x
გეოგრაფიული გარემოსა და კულტურული ელემენტების გავლენა ეგვიპტის პოლიტიკურ მოწყობასა და ეკონომიკური განვითარების დონეზე
ეგვიპტე, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს და მიეკუთვნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, მსოფლიოში გამოირჩევა უძველესი ცივილიზაციით, რომელმაც 3 000 წელიწადი იარსება და ისტორიაში მეორე დიდ მატერიალურ კულტურას შთაბერა სული. იგი ნილოსის ველზე გამოჩნდა მესოპოტამიის შუმერული ცივილიზაციის ჩამოყალიბებიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, რამაც, თავისთავად, დიდი ზეგავლენა მოახდინა ეგვიპტის ადრეულ განვითარებაზე. იმის გამო, რომ მესოპოტამიას მუდმივად ემუქრებოდა შემოსევები, მალევე განადგურდა მისი ცივილიზაცია, ვიდრე ეგვიპტესი, რომელიც იზოლირებული და დაცული იყო უდაბნოებით.

უძველესი დროიდან ეგვიპტელთა ცხოვრებას განსაზღვრავდა მდინარე ნილოსი. ნილოსს დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, მან ეგვიპტელებს საშუალება მისცა, განევითარებინათ საირიგაციო სისტემა, გეომეტრია, შეექმნათ კალენდარი და დაემზადებინათ ქაღალდის უძველესი სხეობა - პაპირუსი.

ნილოსი განსაზღვრავს მოსახლეობის განლაგებასაც, მოსახლეობის 90% ცხოვრობს ნილოსის ნაყოფიერ ხეობასა და ფაიუმის ოაზისში, რომელიც ქვეყნის მთელი ტერიტორიის 4%-ს შეადგენს, შესაბამისად, საშუალო სიმჭიდროვეა 84 ადამიანი 1კვ.კმ-ზე. ძირითადი პეიზაჟი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ ხარობს, გარდა რამდენიმე შემონახული ოაზისისა, ხალხი ძირითადად ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლსა და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.

ეგვიპტე არის ქვეყანა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის წარსული და აწმყო, სადაც რიგით ადამიანს შეუძლია ცივილიზაციის განვითარების ყველა ეპოქაში იმოგზაუროს, სადაც კაცობრიობის უმაღლეს მიღწევებთან ერთად გვხვდება მსოფლიოს უძველესი საოცრებები. ეგვიპტე ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა დიდი ისტორიითა და საოცარი ადგილმდებარეობით, სწორედ ამითაა განპირობებული ეკონომიკის და, კერძოდ, მისი უმთავრესი სფეროს- ტურიზმის განვითარება.


ქვიშის პლაჟები, წითელი ზღვს წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყარო, გიზის დიდებული პირამიდები, ნილოსის წმინდა მდინარე, ლუქსორის აკლდამა და უძველესი ცივილიზაციის სხვა ძეგლები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ ტურისტებზე და ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენენ.

ეგვიპტის ხელოვნების განვითარების ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დინასტიამდელ პერიოდს, როდესაც წარმოიშვა დამწერლობა. თავდაპირველად პიქტოგრაფიული, ანუ ხატოვანი დამწერლობის სახით, შემდეგ ბგერითი (ხმოვანი) დამწერლობა, საბოლოოდ კი, ხატოვანი და ბგერითი დამწერლობის შერევის შედეგად, წარმოიშვა ეგვიპტური დამწერლობა და დღემდე წარმოდგენილია შუაეგვიპტური, ახალეგვიპტური, დემოტიური და კოპტური დამწერლობის ფორმებით. აღსანიშნავია, რომ დამწერლობის ცოდნა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო, იგი მხოლოდ წარჩინებულთა ნაწილმა და ქურუმებმა იცოდნენ.

ეგვიპტე არ იყო ჩაკეტილი სახელმწიფო, მისი კულტურა წარმატებით ითვისებდა წინააზიურ კულტურას. იზრდებოდა სავაჭრო კავშირები ბაბილონთან, ასურეთთან, ფინიკიასთან, აგრეთვე ხეთებთან და ებრაელებთან. განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები დამყარდა ეგეოსის ზღვის სანაპიროს მცხოვრებლებთან.

აღსანიშნავია, რომ რელიგია დიდი გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე, ქვეყნის კანონები დაფუძნებულია მუსლიმური რწმენის ნორმებზე, თუმცა რამდენადმე შემსუბუქებული ფორმით. ეგვიპტურ საზოგადოებაში გენდერის როლს განაპირობებს რელიგიისა და კულტურის ნორმების არსებობა, მოსახლეობის 90% მუსლიმია, 10%-ს კოპტები წარმოადგენენ, შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების წესს ყურანი განაპირობებს, თუმცა თანამედროვე ეგვიპტის გენდერული დამოკიდებულება გაწონასწორებულია, რაც საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებს განაპირობებს.

ეგვიპტის სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში უძველესი დროიდან დომინირებდა წარჩინებულთა კლასი. შესაბამისად, ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან დაპირისპირებებს მმართველებსა და მოსახლეობას შორის, ძირითადად განაპირობებდა მკვეთრი ეკონომიკური დაშორება. საბოლოოდ, ამას მოჰყვა I სამოქალაქო გადატრიალება 1952 წელს, თუმცა უახლოეს წარსულში გამალ აბდალ ნასერისა და ჰუსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდი ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს.

ამრიგად, ეგვიპტე უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაა, მიუხედავად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა, იგი არაერთხელ აღმოჩნდა სხვა სახელმწიფოებისა თუ მათი კულტურის ზეგავლენის ქვეშ. მისი როლი მსოფლიო კულტურის ჩამოყალიბებაში შეუფასებელია და იგი ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა როგორც დიდი დამპყრობლებს, ასევე უბრალო ხალხს. ეგვიპტე ყოველთვის საინტერესო იყო და არის თავისი ეკონომიკური, რელიგიური თუ ტურისტული კუთხით.


მარი აბრამიშვილი

0
279
შეფასება არ არის
ავტორი:მ ა რ ი
მ ა რ ი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0