x
image
ეთო-ეთო
სიტყვა "დიეტა" დაივიწყეთ
image



კვების მკაცრი რეჟიმით თავს ნუ მოიტყუებთ


სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 28 000-ზე მეტი დიეტა არსებობს.

რამ განაპირობა მათი ასეთი პოპულარობა, იქნებ მოდური დიეტები მართლაც ეფექტური საშუალებაა?


სამწუხაროდ, ყველა დიეტაზე ამის თქმა არ შეიძლება.

ეფექტური და გამართლებული მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ ზუსტად შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია.


რაც შეეხება ე. წ. მოდურ დიეტებს, რომლებიც 2-3 კვირაში ფიგურის სრულ კორექციას გვპირდებიან, სიფრთხილე გვმართებს.

ასეთები მრავლადაა: ქულებიანი, დაბალკალორიული, ცილოვანი, ბოსტნეულის, ინგლისური, იაპონური, ჰოლივუდის და ა. შ.

მოდური დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა პირველ რიგში იმის გამო, რომ აგებულია გარკვეული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე.


ბევრი თვლის, რომ ყველაზე ეფექტური მკაცრი დიეტის დაცვაა.

ეს მითია. ასეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდენის ორგანიზმიდან. ამის გამო ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. მას ეს უხარია, რადგან ჰგონია, რომ ცხიმებისგან თავისუფლდება.


ცხიმები ძალიან ძნელად იწვება, მაგრამ ძალიან სწრაფად მატულობს დიეტის შეწყვეტისთანავე. თანაც ასეთი ასეთი მკაცრი დიეტის დამთავრების შემდეგ წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც კი სუქდებიან.

ეს კი იმის გამო ხდება, რომ თუ ყოველდღიურად 1300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესი 10-30%-ით ნელდება, ანუ კალორიები ნელა იწვება.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა დიეტა დასრულდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება. ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს და კალორიებს ისევ ნელა წვავს, ეს კი წონაში სწრაფი მატების მიზეზი ხდება.


ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოდური დიეტების თაყვანისმცემელთა 98% დიეტის დასრულების შემდეგ ორმაგად გასუქდა, 90% კი პირვანდელ წონას საშუალოდ 1 წლის განმავლობაში დაუბრუნდა.


როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც აქა-იქ გაგონილი მკაცრი დიეტებით, ასევე გასახდომი, საფაღარათო და პირღებინების გამომწვევი საშუალებებით გარკვეულ შედეგს აღწევენ, დროთა განმავლობაში პირვანდელი წონის გაორმაგება ემუქრებათ და ამის ალბათობა მართლაც დიდია.


ბრიტანელმა ექიმებმა კი დაამტკიცეს, რომ ცხიმი, რომელიც მორიგი დიეტის დამთავრების შემდეგ გიგროვდებათ, პირვანდელზე გაცილებით საზიანოა, რადგან როცა ახალ-ახალ დიეტებს ხშირ-ხშირად იწყებთ და მალევე ანებებთ თავს, ანუ ბოლომდე არ მიგყავთ, ასეთ დროს ორგანიზმში ცხიმების გადანაწილება იცვლება.

ახალდაგროვილი ცხიმი ძირითადად მუცლის არეში, შინაგანი ორგანოების ირგვლივ იყრის თავს და არა - გვერდებსა და თეძოებზე.

ექიმების აზრით, ასეთი გადანაწილება საკმაოდ სახიფათოა, რადგან მუცლის არედან ცხიმი ღვიძლსა და სისხლში ხვდება და ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. ეს კი, თავის მხრივ, ინსულტის რისკს ზრდის და შესაძლოა ნაღველში კენჭებიც ჩამოყალიბდეს, რადგან ქოლესტერინის ნაწილი სწორედ იქ კრისტალდება.


არასწორი დიეტის დასრულების შემდეგ გასუქებას ისიც იწვევს, რომ შეზღუდულ კვების რეჟიმში ორგანიზმი კალორიების მხოლოდ ნახევარს წვავს, დანარჩენს კი მარაგად ინახავს და რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს, მით უფრო ეკონომიურად ხარჯავს.


როგორც კი ადამიანი შიმშილს შეწყვეტს და ჭამას დაიწყებს, ჭარბად მიღებულ კალორიებს ორგანიზმის მიერ მომარაგებულიც დაემატება და ეს თავისთავად ცხადია, ორმაგი წონის საწინდარია.


მათ, ვისაც არაერთხელ დაუცავთ დიეტა, აღნიშნეს, რომ ყოველ ახალ ჯერზე წონის დაკლება სულ უფრო და უფრო უჭირთ.

ორგანიზმი დიეტას, როგორც ექსტრემალურ შემთხვევას, ისე "იმახსოვრებს" და ყოველ ჯერზე ცდილობს, მას გაორმაგებული ძალით შეებრძოლოს.


მაშ, როგორ მოიქცეს, ვისაც გახდომა სურს?


საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღი ცხოვრების წესია - სწორად იკვებონ და ბევრი იმოძრაონ.


სიტყვა "დიეტა" დაივიწყეთ. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვნები და რაციონში მხოლოდ ისეთი სასარგებლო ცვლილებები შეიტანეთ, რომელთა დაცვასაც სიცოცხლის ბოლომდე შეძლებთ.

0
202
8-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0