ელისო კილაძის სკანდალური პოლიტმონოლოგი _ უცნობი დეტალები ყოფილ და ახლანდელი მაღალჩინოსნებზე!
................................
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მამხილებელი მასალების, ასე ვთქვათ, ბუმია. არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი საქართველოს” თავმჯდომარე, ჟურნალისტი ელისო კილაძე “ქართული სიტყვის” პოლიტიკურ მონოლოგში სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და, ასევე, “ნაცჩინოვნიკთა” დანაშაულების უცნობ დეტალებს ახმოვანებს:
-”ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად დაიწყო - ყველა დანაშაული, რომელიც წლების განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული, ახლა ჩამოიღეს, რადგან გამოძიების პოლიტიკური ნება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის “საპატრულოს” ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე დააკავეს, რომლის მამაც, გუგული მიქაძე იმერეთის მხარეში პროკურორი იყო და სამართლიანობითა და ჰუმანურობით გამოირჩეოდა. ასევე, “ქილერას” სახელით ცნობილი ჯალათის, ალექსანდრე მუხაძის ბაბუა, აკადემიკოსი მუხაძე გამოირჩეოდა წესიერებით, ანუ ეს ადამიანები, ახალაიებისგან განსხვავებით, რომელთა მამაც სადისტი და ბევრი უკანონობის შემოქმედია, ნორმალურ გარემოსა და ნორმალური ადამიანების გარემოცვაში, კანონმორჩილებით გაიზარდნენ და სრულიად აუხსნელია, როგორ ჩამოყალიბდნენ მანიაკებად და, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მკვლელებად.
...ზესტაფონის მოქმედი გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, რის გარშემოც დიდი აურზაური ატყდა, ბევრი რამ საზოგადოებას ბუნდოვნად მოეჩვენა. თავის დროზეც ვიცოდი იმ ინციდენტის შესახებ, რომლის გამოც კახა გეწაძე დააკავეს. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირების მხოლოდ ერთი მხარე იყო გეწაძე, მაგრამ არავინ საუბრობს ინციდენტის მთავარ მონაწილეზე, იმერეთის გუბერნატორ მაქაცარიაზე. თავის დროზე იმერეთის გუბერნატორად ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელისა და მისი მეგობარი “ზონდერის”, მაქაცარიას დანიშვნას მოჰყვა დაპირისპირება “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატებსა და გუბერნატორს შორის. მაქაცარია ითხოვდა მაჟორიტარების უფლებების შეზღუდვას იმერეთში, რაც ქუთაისში მოახერხა კიდეც. მან მსგავსი მოქმედება, ასევე, ზესტაფონშიც დაიწყო, რასაც მოჰყვა კახა გეწაძის ადეკვატური რეაქცია. მაქაცარიას ჩარევით, ზესტაფონში გაათავისუფლეს გამგებელი, მოადგილეების დონეზეც კი, ჩაერია იმერეთის გუბერნატორი ზესტაფონის რაიონის საქმეებში.
რაც შეეხება კონკრეტულად “შორაპნის ინციდენტს”, რატომღაც ყველა ნახევარ სიმართლეს ამბობს. ბანკეტზე, სადაც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გამარჯვებას აღნიშნავდნენ, დაპირისპირება დაიწყო სწორედ მაქაცარიასა და მასპინძელს შორის. როგორც შემსწრეები ჰყვებიან, მასპინძელმა დალოცა გუბერნატორი, როგორც “ჩამოსული” კაცი იმერეთის მხარეში, რასაც მოჰყვა მაქაცარიას აფეთქება. სხვათა შორის, იმერეთის გუბერნატორის მხრიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა - ის ხშირად ჩხუბობდა, როგორც რესტორნებში, ასევე, _ სხვადასხვა ადგილას და ხშირად, ინციდენტის შემდეგ, “ზონდერებს” იძახებდა მოწინაღმდეგეების დასასჯელად.
მაქაცარიასა და მასპინძელს შორის შორაპანში დაწყებულ დაპირისპირებაში ჩაერია კახა გეწაძე, მაქაცარიას, თავის მხრივ, გამოესარჩლა მისი ყოფილი მოადგილე, ასევე, ბაჩო ახალაიასთან დაახლოებული პირი გრიგოლ შუშანია (ეს ის შუშანიაა, რომელიც “ინფო 9”-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის, ანუ “ალისტრახოების” მთავარი სულისჩამდგმელი და იდეოლოგი გახლდათ.) გეწაძეს სწორედ შუშანიასთან მოუვიდა დაპირისპირება. საქმე თავის დროზე აღძრული იყო ინციდენტზე, მაგრამ აქამდე თაროზე იდო, მაქაცარია დღეს არსად ფიგურირებს, არადა, მინიმუმ, დაკითხვაზე მაინც უნდა დაიბარონ. როგორც ვიცი, შუშანიას ეძებენ და მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია.
