საქართველო საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი გეოგრაფიული თავისებურებები 2012, 28 დეკემბერი, 18:31 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. აღნიშნული არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.
2012 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 150 197-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩევლების 59, 4%-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება სულ 3 613 851 ადამიანს ჰქონდა. ზემოთ აღნიშნული ხმები კენჭისყრის შედეგად შემდეგნაირად გადანაწილდა:"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საერთო ხმების 40, 3%, ანუ 867 432 ხმა მიიღო, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" 55%, ანუ 1 181 862 ხმა.
რაც შეეხება მანდატების განაწილებას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: საერთო შედეგებით "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, აქედან 44 პროპორციული, ხოლო 41 მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგად. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 65, რომელთაგანაც 33 მიღებულ იქნა პროპორციული, ხოლო 32 მაჟორიტარული კენჭისყრის საფუძველზე.
გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმადაც, ყველა ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი უფრო მეტ ხმას იღებდა, ვიდრე მათივე პარტია. თუმცა ეს ტენდენცია არ გავრცელდა 12 ოლქზე:სამგორი, საბურთალო, ხულო, ხელვაჩაური, ქედა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ქარელი, გორი, სიღნაღი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნმ-მ 3 ოლქში მოიგო მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგად:დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ამბროლაური, თუმცა ამავე ოლქებში პროპორციული კენჭისყრის შედეგად გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ".
2008 წლის საპარლამნტო არჩევნებს რომ შევადაროთ, რეგიონები, სადაც ნმ ტრადიციულად ლიდერობდა და რომელი რეგიონებიდანაც ხმების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ რაოდენობასაც იღებდა, 2008 წელს უფრო მაღალი აქტივობით გამოირჩეოდნენ, ვიდრე 2012წელს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნმ-ის დამარცხებას დიდწილად ხელი შეუწყო სწორედ მათ ძირითად დასაყრდენ რეგიონებში ამომრჩეველთა დაბალმა აქტივობამ. "ქართულმა ოცნებამ" თავისი ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღო დედაქალაქისა და იმერეთის რეგიონიდან. დედაქალაქი დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, წლების განმავლობაში, უფრო ოპოზიციურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, თანაც აქ უფრო მაღალია საკომუნიკაციო და საინფორმაციო წყაროების ხელმისაწვდომობის წილი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსახლეობის განწყობას. თბილისის უბნებში ნმ-მ ხმების საკმაოდ მცირე რაოდენობა მიიღო, გამონაკლისია მთაწმინდა, სადაც ნმ-მ გაიმარჯვა, რაც, სავარაუდოდ, მთაწმინდის რაიონზე მიმაგრებული ოთხი სპეცუბნის დამსახურებაა, რომელთა ხმებიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ყუთში ჩაიყარა. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული კუთხეები ხასიათდებიან ანალოგიური ელექტორალური ქცევით, გამონაკლისია ფოთი, რომელიც თავისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მიკუთვნებულობის მიუხედვად ხასიათდება ქვემო აჭარის ელექტორალური ქცევით. ასევე რუსთავი, სადაც ამომრჩევლების ელექტორალური ქცევა თბილისის ანალოგიურია. მარი აბრამიშვილი 25 შეფასება არ არის
|