საზოგადოება ფრთხილად, გადაცმული საგადასახადო ოფიცრები დადიან! _ პრევენცია თუ საბოტაჟი? 2012, 17 დეკემბერი, 23:21 3 დეკემბრიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლერებლად ე.წ. საკონტროლო შესყიდვები გააქტიურეს, რის შედეგადაც დაიწყო წვრილი და საშუალო ბიზნესის დაჯარიმების ახალი ტალღა. დაჯარიმებულთა დიდი ნაწილი ჯარიმებს აპროტესტებს და გარდა იმისა, რომ 500 ლარს არაადეკვატურად მიიჩნევენ, ამბობენ რომ დაჯარიმების მეთოდები ისევ მანიპულაციურად ხდება, როგორც სააკაშვილის დროს, მეტიც უსამართლობის განცდა გაცილებით დიდია. არის თუ არა დაჯარიმებებით გამოწვეული უსამართლობის გაჩენა ძველი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის მცდელობა, ამ კითხვით “ქართულმა სიტყვამ” შემოსავლების სამსახურს მიმართა .“ჩვენი სტრატეგია არის პირველ რიგში სამართლიანი საგადასახადო პოლიტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ იქნება ხელშეუხებელი პრივილიგებული ობიექტები. საკონტროლო შესყიდვა კი ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია."_ განგვიცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა. ხატია მოისწრაფიშვილი: – მოდით ჯერ ვთქვათ რა არის საკონტროლო შესყიდვა, ეს არის კანონით დადგენილი საგადასახადო მექანიზმი და გამოიყენება ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის გასაკონროლებლად. შესაბამისად, ჯარიმა არ იქნება გამოწერილი თუ ეს წესები დაცული იქნება გადასახადის გადამხდელის მხრიდან. შემოსავლების სამსახური თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ გამორიცხოს ნებიმიერი უკანონო ქმედება გადამხდელის მიმართ, რომელიც შეიძლება გამოიჩინოს დაჯარიმების დროს ჩინოვნიკმა. თავს ვერავიზე ვერ დადებ, შესაძლებელია მართლაც იყოს ვინმე გარეწარი, მენტალურად გაფუჭებული თანამშრომელი და დაუმსახურებლად დააჯარიმოს მომხმარებელი, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ დღეებში ვინც ხმაური ატეხა დაგვაჯარიმესო, უმეტესწილად აღმოჩნდა, რომ ათას მიზეზებს იგონებდნენ გადამხდელები, ზოგს თურმე ეძინებოდა და დაავიწყდა ჩეკის ამორტყმა, ზოგსაც რა და ზოგსაც რა. რეალურად კი ბოლო პერიოდში ჩეკების ამორტყმის რიცხი მკვეთრად შემცირდა, რადგან მცირე ბიზნესთან მიმართებაში წინასაარჩევნოდ რამდენიმე თვე საკონტროლო შესყიდვები პრაქტიკულად შეჩერებული იყო. ამას ჰქონდა სუბიექტური მიზეზები, პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტიურად წინასაარჩევნოდ არ გამოწერილა ჯარიმები. ამას მოჰყვა მეორე პრობლემა, არჩევენების შემდეგ გაჩნდნენ გადამხდელები, რომელთაც გამოთქვეს პრეტენზია, რომ “მე მივეცი ხმა “ოცნებას” და რატომ უნდა გადავიხადო გადასახადიო”. თითქოს ეს ათავისუფლებდეს მეწარმეს გადასახადისს გადახდისას. მესმის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დღეს საქართველოში უჭირს. ყველანაირად გვინდა ხელი შეუწყოთ ამ ადამიანებს ბიზნესის განვითარებაში, საკონტროლო შესყიდვებსაც აქვს პრევენციული ხასიათი და არა სადამსჯელო. მითუმეტეს დავაანონსეთ, რომ იწყებოდა შემოწმება და შევიდნონდნენ ჩვეულებრივ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული საგდასახადო ოფიცრები, ამიტომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ. – ხატია, ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გვაქვს მწარე გამოცდილება, რომ ხშირ შემთხვევაში ჯარიმები წესების დარღვევით იწერებოდა, როგორც