x
მეტი
  • 12.01.2025
  • სტატია:139332
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512679
ქართველი მუსიკოსი გოგონა, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯის ისტორიაში სამ საუკეთესო სტუდენტს შორისაა

imageინა ჭარუაშვილი ქალაქ გორში 1984 წელს მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. პიანისტმა პატარა ასაკიდანვე შეიყვარა მუსიკა და დღემდე მას ემსახურება. დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი, რის შემდეგაც კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა. მისი დამთავრების შემდგომ კი კონკურსზე, მოიპოვა სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული დაფინანსება ლონდონის სამეფო მუსიკის კოლეჯში, სადაც ახლა ახალგაზრდა დოცენტის წოდება აქვს მინიჭებული. იქ მუშაობდა კიდეც. ლონდონში ცხოვრების პერიოდში უამრავ ქვეყანაში ჰქონდა კონცერტი. როგორც ინას დედა, ქალბატონი მარინა გვიყვება არც ერთი კონკურსიდან ინა გამარჯვების გარეშე არ დაბრუნებულა. საქართველოშიც უამრავი სტიპენდიის მფლობელია. მის სახლში უამრავ მასზე დაწერილ რეცენზიებს შეხვდებით. ასევე მედლებს, სერთიფიკატებს, პრიზებს.
მწერალმა ჯემალ ინჯიამ ინა ასე დაახასიათა: “ის არის დიდი ხელოვანი".
იმის გამო, რომ ინა პოლონეთში, სამუსიკო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა ვერ შევძელით მასთან დიდხანს საუბარი. თუმცა მისმა დედამ _ ქალბატონმა მარინამ ყველა საინტერესო დეტალი მოგვითხრო მუსიკოსის ცხოვრების შესახებ.
ინა ჭარუაშვილი: “საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი. ყველას ნერვებს ვუშლიდი. მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. როცა უყურადღებობას ვგრძნობდი, მშობლების მხრიდან აუცილებლად რაღაცას ვამტვრევდი. სიმართლე გითხრათ ეს მომენტი მე არ მახსოვს, მაგრამ დედა მახსენებს ხოლმე და დავუჯეროთ. ყოველთვის მიყვარდა ჩემზე უფროსებთან მეგობრობა, ურთიერთობა. ეს კი იმიტომ, რომ ჩემს ტოლებს ვერასდროს ვუგებდი, თუმცა გამონაკლისები რა თქმა უნდა იყვნენ. დღესაც ბევრი ჩემზე უფროსი მეგობარი მყავს.
ვიტყოდი, რომ ბავშვობა გადასარევი მქონდა. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე ყველაფერი მქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პერიოდში მომიწია ბავშვობის გატარება. მადლობა მათ იმისთვის, რომ ყოველთვის ცდილობდნენ თავი კარგად მეგრძნო.
– მუსიკოსების ოჯახში გაიზარდე. როდიდან დაინტერესდი მუსიკით, რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ ხომ არ შეგაყვარა ხელოვნების ეს სახეობა?
– ალბათ რაც დავიბადე იმ დღიდან მაინტერესებდა მუსიკა. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლები მუსიკოსები მყავს პატარაობიდანვე იყო ზეგავლენა. გადმოცემით ვიცი, რომ ოთხი წლის ასაკში ვაწყობდი მელოდიებს რასაც კი მოვისმენდი. პატარაობიდანვე გადავწყვიტე, რომ მუსიკას გავყოლოდი.
მამა ზაქარია ჭარუაშვილი, მუსიკოსი, პიანისტია. გორის მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორი და ჩემი პირველი მასწავლებელი. დედა _ მარინა ჭარუაშვილი ასევე მუსიკოსი, პედაგოგი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემი რეპეტიტორი იყო. ორივე ძალიან მიწყობდა ხელს, რომ სულ მემეცადინა რათა წარმატებას მიმეღწია. ვიტყოდი, რომ სამაგალითო მშობლები მყავს."
