- საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრა დავოსში შედგა. ბიძინა ივანიშვილი და დიმიტრი მედვედევი, შვეიცარიაში, ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდნენ. ისინი ერთმანეთს სწორედ ამ ფორუმის სტუმრებისთვის მოწყობილ, სპეციალურ მიღებაზე შეხვდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს. ამ ფაქტის არც ვიდეო და არც ფოტო მასალა არ არსებობს, რადგან ამ "მიღებას" არ ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე ინფორმაციას, დილიდან, რუსული სააგენტოები ავრცელებდნენ, ერთ-ერთ ბიზნესმენზე დაყრდნობით, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. მოგვიანებით კი განმარტებები მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა: "შეხვედრა არანაირად დაგეგმილი არ ყოფილა და ეს იყო ჩვეულებრივი თავყრილობა, სადაც იყვნენ ქვეყნების პირველი პირები და ამ ფარგლებში მოხდა მათი შეხვედრა. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, გაეცნენ ერთმანეთს და ერთი ორი წუთი ისაუბრეს მხოლოდ. ეს იყო მხოლოდ მისალმება და ამიტომ იქ არანაირი თემის განხილვა არ ყოფილა."