რაც შეეხება გეწაძეს, ის იყო ერთ-ერთი გავლენიანი “ნაციონალი”, რომელიც წარმოადგენდა მიხეილ მაჭავარიანის, დავით კირკიტაძის და სხვა დანარჩენების ფრთას. გეწაძე მიჩვეული იყო თავნებობას და მაქაცარიასთან ვერშეთანხმებაც სწორედ გავლენის სფეროებისთვის “ნაციონალთა” ორი ფრთის დაპირისპირების შედეგია”.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კიდევ ერთს უმატებს და დეტალურად ჰყვება შსს-დან საკუთარი მეუღლის გათავისუფლების ისტორიას:
- “ვანო მერაბიშვილს სისტემის ხერხემლად და პოლიციის რეფორმის “მამად” ვიცნობდით, შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მიხეილ სააკაშვილმა კი, სომხეთში ვიზიტისას უპრეცედენტო რამ განაცხადა, თურმე, მერაბიშვილი მაგარი პოლიტიკოსიცაა. ეს ჩემში იწვევს მხოლოდ ირონიას. მიხეილ სააკაშვილს საყრდენად მხოლოდ მერაბიშვილი დარჩა, მაგრამ ხერხემლის ფუნქციას ნამდვილად ვეღარ შეასრულებს, რადგან უკვე წელში გატეხილია. სხვაგვარად როგორ შეიძლება ახსნა, რომ პრაქტიკულად, მაღალჩინოსანი ხულიგნობს, როცა მაისურაძის გვარით კვეთს საზღვარს. პროვოცირებას უკეთებს ახალ ხელისუფლებას, რათა მისმა პარტიამ საერთაშორისო სკანდალი ატეხოს. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ყველაფერი, ქართულ საზოგადოებას წინ საბოლოო ბრძოლა ელოდება, რადგან ძველი რეჟიმის ნარჩენები კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაშია. სხვათა შორის, ღარიბაშვილის სამინისტროში ძალიან სერიოზული _ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი უკავია ირაკლი ჩიმაკაძეს, ადამიანს, რომელიც გახლდათ მერაბიშვილის მარჯვენა ხელი. როცა ის ქუთაისის სამმართველოს უფროსი იყო და მთელ იმერეთს კურირებდა, ასრულებდა უკანონო დავალებებს. ჩიმაკაძე სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა ქუთაისში, როდესაც ვარციხეში ჩატარდა სპეცოპერაცია და სამი ახალგაზრდა, რომელთაც კავშირი არ ჰქონიათ კრიმინალთან და არც შეიარაღებულნი იყვნენ, ვარციხის შესასვლელთან ჩაცხრილეს. მათ შორის ერთ-ერთს 51 ნატყვიარი ჰქონდა სხეულზე. ეს სამი ახალგაზრდა საქეიფოდ მიდიოდა, ტაქსის მძღოლმა თავდაპირველად მისცა ჩვენება, რომ მათ იარაღი არ ჰქონდათ, ამის შემდეგ მასზე მოხდა საშინელი ზეწოლა და ტაქსისტი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო.
ბატონი ღარიბაშვილი ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს საკადრო გადაწყვეტილებებს, რადგან “ნაციონალური” მოძრაობა სწორედ ასეთ კადრებზე დაყრდნობით შეეცდება, გაზაფხულზე ვითარება დაძაბოს. ასევე, შესაძლოა, დაიძაბოს სასჯელაღსრულებაშიც ვითარება, რადგან იქაც ძალიან ბევრი ძველი კადრია შემორჩენილი.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, თავის დროზე ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებული იყო. სამსახურიდან მისი გათავისუფლება უკავშირდება ვიდეოკასეტას, რომელიც მქონდა. ამ ვიდეოფირზე ასახული იყო “კანონიერი ქურდებისა” და ადგილობრივი მაღალჩინოსნების ერთობლივი ქეიფი რესტორან “ტირიფებში”, ასევე, ცნობილი “კანონიერი ქურდის” შვილის ნათლობა პარიზში. ამ კასეტის არსებობა ცნობილი გახდა “რუსთავი 2”-სთვის და როცა მასალის გადაცემაზე ჩემგან უარი მიიღო, ძალიან ცუდი გზით შეეცადა მის მოპოვებას. მაშინ ჩემი შვილი 14 წლის იყო და ბავშვს სთავაზობდნენ 5 ათას დოლარს ფირების გადაწერის სანაცვლოდ. როცა ვერ მიიღეს კასეტა, ქუთაისში ჩამოვიდა ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ახლა ობიექტურობაზე დებს თავს და მოამზადა ძალიან უპასუხისმგებლო სიუჟეტი. ამას მოჰყვა შუაღამისას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჩამოსვლა ქუთაისში და ჩემი ოჯახის წევრების დაკითხვა. ამის შემდეგ კი, დაიწყო კასეტაზე ნამდვილი ნადირობა, მერაბიშვილმა დაურეკა სწორედ ზემოხსნებულ ჩიმაკაძეს და მოსთხოვა, კასეტა “დაიდოს” შსს-შიო. ჩემი მეუღლე იმჟამად