მარინა ჭარუაშვილი, ინას დედა: “მე და ჩემს მეუღლეს ინას გარდა კიდევ ორი ქალიშვილი გვყავს. მათ არ მოისურვეს მუსიკას გაყოლოდნენ. ინა კი მუსიკალურ სასწავლებელში მივიყვანეთ. მეოთხე კლასში იყო, როდესაც სასწავლებელს ესტუმრნენ კონსერვატორიის პროფესორები. მათ კონცერტი და მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინათ სტუდენტებისთვის. დირექტორმა იცოდა, რომ ინა უკრავდა, ამიტომ მთხოვა ამ პროფესორებთან მიმეყვანა და ისინი მოუსმენდნენ. გაკვეთილის შემდეგ, პროფესორმა აღნიშნა, რომ ამ ბავშვს კარგი მონაცემები ჰქონდა. შემოგვთავაზა ნიჭიერთა ათწლედში ესწავლა. მაშინ რთული პერიოდი იყო და მაგის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა. მეექსვსე კლასში როდესაც იყო, ჩატარდა საქართველოს მასშტაბით კონცერტი, სადაც დაუკრა და მაშინ თბილისში მყოფებმა გადავწყიტეთ ინა ნიჭიერთა ათწლედშიც მიგვეყვანა, იქნებ ჩაებარებინა. მართლაც ჩააბარა. მისი პედაგოგი იყო ალექსანდრე გარბერი. ინა 13 წლის ასაკში წავიდა ისრაელში კონკურსზე და იქიდან დაიწყო მისი წამატებები. ათწლედში სწავლის პერიოდში, როდესაც ტარდებოდა კონკურსები ის ყოველთვის იმარჯვებდა. მის შემოქმედებაში ძალიან ბევრი სახელობითი სტიპენდიაა. ძველი და ახალი პრეზიდენტების სახელობისა. მუსიკოსების: ლიზა ლეონსკაიას, ლექსო თორაძის სახელობის. პარალელურად სადაც კი კონკურსი ტარდებოდა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მაქსიმალურად იღებდა მონაწილეობას. ყველა კონკურსიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა. იკავებდა როგორც პირველ, ისე მეორე ადგილებს. ჰქონდა ხოლმე სპეციალური პრიზები, რომლის საშუალებითაც სხვა ქვეყანაში აგზავნიდნენ სხვადასხვა პროფესორებთან მასტერკლასებზე.
– ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ სად განაგრძე სწავლა?
ინა: _ ნიჭიერთა ათ წლედის დამთავრების შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განვაგრძე და ბაკალავრის ხარისხი მივიღე. შემდეგ კი ლონდონში, სამეფო მუსიკის კოლეჯში განვაგრძე სწავლა.
– მოგვიყევით ლონდონში, სამეფო მუსიკის კოლეჯში როგორ მოხდა ჩაბარება?
ქალბატონი მარინა: _ როდესაც კონსერვატორიას ამთავრებდა ინა, თბილისში ჩატარდა კონკურსი, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა. გადასცეს ოქროს მედალი და ფულადი პრიზი. ამ კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო ვინმე დიმიტრი ალექსეევი. კონკურსს 13 ქვეყნიდან ჩამოსული ჟიური აფასებდა. ეს პიროვნება რუსია, თუმცა მუშაობს და მოღვაწეობს ლონდონში. მან და ავსტრიის წარმოამდგენელმა მაიზენბერგმა გამოთქვეს სურვილი ინას წაყვანისა სასწავლებლად. დღეს პოპულარული მუსიკოსი ხატია ბუნიათიშვილი წაიყვანა მაიზენბერგმა ავსტრიაში, ხოლო ინა წავიდა ლონდონში. ეს კოლეჯი ძალია ბევრ ცნობილ მუსიკოსს აქვს დამთავრებული. დიმიტრი ალექსეევმა, რომელმაც წაიყვანა ინა სასწავლებლად ლონდონში, მოუძებნა სპონსორი, რომელიც უფინანსებდა სწავლასა და ცხოვრებას. მინდა გითხრათ, რომ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების ერთად მიღების დაფინანსება არის ძალიან რთული. ჩვენ გვაქვს წიგნი (მაჩვენებს), რომელშიც წერია წლების განმავლობაშა ვის როგორ აფინანსებდნენ. ცხოვრებისა და სწავლის დაფინანსება ინას გარდა მხოლოდ ორ სტუდენტს ჰქონდა.
ინამ მაგისტრატურა და ასპირანტურა დაამთავრა ლონდონში. მისცეს ახალგაზრდა დოცენტის წოდება და კამერულის კათედრაზე დატოვეს, სადაც ორი წელი მუშაობდა. ახლა ვიზის არ ქონის გამო საქართველოში დაბრუნდა.
– ლონდონში ცხოვრების პერიოდში ალბათ ჰქონდა უამრავი კონცერტი და ტურნე სხვა ქვეყნებშიც.