ვიცი საგადასახადო ოფიცერს თითეულ დაჯარიმებულზე პროცენტი, ანუ სარგებელი ეკუთვნის. გამორიცხულია, რომ საგადასახადო ოფიცრებმა, მითუმეტეს თუკი ისინი "ნაციონალთა" ახლობლები არიან, არჩევნებამდელი პრაქტიკა ახლაც გააგრძელონ? – ადრე შემოსავლების სამსახურს ჰყავდა კონტრაქტორები, ისინი არ იყვნენ ჩვენი თანამშრომლები, ისინი იყვნენ ცალკე დაქირავებული ადამიანები, რომლებიც რაც მეტ ჯარიმას "მოიტანდნენ" მით მეტი იყო ანაზღაურება, ახლა ეს წესი შეიცვალა. საკონტროლო შესყიდვებს განახორციელებენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მათ ექნებათ მოჭრილი ხელფასი, შესაბამისად, ჯარიმების მიმართ გამორიცხულია ქონდეთ პირადი ინტერესი. სამომავლოდ ყველა საკონტროლო შესყიდვა განხორციელდება ვიდეოკონტროლის ქვეშ, რაც მომხმარებლისთვისაც უკეთესია, რადგან პრეტენზიის შემთხვევაში დავის გადაწყვეტა მარტივი იქნება. სხვათაშორის ბევრი იმასაც ჩივის რატომ არიან გადაცმულიო, თუ საგადასახადო ოფიცერი ფორმაში მივა მაშინ ხო თავისთავად ამოურტყამენ ქვითარს, ფსევდოშემსყიდველის მიზანშეწონილობა გამყარებულია კანონით. უნდა აღინიშნოს რომ, მთელი საქართველოს მასშტაბით საკონტროლო შესყიდვების დაწყებიდან სამ დღეში გვქონდა ასეთი სტატისტიკა, 3000 გადამხდელი შემოწმდა და დაჯარიმდა მხოლოდ 68. ეს არც ისე დიდი ციფრია. – მცირე მეწარმეები ჩივიან ჯარიმის სიდიდეზე, ამ მხრივ არ იგეგმება ცვლილები? – 500 არის ნამდვილად ძალიან ძვირი, ეს ის ჯარიმაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ კანონმდებლობით განსაზღვრა. დიდი იმედი მაქვს მალე მოხდება ამ ჯარიმების ოპტიმიზაცია. – ანუ შესაძლებელია შემცირდეს ჯარიმის ოდენობა? – ეს უკვე კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს. – ხატია, ვინც თვლის, რომ არაკანონიერად დააჯარიმეს რა უნდა მოიმოქმედოს? – ამ მხრივაც გავამარტივეთ პროცედურები და შევამცირეთ ვადები. გადამხდელმა უნდა დაწეროს განცხადება და შემოსავლების სამსახურში დატოვოს. მაქსიმალურად მალე მოხდება დავების დეპარტამენტში საკითხის განხილვა. თუ დაჯარიმების შემთხვევა პირველია, 500 ლარი შეიცვლება 200 ლარით, ხოლო თუ დაჯარიმება დარღვევით მოხდა საერთოდ მოეხსნება გადამხდელს ჯარიმა. ისე, ყველა თვლის, რომ უკანონოდ დააჯარიმეს და პროტესტს გამოთქვამენ. პრობლემა ისაა, რომ რეალური შემოსავლის ჩვენება არ უნდათ. – ხატია, ამბობთ დაჯარიმება არაა ჩვენს ინტერესშიო, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს ერთ-ერთი ინდ-მეწარმე, რომელმაც ჩვენ მოგვმართა, წარმოადგინა ჩეკი რომელიც საკონტროლო შესყიდვისას ამოარტყა, თუმცა სალარო აპარატის გამოყვენებისას მექანიკური შეცდომა იქნა დაშვებული და ნახევარი ჩეკი ამოვიდა, ხელმეორედ სრულყოფილი ოპერაციის ჩატარება კი არ აცალა ოფიცერმა, საკასო აპარატზე ხელი დაუფარა, შემოატრიალა და ჩეკი თავად ამოარტყა, რის შემდეგაც დააჯარიმა ხუთასი ლარით... იმ შემთხვევაში კი, თუ ჯარიმის ოქმზე ხელს არ მოუწერდა პატრულის გამოძახებით დაემუქრა... – ეს უკვე მონიტორინგის დეპარტამენტამა უნდა გაარკვიოს, მოდით ამ ინდ –მეწარმესთან ერთად გაგგზავნით მათთან და ადგილზე გაარკვიეთ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს შემთხვევა. ...