ქუთაისის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი და, სხვათა შორის, ძალიან გახმაურებული და ცნობილი სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ავტოქარხნის მაშინდელი დირექტორის, ამირან ნაცვლიშვილის გამტაცებელთა ჯგუფის დაკავებით დამთავრდა. ამ ოპერაციისთვის ჩემმა მეუღლემ სახელმწიფო ჯილდო და ფულადი პრემიაც მიიღო. მოკლედ, ჩიმაკაძის მოთხოვნის მიუხედავად, არ გადავეცი კასეტა ძალოვან უწყებას. ამის შემდეგ პირადად ვანო მერაბიშვილი დაუკავშირდა ჩემს მეუღლეს და მოსთხოვა, რომ ეს კასეტა უნდა მიმეტანა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც ჩემმა ქმარმა მიუგო, რომ ჩემს საქმიანობაში არ ერეოდა. ეს იყო ჩემი ექსკლუზივი და რატომ უნდა მიმეცა შსს-თვის? უამრავი ოპერატიული ჯგუფი ჰყავდა სამინისტროს და მას უნდა სცოდნოდა, ვინ ვისთან იყო კავშირში. “ქურდების სუფრის” ერთ-ერთი მონაწილე ჩინოვნიკი სრულიად სხვა ბრალდებით მალე დააკავეს და მხოლოდ ამიტომ არ ვასახელებ მის ვინაობას. ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ ჩემი მეუღლე სამსახურიდან გამოუშვეს. ახლა, მერაბიშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში რომ გამოდის, ცრემლებს ჰღვრის და სთხოვს ირაკლი ღარიბაშვილს, ნუ გაათავისუფლებ და ნუ დატოვებ ოჯახებს ულუკმაპუროდო, ძალიან სასაცილოა, რადგან თავად უამრავი ადამიანი ჰყავს დატოვებული მშიერი.
რაც შეეხება კადრებს, ისინი დღემდე ჩემთან ინახება და აღარსად გამომიქვეყნებია და რომ არა ეს ისტერია, აუცილებლად გავასაჯაროებდი”.
ორგანიზაცია “ჩემი საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებასაც ეხმიანება და გამოძიებას სხვადასხვა ფაქტის ძირეული გამოკვლევისკენ მოუწოდებს.
- “ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედია, მისი დანერგილია ტელე-დაპატიმრებები, რასაც შემდეგ, წლების განმავლობაში ვხედავდით. ასევე, ბუტა რობაქიძე იყო ამ რეჟიმის პირველი გახმაურებული მსხვერპლი და მისი მკვლელობის დროს შს მინისტრი გახლდათ ოქრუაშვილი. იცოდა თუ არა მინისტრმა ამის თაობაზე? მონაწილეობდა თუ არა მტკიცებულებების ფაბრიკაციაში? - რა თქმა უნდა, ეს არის ძიების საგანი. ასევე, ოქრუაშვილის შესახებ მქონდა ინფორმაცია და დავწერე კიდეც, რომ ის აქტიურად იყო ჩართული იარაღის ბიზნესში, პრეზიდენტის ნათესავებთან ერთად, არსებობდა უკრაინული ორგანიზაცია “უკსპეცექსპორტი”, რომლის წარმომადგენელი ქალბატონიც ძალიან ხშირად იმყოფებოდა საქართველოში, იმდენად კარგად იყო სამხედრო მაღალჩინოსნებთან, რომ ხშირად ეპატიჟებოდნენ ოფიციალურ ბანკეტებზე.
ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოდან წასვლის წინ, ანუ სანამ ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინებოდა, ოქრუაშვილმა 31-ე ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა თვითმფრინავი, რომელშიც თანხა და სხვა ძვირფასეულობა იყო. რა თქმა უნდა, ესეც გამოსაძიებელია.
სხვათა შორის, ძალიან მკვეთრად კრიტიკული ვიყავი მის აღიარებით ჩვენებასთან მიმართებაში, მაგრამ როცა ციხის კადრები ვნახე, რამაც დაგვიდასტურა, რომ იმ ჯურღმულებში არავინ არაფრისგან იყო დაზღვეული და გარანტირებული, ოქრუაშვილის მისამართით, აღიარებით ნაწილში, შეხედულებები შემეცვალა.
რატომ დაბრუნდა საქართველოში ოქრუაშვილი? - ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს, არის ვერსიები, მაგრამ დრო გვიჩვენებს, მიიღო თუ არა გარანტიები ახალი ხელისუფლებისგან. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ერთგვარი გამოწვევა ოქრუაშვილისგან ახალი ხელისუფლებისთვის... არასაპარლამენტო ძალებიდან იმდენად, რამდენადაც თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი ლევან გაჩეჩილაძე თავის ძმასთან ერთად, შესაძლოა, “გრეჩიხები” ისევ ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტნიორები გახდნენ”.
მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა"
http://www.for.ge