველაფერი მაუგლის ცნობილ ამბავს ჰგავს ერთი პატარა განსხვავებით - ტიპპის ისტორია ნამდვილია!!