ხატიას ვემშვიდობები და ალექსიძის ქუჩაზე მდებარე შემოსავლების სამსახურის მონიტირინგის დეპარტამენტში არასამართლიანად დაჯარიმებულ მომხმარებელთან ერთად მივდივარ. შემთხვევას მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ტაბაღუა და ერთ—ერთი თანამშრომელი განიხილავს. მისვლისთანავე დიქტაფონს მართმევენ და მიხსნიან, რომ მათთან ოფიციალურ ინტერვიუს დამატებით პროცედურები სჭირდება. პრინციპში, ინტერვიუზე მნიშვნელოვანი კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებაა და ამიტომ პროცესის დაკვირვებით ვკმაყოფილდები. ირაკლი ტაბაღუა პრეტენზიის გაცნობის შემდეგ, ამბობს რომ კონკრეტული შემთხვევა განსხვავებულია, ამორტყმული იყო შეცდომით ჩეკი, მაგრამ ვინაიდან მეორადების მაღაზიაა მომჩივანი და ასეთი ობიექტები მაღალ რისკების შემცველია, ვარაუდობს რომ ჩეკის განმეორებით ამოერტყმის ალბათობა მცირე იყო. ჩემ შეკითხვას, რატომ არ დააცადა ოფიცერმა განმეორებით ამორტყმა, როცა დაინახა რელურად ოპერაცია უკვე შესრულებული ჰქონდა გადამხდელს და არ აპირებდა შემოსავლის დამალვას და ეს ხომ არაა ერთგვარი საბოტაჟი, რათა მოსახლეობას გაუჩნდეს ახალი ხელისუფლების მიმართ უსამართლობის განცდა ტაბაღუას გაღიზიანება მოჰყვა. თანამშრომელი კონკრეტული ინდ. მეწარმის საგადასახადო ისტორიის მოსატანად გაგზავნა. ინდ მეწარმეს 2010 წელში ჯარიმა აღმოაჩნდა, რომელიც როგორც გავარკვიე, გასასინჯად წაღებული სამოსის გამო გამოუწერა ოფიცერმა. ტაბაღუა მიხსნის, თუ აღმოჩნდება, რომ გადამხდელი ადრეც არის დაჯარიმებული დარღვევების გამო, შანსი იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავა მის სასარგებლოდ დასრულდეს მცირეა, რაზეც აღშფოთებული ვპასუხობ: “კი მაგრამ ბატონო, ირაკლი ეს იმას გავს ადამიანი ნასამართლევი, რომ იყოს და მეორედ დანაშაული დააბრალონ, ეს ჩამდენი იქნებაო, მე მოგმართეთ კონკრეტულ ფაქტზე და ველი რეაგირებას ... – ხომ შეიტანეთ უკვე განაცხადი შემოსავლების სამსახურში? დავის საბოლოო გადაწყვეტა იქ მოხდება, ჩვენგან გამოითხოვენ ინფორმაციას და ჩვენი დასკვნის საფუძვლზე იქნება დამოკიდებული კონკრეტული შემთხვევის სამართლიანი განჩინება. ისე ვიზეც ამბობთ, რომ უსამართლოდ დააჯარიმაო, ძალიან კარგი ბიჭია, მესამე წელია ჩვენთან მუშაობს და მსგავსი პრეტენზია არ ქონიათ. – ბატონო ირაკლი, ადრე გასაჩივრებას აზრიც არ ქონდა და სწორედ იმიტომ მოგვმართა გადამხდელმა, რომ არ უნდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ჰქონდეს უსამართლობის განცდა... – კი ბატონო, მესმის. ამიტომ გპირდებით აუცილებლად სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. ახლა რომ ოფიცერი აქ მოვიყვანო ერთმანეთს დაჭამენ. 50/ 50-ზეა ჯარიმის გაუქმების შანსი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება მართლაც არსებობს, რომ უსმართლოდ არავინ თვლიდეს თავს დაჯარიმებულად, კარგია რომ მომავალში ფარული კამერა დააფიქსირებს საკონტროლო შესყიდვას. მანამდე კი როგორც ხედავთ კონკრეტული დავის გადაწყვეტა კვლავ ძველი თანამშრომლების ხელშია. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შემოსავლების სამსახურის თანამსრომლები "რაღაცეებს" მიზანმიმართულად "აფუჭებენ". რასაკვირველია, ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერ ამის უკან "ნაცმოძრაობა" დგას, მაგრამ ბუნებრივია ვერსია, რომ "ნაციონალები" სხვადასხვა უწყებაში დასაქმაბული თავიანთი ხალხის გამოყენებით სიტუაციის არევას და მცირე და საშუალო მეწარმეების უკმაყოფილების გამოწვევას ცდილობენ. ასეა თუ ისე, ფრთხილად, ბატონებო, გადაცმული საგადასახადო ოფიცრები დადიან! მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა" 293 7-ს მოსწონს
|