image

– იყო გერმანიაში, ანდორაში, ამერიკაში, იტალიაში, რუსეთში, უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყნებში.
ძალიან სერიოზულ ჩაპელის კონკურსში მიიღო ოქროს მედალი. მეორე წელს იგივე კონკურსში ფინალში დარჩა ინა და ხუთი რუსი ბიჭი. ამბობდა ესენი რას გამახარებენო. თუმცა პირველი ადგილი მას ხვდა წილად.
ინა იყო ერთ-ერთი ლონდონური ფირმის სახე, რომელიც როიალებს ამზადებდა. როდესაც მყიდველი მიდიოდა ძვირადღირებული როიალისა, ინა უკრავდა და მისი ვალი იყო ამ დაკვრით როიალისთვის რეკლამა გაეკეთებინა. როდესაც შეიძენდა როიალს კერძო პირი, ფირმის ხელმძღვანელი ინას საკუთარი სახსრებით კონცერტს უკეთებდა. ასევე შეეძლო რამდენი ხანიც უნდოდა ემეცადინა როიალთან. ეს თასი ამ ფირმისგან აქვს მიღებული (მაჩვენებს). ლონდონში ცხოვრების წლები მისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. იქაურობაზე იმდენად შეყვარებულია, რომ აუცილებლად დაბრუნდება.
– მომიყევით ინას პირადი ცხოვრების შესახებ. როგორც ვიცი გათხოვილია.
– ნამდვილად არ გვინერვიულია ინას გათხოვებისას, რადგან ძალიან ჭკვიანი გოგოა და ვიცოდით კარგ არჩევანს გააკეთებდა. ფაქტიურად ინას ბავშვობა არ ჰქონია. დასვენების დროსაც კი მეცადინეობდა, რადგან სულ ვეძებდით ისეთ ადგილს დასასვენებლად, სადაც ინსტრუმენტი იყო. მისი ტოლები რომ მეცადინეობდნენ ეგ იმ დროს სულ მეცადინებდა.
ინას და მის მეუღლეს ირაკლი ჭუმბურიძეს ერთი პროფესია აქვთ. ერთად სწავლობდნენ მუსიკალურ ათ წლედშიც და კონსერვატორიაშიც. როდესაც ინამ კონსერვატორია დაამთავრა, არ ვიცი რა მოხდა მის ცხოვრებაში. აღმოჩნდა, რომ უყვარდათ ერთმანეთი. ირაკლი მოიყვანა ჩვენთან, გაგვაცნო. ყველაფერი გვითხრა თავიდანვე მშობლებს. როცა გადაწყვიტეს, რომ ირაკლიც წასულიყო სასწავლებლად საზღვარგარეთ, იქორწინეს და წავიდნენ ერთად. ამჟამად ირაკლი გერმანიაში მაგისტრატურაზე სწავლობს, დარჩენილი აქვს ერთი წელი. მანამ, სანამ სწავლა დაიწყება ერთად არიან საქართველოში. შემდეგ ირაკლი გერმანიაში, ხოლო ინა ლონდონში. ერთი წელი ისევ დაშორება უწევთ. შემდეგ კი გადაწყვეტენ სად და რომელ ქვეყანაში იცხოვრებენ.
– ამჟამად თუ აქვს ინას საქართველოში სამსახურის პერსპექტივა, ან რაიმე სტიპენდია.
– ამჟამად საერთოდ არაფერი. არც არანაირი სტიპენდია და არც რაიმე შეთავაზება სამსახურის. ჩამოვიდა ინა ლონდონიდან ახალგაზრდა დოცენტის წოდებით. ეს კი აქ არავის არ აინტერესებს. დღეს კონსერვატორიაში აღარ დარჩა ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსი. ვინც ამთავრებს ყველა საზღვარგარეთ მიდის. აქ ასეთი წესია ღრმა სიბერემდე სამსახურებში უნდა იმუშაონ. არავის უნდა ადგილის დატოვება. წელს ინა რომ ჩამოვიდა ლონდონიდან უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოში დარჩენა, თუმცა სადაც მივიდა კულტურის სამინისტრო იყო თუ სხვა ადგილი არსად არანაირი შეთავაზება არ მიუღია. ამის დიდი სურვილი კი ჰქონდა. მიდიოდა მოლაპარაკებები სამსახურის თაობაზე, თუმცა სამსახური არ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონიდან უამრავი პროექტი ჩამოიტანა. კონსერვატორიაში კიდევ შეიძლება მისცენ სამსახური კონცერტმეისტერად, მაგრამ იქ ხელფასი ალბათ მაქსიმუმ 100 ლარი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე ისევ ამ ეტაპზე ლონდონში დაბრუნებას არჩევს.
– გორში ინას კონცერტი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ, შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
– როდესაც მისმა სპონსორმა ლონდონში გაიგო, რომ ინა საქართველოში ვერ ახდენდა საკუთარი თავის რეალიზებას, მან დაუგეგმა კონცერტები და მათ შორის “ყვავილების ფესტივალზე” მონაწილეობა პოლონეთში. პოლონეთიდან ინას უთხრეს, თუ რა პროგრამა უნდა შეესრულებინა. მან მეცადინება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, ვინაიდან მისთვის ახალი პროგრამა იყო. ინა ყოველი კონცერტის წინ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. თავად გადაწყვიტა, რომ მანამ, სანამ პოლონეთში გაემგზავრებოდა, საქართველოში, გორში დაეკრა. ინას ძალიან უყვარს თავისი ქალაქი. გორში მის კონცერტს ძირითადად ინტელიგენცია ესწრებოდა.
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება?
ქალბატონი მარინა: _ გეგმებზე ჯობს თავად გითხრათ.
ინა: _ რამდენიმე ძალიან სერიოზული შემოთავაზება მაქვს და მომავალში გაირკვევა რომელს ავირჩევ. ეს მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული.

1
120
3-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
120
  
2017, 8 აპრილი, 15:49
გოგოს რა აქვს ამას გარეგნობა ტუ წლოვანება?
0 1 1