სიახლეები კიბო დამარცხებულია?! 2013, 21 იანვარი, 15:22 საბედნიეროდ, ამჯერად სიახლე რეალური ჩანს. ცნობილ იაპონელ მეცნიერთა გუნდმა შეძლო მდგრადი უჯრედების შექმნა, რომლებსაც სიმსივნეების განადგურება შეუძლია. როგორც იაპონიის ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი (RIKEN) იუწყება, მკვლევართა მიერ შექმნილი უჯრედები არსებითად წარმოადგენენ "გადაპროგრამებულ" T-ლიმფოციტებს - სიმსივნური უჯრედების ბუნებრივ მტრებს.
T-ლიმფოციტებს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს როდესაც იმუნური სისტემა კიბოს საშიშროებას აფიქსირებს. სამწუხაროდ, ამ უჯრედების წარმოქმნა ვერ ხერხდება იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფდა ორგანიზმის გამკლავებას სიმსივნესთან. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჯერ კიდევ 2012 წელს, RIKEN -ის მკვლევართა ჯგუფმა გამოიყვანა ე.წ. ინდუცირებული პლურიპოტენტული ღეროვანი უჯრედები (Induced pluripotent stem cells, ips cells). ამ მიღწევისათვის ჯგუფის ხელმძღვანელი, შინია იამანაკა დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. ახალი მიღწევის შინაარსი მდგომარეობს ამ ips-უჯრედებიდან მდგრადი T-ლიმფოციტების მიღებაში. აქამდე პრობლემა სწორედ მიღებული T-ლიმფოციტების არამდგრადობაში იყო - უჯრედები მანამ იღუპებოდნენ, ვიდრე სიმსივნეზე შეტევას მოახდენდნენ. როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, დოქტორი კავამოტო აცხადებს - "ჩვენ შევძელით ჯერ მიგვეღო ips-უჯრედები "ქილერი" ლიმფოციტებისაგან, ხოლო შემდეგ მათგან გავაკეთეთ სავსებით სიცოცხლისუნარიანი T-ლიმფოციტები". ახლა მეცნიერებს მოუწევთ იმის გამოკვლევა, ხომ არ უტევენ და აზიანებენ ეს მიღებული T-ლიმფოციტები არასიმსივნურ, ორგანიზმისათვის საჭირო უჯრედებსაც. დადებითი პასუხის შემთხვევაში მედიცინაში ნამდვილი გადატრიალებაა მოსალოდნელი - ამ მეთოდს ხომ ტრადიციული ქიმიო თუ რადიო თერაპიისათვის დამახასიათებელი ტოქსიკური გვერდითი მოვლენები არ ექნება!! ვუსურვოთ იაპონელ მეცნიერებს და მთლიანად კაცობრიობას კვლევების წარმატებით დაგვირგვინება. 6290 15-ს მოსწონს 2-ს არა
|