სისხლის სამართალი 21 წლის თბილისელმა ბიჭმა შვილებს მამა თვალწინ დაუცხრილა 2013, 15 იანვარი, 14:41 მკვლელობა, რომელსაც სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი კვალიფიკაცია მისცა, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილს 15 წლიანი განაჩენი ისე გამოუტანეს, რომ მკვლელობის მოტივი არ გაუდგენიათ. სრულიად უმიზეზოდ 21 წლის პაატამ ხუთ მცირეწლოვან შვილს მამა თვალწინ მოუკლა. მკვლელობა მოკლულის და დამნაშავის ეზოში მოხდა, ისინი ნათესავები იყვნენ და გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ.
მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, რომლებიც პაატას დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ, თავად განსასჯელი კი თავს დამნაშავედ არ სცნობდა. მოკლულის შვილებმა თავიანთი ხელით მოაგროვეს გასროლილი ვაზნები, რომლებიც მოგვიანებით საქმეში, როგორც ნივთმტკიცება, ისე ჩაიდო.
დანაშაულის შემდეგ პაატა ოთხი წელი იმალებოდა. მკველობის ფაქტს დამნაშავის დედაც შეესწრო. სწორედ მის ხელში დალია სული სასიკვდილოდ დაჭრილმა. ამ ტრაგედიაზე დარდს პაატას დედაც გადაჰყვა. ძებნილმა შვილმა დედის დატირებაც ვერ შეძლო. მოგვიანებით ის მაინც დააკავეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ქმედება, ხულიგნობა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა - ამ ბრალდებით წარდგა იგი სასამართლოს წინაშე.
20 წლის იყო პაატა, ახლობლებთან ერთად აფხაზეთის ომში რომ წავიდა. 1992 წლის აგვისტოს სოხუმის აეროპორტში ჩასულს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი გადასცეს. ომიდან დაბრუნების შემდეგ, იარაღი თავდაცვის სამინისტროში აღარ ჩაუბარებია. მერე ერთ-ერთ ფირმაში მძღოლად დაიწყო მუშაობა და იარაღს მუდმივად მანქანაში ინახავდა.
ახალგაზრდა ბიჭს დალევა უყვარდა. ზაფხულის ცხელი დღე იყო, პაატა სახლში მთვრალი რომ დაბრუნდა. მანქანიდან ავტომატიც გადმოიღო და სრულიად უმიზეზოდ ქუჩაში რამდენჯერმე გაისროლა. მეზობლები ეზოში იყვნენ. სროლის ხმაზე კი სხვებიც გამოცვივდნენ სახლებიდან. მთვრალთან მიახლოება პაატას ერთ-ერთმა მეზობელმა გაბედა. ნუ ისვრი, ვინმეს არ მოხვდესო, უთხრა მას. მაგრამ ამ სიტყვების მიუხედავად, მან ავტომატის ჯერი მიუშვა. მეზობელი უხმაუროდ მიბრუნდა და გაეცალა. ამის შემდეგ მისი დამშვიდება კარის მეზობელმა სცადა. - პაატა, რას შვრები, ხომ ხედავ, ეზოში ბავშვები თამაშობენ, მათ შორის ჩემი ხუთი შვილია, აქ უბედურება არ დაატრიალო, - უთხრა სულიკომ პაატას. ვერც ამ სიტყვებმა გაჭრა. სულიკოც მიხვდა, რომ მთვრალ, შეიარაღებულ კაცთან შეპასუხებას აზრი აღარ ჰქონდა, ჩაიქნია ხელი და შვილებისკენ გაემართა. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, როცა პაატამ სრულიად უმიზეზოდ ისროლა. სულიკოს ტყვია ზურგში მოხვდა და იქვე ჩაიკეცა. დაჭრილი მამისკენ შვილები გაიქცნენ, მაგრამ მეზობლებმა ბავშვები ახლოს არ მიუშვეს. დაჭრილთან პირველი პაატას დედა მივიდა. რამდენიმე წამში მომაკვდავმა მის ხელში ისე დალია სული, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ამ დროს პაატას დედის განწირული ხმა გაისმა - მოკლა, მოკლა. დედის სიტყვები პაატამაც გაიგონა. პაატას მეგობარი მიუახლოვდა და იარაღი წაართვა. ამის შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მას ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი, რამაც გულმკერდის ზედაპირი, კისრის მალა, ხორხი და საძილე არტერია დააზიანა. პაატა იმავე ღამით მატარებლით ბათუმისკენ გაემართა. ამის შემდეგ ოთხი წელი დასავლეთ საქართველოში, ნათესავის სახლში იმალებოდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პაატა საბოლოოდ მაინც დაიჭირეს და ბრალდება წაუყენეს. სასამართლოს დასკვნით კი, განსასჯელი ვალდებული იყო, ომიდან დაბრუნების შემდეგ ავტომატი თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაებარებინა: "დადასტურებულია, რომ ავტომატს უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. რამდენიმე ადამიანის თვალწინ ჩაიდინა მკვლელობა და ამით სხვების სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე. დადგენილია, რომ ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა განზრახ მკველობა. ვითვალისწინებთ მის შეუბღალავ წარსულს, მაგრამ მისი გამოსწორებისთვის საჭიროა, სასჯელის გარკვეული პერიოდი საყრობილის რეჟიმში მოიხადოს. 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან სამი წელი საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში უნდა გაატაროს". 1966 10-ს მოსწონს 3-ს არა
|